შინაარსზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს პარლამენტი
მე-10 მოწვევის პარლამენტი
სურათი
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება
2021-დან
თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ქართული ოცნება
2019-დან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება
2024-დან
სტრუქტურა
წევრები 150 არჩეული წევრი
Composition of Georgian Parliament - 31.01.2023.svg
პოლიტიკური ჯგუფები

მთავრობა (84)

ოპოზიცია (55)

არჩევნები
საარჩევნო სისტემა 120 პროპორციული
30 მაჟორიტარული
ბოლო არჩევნები 2020
სხდომების ადგილი
რუსთაველის გამზირი №7
თბილისი
საიტი
www.parliament.ge

საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.[1]

საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: ქვედა პალატა — რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა — სენატი.[2]

პარლამენტის არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.[3] საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავდაპირველად პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო, 2009 წლის ცვლილებების შემდეგ (24.09.2009 N1674), კონსტიტუციის მიხედვით, ადგილსამყოფელად ქალაქი თბილისი და ქალაქი ქუთაისი განისაზღვრა, თუმცა პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი (14.07.2011 N4985), რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქალაქ ქუთაისში იყო და აქვე იმუშავა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმაც. 2017 წლიდან მისი ადგილსამყოფელი კვლავ საქართველოს დედაქალაქში — თბილისია.

ამჟამად მოქმედებს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელიც 2020–2024 წლებში იმუშავებს.

პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს დამფუძნებელი კრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა 19181919 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს სახით. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც იყო პირველი საყოველთაო წესით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო დამოუკიდებელ საქართველოში. დამფუძნებელი კრების ფუნქცია იყო რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და პარლამენტის მოწვევამდე მისი მაგივრობის გაწევა.

საქართველოს დამფუძნებელ კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა კარლო ჩხეიძე.

დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში, 19191921 წლებში იყვენენ: სოციალ-დემოკრატიული პარტია (109 დეპუტატი); ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (8 დეპუტატი); სოციალ ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (8 დეპუტატი); სოციალ რევოლუციონერები (5 დეპუტატი).

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 19211938 წლებში წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 19381990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო — საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა.

1938 წლის 12 ივნისს საქართველოს სსრ-ში ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები.[4] 8 ივლისს შედგა საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, რომლის თავმჯდომარედ იოსებ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს. 10 ივლისის საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აირჩიეს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ფილიპე მახარაძის თავჯდომარეობით. 11 ივლისის საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სსრ-ის მთავრობა — საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისარიატთა საბჭო, ვალერიან ბაქრაძის თავმჯდომარეობით.[5]

სულ იმუშავა საქართველოს სსრ-ის მოწვევის უმაღლესი საბჭოს 12-მა მოწვევამ: საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭო (19381946); საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭო (19471950); საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭო (19511954); საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭო (1955–1959); საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭო (19591962); საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭო (19631966); საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭო (19671970); საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭო (19711974); საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭო (19751979); საქართველოს სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭო (19801984); საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭო (19851989); საქართველოს სსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭო (19901992).

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს შეიქმნა ცვლილება საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში და საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს ეწოდა უზენაესი საბჭო.[6] 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ“ დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმს 70%-მა, თუმცა ძალიან დაბალი მონაწლეობა დაფიქსირდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში.

1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ასათიანი. 1991 წლის აგვისტოში უზენაესმა საბჭომ აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და გაუუქმა მანდატი ამ პარტიიდან არჩეულ საბჭოს 64 დეპუტატს.[7] იმოქმედა უზენაესი საბჭოს მხოლოდ პირველმა მოწვევამ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1992 წლამდე.[8] 1992 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის 2 იანვარს, სამხედრო საბჭომ აღადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და დანიშნა ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართა 1992 წლის შემოდგომაზე.

მესამე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში:

ვიკიციტატა
„საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“
(საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48)

მეოთხე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე მოწვევის საქართველოს პარლამენტის არჩევნები 1995 წელს ჩატარდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაში „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ აღმოჩნდა. პარლამენტის ამ შემადგენლობამ 19951999 წლებში იმუშავა და მას ზურაბ ჟვანია თავმჯდომარეობდა.

მეხუთე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა მმართველმა პარტიამ — საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტი და ვარდების რევოლუცია ეწოდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გააუქმა: ძალადაკარგულად გამოცხადდა პროპორციული წესით არჩეული მანდატები, თუმცა მანდატები შეუნარჩუნდათ მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს. ასევე ძალაში დარჩა იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება მორიგ არჩევნებში პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ.

მეექვსე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში, ვარდების რევოლუციისა და ხელისუფლებიც ცვლილებების შემდეგ, 2004 წლის მარტში გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც იმ დროს განსაკუთრებით პოპულარულმა პარტიამ — „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარლამენტის ამ შემადგენლობამ 20042008 წლებში იმუშავა. მას თავმჯდომარეობდა ნინო ბურჯანაძე.

მეშვიდე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მაისში გამართული მორიგი არჩევნები ახალი წესის მიხედვით ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი. არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა.

