შინაარსზე გადასვლა

რომან გოცირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან გოცირიძე
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი, 1955 (1955-12-16) (69 წლის)
დაბ. ადგილი გალი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა სსრკ და საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რომან გოცირიძე (დ. 16 დეკემბერი, 1955, გალი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკოსი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე. საქართველოს III, VI და IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაიბადა 1955 წელს ქ. გალში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტი იყო. 1990 წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თამჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანათავმჯდომარე იყო. იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, დიდუბის №5 საარჩევნო ოლქიდან, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1992 წელს დაიკავა საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტი; 1992 წლის 4 ნოემბრიდან 1992 წლის 3 დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. 1993-1995 წლებში საქმიანობა განაგრძო პედაგოგიკის სფეროში. 1998 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე. 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005–2007 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2007–2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წელს გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.[1]

  • შიდა კონფლიქტების ეკონომიკური და სოციალური შედეგები საქართველოში = Economic and Social Consequences of Internal Conflicts in Georgia (ავტორი). - თბილისი, ეტრატი, 2003. - 42გვ.
  • გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მუქარა (თანაავტორი). - თბილისი, ელფი, 2001. - 85გვ.. - ISBN 99928-61-13-4
  • ეკონომიკა. პოლიტიკა. ცხოვრება (ავტორი). - თბილისი, ფავორიტი, 1999. - 474გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]