ანა ნაცვლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცვლიშვილი.
ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 იანვარს, 2018 – 18 დეკემბერი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
წინამორბედიანა დოლიძე
მემკვიდრედიმიტრი გაბუნია

დაბადებული31 დეკემბერი, 1984 (1984-12-31) (34 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი


ანა ნაცვლიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1984) — ქართველი იურისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (2014 - 2017 წლებში), საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი (2018 წლის 9 იანვარიდან 2018 წლის 18 დეკემბრამდე). [1]

2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.[1]

2007-2008 წლებში სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „მე-19 მუხლში“ და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.[1]

2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და საერთაშორისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში.[1]

2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.[1]

2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.[1]

ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017), სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი (2016-2017), ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის კომისიის წევრი (2016).[1]

ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ევროპის საბჭოსთან. [1]

მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და სიგელი. 2017 წელს მიენიჭა საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო - „წლის უფლებადამცველი“.[1]

2018 წლის 9 იანვარს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, საპარლამენტო მდივნად. საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებას ასრულებდა 2018 წლის 18 დეკემბრამდე, როდესაც იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანდმა, დიმიტრი გაბუნიამ შეცვალა.[1]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[1]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი (ბმული გუგლ ქეშიდან)