ირაკლი ანდრიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირაკლი ანდრიაძე
დაბადების თარიღი 15 ივნისი, 1930
დაბადების ადგილი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2012
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ირაკლი ანდრიაძე (დ. 15 ივნისი, 1930, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 2012) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ. 1953-1967 წლებში მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაშისაქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მთავარ ინჟინრად. 1967-1968 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე. 1968-1972 წლებში იყო საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ „მშენინდუსტრიის“ მთავარი ინჟინერი. 1972-1974 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა“, შემდეგ — სადოქტორო დისერტაცია. მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა. 1971-1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის. 1974-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად. 1980-1985 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი. 1985-1987 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1991 წლიდან თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი. 1992-2003 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 1992-1996 წლებში იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი. 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის „წმინდა ნინოს“ მონუმენტის აღმართვას. საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს „XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის“ წოდება (2000), მედალი „თბილისის ერთგულება“, საქართველოს პრეზიდენტის სიგელი „ერის გამორჩეული მოღვაწე“ (2002).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]