შინაარსზე გადასვლა

ავთანდილ პოპიაშვილი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავთანდილ პოპიაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ავთანდილ პოპიაშვილი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1944
დაბადების ადგილი გამარჯვება[1]
გარდაცვალების თარიღი 15 თებერვალი, 1998 (53 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ავთანდილ პოპიაშვილი (დ. 5 მარტი, 1944, სოფ. გამარჯვება, დედოფლისწყაროს რაიონი — გ. 15 თებერვალი, 1998) — ქართველი ფილოსოფოსი, ფილოლოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, პარლამენტარი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი) ხელის მომწერი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970-1977 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977 წლიდან კი შეთავსებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1991 წლის დამოუკიდებლობის აქტი, სადაც დაფიქსირებულია ა. პოპიაშვილის ხელმოწერა

ავთანდილ პოპიაშვილი დაიბადა 1944 წლის 5 მარტს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში. მისი სტუდენტობა და სამეცნიერო მუშაობის ადრეული წლები მიმდინარეობდა საბჭოთა ეპოქის კლასიკურ ხანაში, უსამართლობის, დიქტატურული რეჟიმის, კორუფციის, შეზღუდული ნაციონალური და პიროვნული უფლებების, მრავალმხრივი მეთვალყურეობის, დასმენისა და დასჯის ეპოქაში, რაც მის მძაფრ პროტესტს იწვევდა და თანამოაზრეებთან ერთად ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გავრცელებას. XX საუკუნის 60-70-იან წლებში იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ორგანიზაციის „სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კავშირი“ წევრი (1962-1978 წწ.). ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამ მიზნით ორგანიზაციამ 1963 წლის 6 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეს, მოაწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია და რუსთაველის თეატრში მიმდინარე სპექტაკლისას გაავრცელა პროკლამაციები, რომლლის მიზანი იყო საზოგადოების გამოფხიზლება. პროკლამაციებზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „გაიღვიძე!!!“ მიუხედავად აქციის მასშტაბურობისა და უპრეცედენტო ხასიათისა, საბჭოთა უშიშროების სპესამსახურებმა სიატაკქვეშა ორგანიზაციის წევრები ვერ გამოავლინეს.[2]

ავთანდილ პოპიაშვილის სამეცნიერო და ეროვნული საქმიანობა დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს, სადაც მარქსიზმისა და ლენინიზმის ისტორიული და დიალქტიკური მატერიალიზმის სამეცნიერო დისციპლინებად ჩამოყალიბების გვერდით, იმ დროისათვის გამონაკლისის სახით, უახლესი ევროპული ფილოსოფიური მეთოდებისა და თეორიების გამოყენებით, შეზღუდვით, თუმცა მაინც შესაძლებელი იყო ევროპელი ფილოსოფოსების ნააზრევზე მუშაობა. სადაც ასევე, მცირე თანამოაზრეებთან ერთად, საბჭოთა რეჟიმისათვის კონსპირაციულად, შესაძლებელი იყო საქართველოს ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის საკითხებზე მსჯელობა. ა. პოპიაშვილი იყო გერმანული ფილოსოფიის: ფიხტეს, ნიცშესა და კირკეგორის მკვლევარი. ამასთან, იგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გამავრცელებელი.[2]

ავთანდილ პოპიაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. იგი იყო საქართველოს სახალხო ფრონტის თანადამფუძნებელი (1989 წ.), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991).

ავთანდილ პოპიაშვილმა 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

აკადემიკოსი გურამ თევზაძე მის შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ავთანდილ პოპიაშვილის მიერ წამოწყებულ საქმეს ვერავინ ვერასდროს დაასრულებს ისე სრულყოფილად, როგორც ეს მას ჰქონდა ჩაფიქრებული... რასაც ავთანდილ პოპიაშვილი აკეთებდა, ეს იყო ურთულესი და უძველესი პრობლემების ახლებური გაგებისა და განცდების მცდელობა“. გ. თევზაძე, „ადრე გარდაცვლილი.[2]

პროფესორი ნოდარ ნათაძე წერდა:

