ივლიანე ხაინდრავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივლიანე ლევანის ძე ხაინდრავა (დ. 8 აპრილი, 1951, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი. ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი (1990-1992). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი 1992 წლიდან და თავმჯდომარე 1996-2000 წლებში.

დაიბადა 1951 წელს მწერალ ლევან ხაინდრავას ოჯახში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქიმიკოსის სპეციალობით. 1973-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ლაბორანტის თანამდებობიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლამდე; 1987 წელს მიიღო მთარგმნელ-რეფერენტის წოდება თბილისის უცხოენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსებზე. 1996-2009 წლებში იყო პლურალიზმის ცენტრში სამხრეთკავკასიური კვლევების განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის დირექტორი; 2002 წლის აპრილ-აგვისტოში მოწვეული მკვლევარი დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმში, ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის (NED) (ვაშინგტონი, აშშ). 2008-2012 წლებში სამხრეთკავკასიური კვლევების პროგრამის დირექტორი რესპუბლიკურ ინსტიტუტში; 2012 წლის დეკემბრიდან — რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი. 2013 წლიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ხაინდრავას პროფესიულ ინტერესთა ძირითადი სფეროებია: ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტები, არჩევნები, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება. არის რამდენიმე ასეული პუბლიკაციის ავტორი ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე, მომხსენებელი და მოწვეული ექსპერტი.

მისი ძმა არის გოგა ხაინდრავა, აგრეთვე აქტიური პოლიტიკური მოღვაწე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]