1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში“. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი“ (1970), „დიდი ნათელი“ (1980), „ერთტომეული“ (1981), „რჩეული პოემები“ (1983), „მე და შენ“ (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!“ (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-1963 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-1967 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-1977 წლებში – ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი, 1977-1987 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას“ მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის“ პრეზიდენტი.