კონსტანტინე ფირცხალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ფირცხალავა
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1961 (1961-07-27) (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

კონსტანტინე ფირცხალავა (დ. 27 ივლისი, 1961, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო პირი.

1983 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ციმბირის სამხედრო ოლქის, კრასნოიარსკის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებლად, აფხაზეთის ასსრ ქ. გაგრის პროკურატურის უფროს გამომძიებლად (მონაწილეობდა გდლიან-ივანოვის საგამოძიებო ჯგუფში). 1989-1990 წლებში მუშაობდა ქ. გაგრის პროკურორად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“,იყო იურიდიული, კანონიერების და კანონმდებლობის კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოსთვის უძნელეს დღეებში 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად. კანონიერი ხელისუფლების გაძევებისა და უმაღლესი საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ, იგი როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში. მუშაობდა ქ. სოჭში, ფირმა „ირვილანას“ იურიდიული სამსახურის უფროსად, შემდეგ ფირმა „დოგ-ფარმაციას“ (მოსკოვი) იურისტად. 1997 წლიდან მიღებულ იქნა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად მოსკოვის საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის სამმართველოში. მუშაობდა საგამოძიებო განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1999 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემიის ასპირანტურა და რუსეთის დიპლომატიური აკადემია. 2000 წლის აგვისტოში გადაიყვანეს საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ცენტრალურ ფედერალურ ოლქში. 2003 წლის მარტში დაინიშნა ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ფედერალური სამსახურის საგდასახადო და ეკონომიკური დანაშაულებების დარგში. 2004 წლის ნოემბრიდან მსახურობს შსს ორგანოების ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდეგ პირველ მოადგილედ. 2011 წლის ოქტომბერს დაითხოვეს შსს-ს ორგანოებიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, არის სამეცნიერო შრომების ავტორი. მინიჭებული აქვს „რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტის“ წოდება. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშანით „რუსეთის საგადასახადო პოლიციის საპატიო თანამშრომელი“ და სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით. 2012 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შსს წარმომადგენლად შვეიცარიის კონფედერაციაში. რუსეთის ფედერაციის მილიციის გენერალ-მაიორი (2005); პოლიციის გენერალ-მაიორი (2013).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]