ვიკიციტატა
„მთავარი ისაა, რომ იგი (ა. პოპიაშვილი) თავს სამყაროზე პასუხისმგებელ სუბიექტად გრძნობდა, ანუ იმ რიგის არსებად, რომელიც შექმნილია სახედ და ხატად ღვთისა, იდეალურ თანამონაწილედ ღვთის უმთავრეს საქმეში - სამყაროს მართვაში. იგი თავისი ამბიციითა და შინაგანი გეგმით (ასეთი ამბიცია და ასეთი გეგმა რჩეულთა პრივილეგია და რჩეულთა ხვედრია) თავს განიცდიდა სამყაროს, ასე ვთქვათ, თანამმართველად სიკეთის მიმართულებით, ადამიანის ღვთისმიერი მოწოდების უმთავრესი პუნქტის შესასრულებლად, მისი გულისა და გონების ეს აქტივობა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, სამყაროს დასახლებულ ნაწილს - კაცობრიობის სამყოფელს - ეკუთვნოდა და ამ უკანასკნელში — მის სამშობლოს, საქართველოს. ამიტომ იყო მამულიშვილი და საქართველოს უმძიმესი ზოგადეროვნული ბრძოლის - რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის — აქტიური და თავგადადებული მონაწილე.[2]

1998 წელს ავთანდილ პოპიაშვილის სახელი მიენიჭა მის მშობლიურ სოფელ გამარჯვების საშუალო სკოლას.[3]

2007 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტმა მას მიუძღვნა კრებული „ავთანდილ პოპიაშვილი, დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული“.

2024 წელს, ავთანდილ პოპიაშვილის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა დოკუმენტური ფილმი „ავთანდილ პოპიაშვილი - 80“.[4]

  • ავთანდილ პოპიაშვილი, ინდივიდის პრობლემა ს. კირკეგორისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიაში თბ., 1988
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ინდივიდის პრობლემა ს. კირკეგორისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიაში თბ., 2008 (მეორე გამოცემა).
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ინდივიდის პრობლემა ს. კირკეგორისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიაში, თბ., 2024, (მესამე გამოცემა)
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ი. გ. ფიხტეს ეთიკური იდეალიზმი თბ., 1976.
  • Попиашвили Автандил Дмитриевич ; ТГУ. Тб., 1989. Попиашвили, Автандил. Проблема индивида в философии С. Кьеркегора и Ф. Ницше / Попиашвили Автандил Дмитриевич ; [Пер. с груз. Гамлет Зукакишвили] ; [Ред. Гамлет Зукакишвили] ; Ин-т философии. Тб. : Универсал, 2008.
  • Попиашвили, А. К ценностному аспекту аристотельских категорий / А. Попиашвили. Труды Тбилисского универститета Т. 292, Философия. Тбилиси, 1989. с. 165-167.
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ზნეობრივი პრინციპის დაფუძნების ცდა ფიხტეს ფილოსოფიაში, წიგნში: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. II ტ. II ნაკვეთი, თბ., 2002, გვ. 448-476
  • ავთანდილ პოპიაშვილი, „შიშის ფენომენი ჰაიდეგერის ფილოსოფიაში. ფილოსოფიის საკითხები, რედ. მ. მახარაძე. ბათუმი, 2015.
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ინდივიდის პრობლემა ა. შოპენჰაუერისა და ს. კირკეგორის ფილოსოფიაში, ავთანდილ პოპიაშვილი: დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული (შემდგენელი და რედაქტორი მიხეილ მახარაძე), ბათუმი, 2007, გვ. 33-53
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ცხოვრება აზრისა დადანიშნულების ძიების გზაზე, წიგნში: ავთანდილ პოპიაშვილი: დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული (შემდგენელი. და რედაქტორი მიხეილ მახარაძე), ბათუმი, 2007, გვ. 54-71.
  • ავთანდილ პოპიაშვილი, ცრუ და ნამდვილი ფილოსოფია, ავთანდილ პოპიაშვილი: დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული (შემდგენელი. და რედაქტორი მიხეილ მახარაძე), ბათუმი, 2007 გვ. 71-73.
  • ავთანდილ პოპიაშვილი, „მგზავრის წერილების“ ერთი ადგილის გაგებისათვის, ჟურნალი ცისკარი, 1987, N10.
  • ქართველი ფილოსოფოსები IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით, ცნობარი, ბათუმი, 2004, გვ. 14

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ავთანდილ პოპიაშვილი, დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, შემდგენელი და რედაქტორი მ. მახარაძე, გამომცემლობა „მარეთი“, ბათუმი, 2007
  3. სსიპ - პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა
  4. ავთანდილ პოპიაშვილი - 80