მერვე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დარბაზი, სადაც 2012–2014 წლებში, ქუთაისში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი მუშაობდა
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი. ლურჯი — ქართული ოცნება, წითელი — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი იყო მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი კოალიცია „ქართული ოცნება“. საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები მმართველმა ძალამ წააგო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% და 85 მანდატი მოიპოვა. 2013 წელს ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საქართველო საპრეზიდენტოდან ნახევრად-საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა 20162020 წლებში იმუშავა. 2016 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების გზით „ქართული ოცნებამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. საპარლამენტო ოპოზიციაში კი „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ იყო.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი. ლურჯი — ქართული ოცნება, სტაფილოსფერი — ევროპული საქართველო, შინდისფერი — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წითელი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

პარლამენტში შემდეგი ფრაქციები მოქმედებდა:[9] საპარლამენტო უმრავლესობა (92 წევრი) (ლიდერი მამუკა მდინარაძე); „ქართული ოცნება“ (58 წევრი); „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“ (10 წევრი); „ქართული ოცნება — მწვანეები“ (6 წევრი); „ქართული ოცნება — მრეწველები“ (6 წევრი); „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“ (6 წევრი); „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“ (6 წევრი) და სხვ. „პატრიოტთა ალიანსი — სოციალ-დემოკრატები“ (7 წევრი); „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (7 წევრი); „ევროპული საქართველო“ (6 წევრი); „ევროპული საქართველო — რეგიონები“ (6); „ნაციონალური მოძრაობა“ (6 წევრი); დამოუკიდებელი დეპუტატები (6 წევრი). 18 დეპუტატი არცერთ ფრაქციას არ მიეკუთვნებოდნენ.

მეათე მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა და არჩევნების თარიღად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 31 ოქტომბერი ოფიციალურად დაამტკიცა.[10] საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაცხადა და წარადგინა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში შემსვლელი დეპუტატების სია.[11] საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა 20202024 წლებში უნდა იმუშაოს.[12]

ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს — ვლადიმერ კახაძეს გადაეცა,[13] რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვა. დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩიეს.[12]

დეპუტატებმა კომიტეტების შემადგენლობების განსაზღვრისა და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს:[12]

პარლამენტის თავმჯდომარეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი სურათი მოღვაწეობის წლები ქვეყნის მეთაური / პრეზიდენტი თანამდებობა
1 ნიკოლოზ ჩხეიძე 1918–1921 ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე
2 ზვიად გამსახურდია 1990–1991 ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო
3 აკაკი ასათიანი 1991–1992 ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო
4 ედუარდ შევარდნაძე 1992, 4-6 ნოემბერი ოფიციალურად ზვიად გამსახურდია საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
5 ვახტანგ გოგუაძე 1992–1995 ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
6 ზურაბ ჟვანია 1995–1999 ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
(6) ზურაბ ჟვანია 1999–2001 ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
7 ნინო ბურჯანაძე 2001–2003 ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
(7) ნინო ბურჯანაძე 2004–2008 მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
8 დავით ბაქრაძე 2008–2012 მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
9 დავით უსუფაშვილი 2012–2016 გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
10 ირაკლი კობახიძე 2016–2019 გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
თამარ ჩუგოშვილი 2019, 21 ივნისი-25 ივნისი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
11 არჩილ თალაკვაძე 2019–2020 სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
(11) არჩილ თალაკვაძე 2020-2021 სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
12 კახა კუჭავა 2021 სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე
13 შალვა პაპუაშვილი 2021-დან სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარლამენტის სტრუქტურა 2015 წლისთვის

პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით.

პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.

პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები. პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან: თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას.

წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი). პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.

სახელი სურათი კომიტეტი მოწვევა
1 ნინო წილოსანი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
2 მიხეილ სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
3 თეა წულუკიანი (31 მარტი, 2021-მდე)
შალვა პაპუაშვილი (31 მარტი, 2021-დან 29 დეკემბრამდე)
გიორგი ამილახვარი (29 დეკემბერი, 2021-დან)
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
4 მაია ბითაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
5 დავით სონღულაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
6 ბექა ოდიშარია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
7 მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
8 ირაკლი ბერაია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
9 ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
10 სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
11 ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
12 ირაკლი ქადაგიშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
13 ირაკლი კოვზანაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
14 მიხეილ ყაველაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
15 დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი
16 ელისო ბოლქვაძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტი

პარლამენტის შენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარლამენტის შენობა

საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორსა და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.[14]

2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ. ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც აშენდა 2010–2012 წლებში. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს „CMD Ingenieros“ (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო). შენობის კომპოზიცია სივრცით-მოცულობითია და შექმნილია მარტივი ფორმებით: მინის კამარა შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი სარტყელით, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიუყვება და შენობაში შესასვლელებს წარმოადგენს. მინის კამარა, რომელიც ფარავს 100×150 მ² ფართობს, წარმოადგენს შენობის გარეთა გარსს, რომლის შიგნითაც განლაგებულია მთავარი ფოიე და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები/სამყოფები. შენობას გარშემო აკრავს ვრცელი გამწვანებული ტერიტორია.[15] 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტმა ქუთაისში ბოლო სესია გამართა და 2019 წლიდან საქმიანობას თბილისში განაგრძობს.

