დაიბადა 1953 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1978-1984 წლებში ეწეოდა სასწავლო, მთარგმნელობით და ლიტერატურულ საქმიანობას: ი.ნიკოლაძის სახ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელი (1978-1979წწ); საქინფორმის (საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“) მთარგმნელი (1979-1982წწ, 1984-1990წწ); საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სამმართველოს მხატვრული თვითშემოქმედების სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი (1982-1984წწ).
1989 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის შექმნაში, მასში განხეთქილების შემდეგ კი დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს, რომელიც გაწევრიანდა ბლოკში მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო. საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ — თავმჯდომარის მოადგილე, 1991 წლის 18 აპრილიდან — საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ფორმალურად იკავებდა ამ პოსტს, სანამ უმაღლესი საბჭო არ განიდევნა საქართველოდან სახელმწიფო გადატრიალების დროს, თუმცა 1991 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საქმიანობა კი მოადგილემ, ნემო ბურჭულაძემ გააგრძელა.