შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 1992

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1990  საქართველოს დროშა 1995 
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
11 ოქტომბერი 1992
პარტია ბლოკი მშვიდობა 11 ოქტომბრის ბლოკი
მანდატები 20,38% 12,1%

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1992)1991-1992 წლების პუტჩის შემდეგ ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი. არჩევნებით მოხდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმაცია.

1992 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს დე ფაქტო მმართველმა ორგანომ, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები და შექმნილიყო სამწლიანი გარდამავალი პარლამენტი. კანონპროექტი მომზადებული იყო „საქართველოს დემოკრატიული არჩევნების პარტიის“ მიერ. კანონი შედგენილი იყო ისე, რომ გამოერიცხა ერთი პარტიის დომინირება და გაეზარდა პოლიტიკური მონაწილეობა. საარჩევნო სისტემად განისაზღვრა შერეული სისტემა პარტიული სისტემით და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით, დაწესდა 2%-იანი ბარიერი. პროპორციული არჩევნებისათვის შეიქმნა 9 მსხვილი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი. თითოეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 230 ათასიდან 250 ათასამდე მერყეობდა. პროპორციულ სისტემაში კენჭისყრა ხდებოდა ერთი გადაცემადი ხმის სისტემით. სულ აირჩეოდა 235 დეპუტატი. საარჩევნო კომისიაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა პარტიას. კანდიდატად რეგისტრაციისთვის საკმარისი იყო 500 ხელმოწერა.

პოლიტიკური გაერთიანებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდა 4 საარჩევნო ბლოკი:

  1. ბლოკი „მშვიდობა“(საქართველოს დემოკრატიული კავშირი, საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია „ლემი“, საქართველოს სამართლიანობის პარტია, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის პარტია, საქართველოს აგრარული კავშირი, აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირი);
  2. ბლოკი „11 ოქტომბერი“ (სახალხო ფრონტი, რესპუბლიკური პარტია, „დემოკრატიული არჩევნები საქართველოსათვის“ (დასი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი);
  3. ბლოკი „ერთობა“(ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია და სრულიად საქართველოს მშვიდობის და თავისუფლების (ავღანელთა) პარტია);
  4. ბლოკი „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა პოლიტიკური კავშირი“(საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორუფლებიანობის პარტია, მთიელთა პოლიტიკური გაერთიანება) .

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 32 პოლიტიკური პარტია და 4 ბლოკი, სულ 4 ათასი კანდიდატი. რეგისტრირებული 3 466 677 ამომრჩევლიდან 2 592 117-მა (74,77%) მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობის მაჩვენებელი დაბალი იყო ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ რეგიონში სამეგრელოში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის გაუქმებული ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე. ეს განპირობებული იყო საარჩევნო სისტემით, რომელიც დომინანტ ეთნიკურ ჯგუფებს ანიჭებდა უპირატესობას, ასევე აფხაზებისა და ოსების მიერ არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტით.

უცხოელი დამკვირვებლების მიერ არჩევნები დამაკმაყოფილებლად შეფასდა, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო არხები მიკერძოებული იყო შევარდნაძის სასარგებლოდ, აღინიშნებოდა პროცედურული დარღვევები და ოპოზიციური გაზეთების დაშინების მცდელობები.

პარლამენტში მოხვდა 26 პარტია, ზოგიერთი მათგანი როგორც ბლოკის წევრი. ყველაზე მეტი მანდატი მიიღო შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა „მშვიდობამ“. ედუარდ შევარდნაძე საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით იქნა არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმათა 96,01%-ით, ხოლო ახლადარჩეულმა პარლამენტმა ის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე აირჩია.

პარტიაპროცენტიმიღებული მანდატების რაოდენობა
(პარტიული სიით)
ბლოკი „მშვიდობა“20,3835 (29)
11 ოქტომბრის ბლოკი12,118
ბლოკი „ერთობა“14
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია12
საქართველოს მწვანეთა პარტია11
დემოკრატიული პარტია10
ქარტია-919
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი7
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება7
მერაბ კოსტავას საზოგადოება5
ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი4
საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია4
საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია4
დანარჩენი პარტიები16

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]