საინტერესო ცნობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გიორგი მჭედლიშვილი, ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: [XII საუკუნეში ქართული პარლამენტის ისტორიული წარმოშობის ანალიზი]. ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ — XX, 2004. გვ. 42-56 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენაზე).
  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი: [საქართველოს ეროვნული საბჭო (1918]. ჟურნალი „ერთობა“ N3, 1994. გვ. 4-5.
  • ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ: [ეროვნული საბჭოს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა 1918 წლის 1918 წლის 1 იანვრამდე]. ჟურნალი „კლიო“ N26, 2005. გვ. 154-163 (რეზიუმე რუსულ ენაზე).
  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი: [საქართველოს ეროვნული საბჭო. 1917 წ. 19-24 ნოემბერს თბილისში ჩატარებული პირველი ეროვნული ყრილობა]. ჟურნალი „მაცნე“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია — N3-4, 1993. გვ. 142-173.
  • არჩილ ზანგურაშვილი, 1917–1919 წლების საქართველოს პირველი პარლამენტი (ეროვნული საბჭო). ჟურნალი „პრომეთე“ — სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმ. პედაგოგიური უნივერსიტეტი — N1-2, 2003. გვ.117-122 (რეზიუმე რუს. და ინგლ. ენ.)
  • შოთა ვადაჭკორია, საკანონმდებლო ორგანოების შექმნის საკითხი და ქართული სოციალ-დემოკრატია 1918–1921 წლებში. ჟურნალი „ახალი დროება“: საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხები — N1(7), 2001. გვ.17-24.
  • ლ. თოიძე, მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების პირველი საბჭოები საქართველოში [1921 წ.]. ჟურნალი „მოამბე“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება — N1, 1961. გვ. 55-80.
  • თ. დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ორპალატიან წარმომადგენლობით ორგანოდ გარდაქმნის სამართლებრივი ასპექტები. ჟურნალი „ინტელექტუალი“ N1, 2005. გვ. 5361. (რეზიუმე ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე).
  • ქეთევან ერემაძე, ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში: [ორპალატიანი პარლამენტის აუცილებლობის საკითხი საქართველოში]. ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N1, 2005. გვ. 22-33.
  • ნანა ჭიღლაძე, პარლამენტის საქმიანობის კონსტიტუციური საფუძვლები . ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N2, 2005. გვ.14-22 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე).
  • პაატა სურგულაძე, „ქართული პარლამენტის სათავეებთან“. — თბ.: „ცოდნა“, 1991. — 31 გვ.
  • მალხაზ მაცაბერიძე, „უზენაესი ბატონი ქვეყნისა: როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა აზრით“. [რედ. ოთარ ჯანელიძე]; პოლიტოლ. ინ-ტი. — თბ.: „ახალი აზრი“, 2008. — 108 გვ.
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. [რედ.: ა. აბესაძე]. — თბ.: თბილილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1992 (თბილ. უნ-ტის სტ.). 146გვ. ISBN 5-511-00574-6
  • საქართველოს პარლამენტი: ფუნქციები და სტრუქტურა. [შემდგ.: თინათინ ბოლქვაძე, ნინო ნოზაძე, ერეკლე ნათაძე; რედ.: ქეთევან იმნაძე]. — თბ.: „სომა პრეს“, 2000. 128 გვ.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი: მიღებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე. — თბ.: საქ. პარლამენტის აპარატი, 1994. — 64 გვ.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი: ცვლილებებითა და დამატებებით 2006 წლის 25 აპრილამდე. — თბ.: [ბონა კაუზა], 2006. — 230 გვ.
  • ნოდარ ჯანბერიძე, საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა — [თბ.]: ხელოვნება, 1957–105 გვ.: ნახაზ.; 39 ფ. ილ.; 26 სმ. — რეზუმე რუს. ენ. — : 12 მ, 2000 ც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე — საქართველოს პარლამენტი, მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება.
  2. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე — საქართველოს პარლამენტი, მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები.
  3. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე — საქართველოს პარლამენტი, მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები.
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 86.
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 3-7, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
  6. უზენაესი საბჭოს უწყებები N11 გვ. 22. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო (1989 წლის აგვისტო).
  7. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ტომი II, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბილისი, 2013, გვ. 283
  8. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო - 1990 - 1991 წწ
  9. ქართული ოცნების უმრავლესობა 116 დეპუტატამდე იზრდება. civi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-11-12.
  10. არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. netgazeti.ge (19 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
  11. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2020.
  12. 12.0 12.1 12.2 საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა. parliament.ge. 11 დეკემბერი, 2020 (19 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-16.
  13. პარლამენტის არჩეულ წევრებს შორის იყვნენ მასზე უხუცესებიც, თუმცა ისინი სხდომას არ დაესწრნენ
  14. საქართველოს პარლამენტის შენობა. news. თბილისის მერია, პორტალი tbilisi.gov.ge (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2012.
  15. New Parliament of Georgia. Building Works: Singular Buildings. CMD Ingenieros. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 2011.
  16. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“