გიორგი წითლანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი წითლანაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი წითლანაძე
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1935 (1935-04-21) (89 წლის)
დაბადების ადგილი სარო, ასპინძის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

გიორგი წითლანაძე (დ. 21 აპრილი, 1935, სოფელი სარო, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. 1958-1960 წლებში მუშაობდა რუსეთში ქ. ჩელიაბინსკის სამშენებლო ტრესტ „იუჟურალტრანსმშენში“ სამუშაოთა მწარმოებლად. 1960 წელს მუშაობდა ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდგომ გადაყვანილ იქნა ასპინძის რაიონის ადგილობრივი მეურნეობის დარგთაშორის კომბინატში მთავარ ინჟინრად. 1961 წელს დაინიშნა ამავე კომბინატის გენერალურ დირექტორად. 1965 წლიდან იყო ასპინძის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი. 1973-1980 წლებში მუშაობდა ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1983-1990 წლებში მუშობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მმართველის მოადგილედ. 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ასპინძის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი). 1994-1998 წლებში იყო ასპინძის რაიონის გამგებელი. 1999-2001 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საგადასახადო ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2001-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის ტურიზმისა და კურორტების რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. მიღებული აქვს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს „საპატიო სიგელი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]