ჭაბუა ამირეჯიბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭაბუა ამირეჯიბი
დაბ. თარიღი 1921, 18 ნოემბერი
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 2013, 12 დეკემბერი
გარდ. ადგილი თბილისი
ფსევდონიმი ჭაბუა
საქმიანობა მწერალი
ეროვნება საქართველო
პერიოდი 1960–2006
ჟანრი ეპიკური, დრამატული
თემატიკა ათი მცნების თემატიკა
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი „რატომ არ დამაცადე“, 1960
Magnum opus „დათა თუთაშხია“ (რომანი, წგნ. 1-2, 1973-1975)

ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი[1]) — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი[2], რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

ჭაბუა ამირეჯიბის დედა იყო მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე. აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი შთამომავალი იყო. მწერლის მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა.

თავად მწერალი „ავტოინტერვიუში” აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი „ხეპრე“ გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე.“

თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღებ გამოცდების ჩაბარების შემდეგ მწერალი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ კი გადადის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მეორე მსოფლიო ომში[რედაქტირება]

1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში „ბანაკიდანაც“ კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ). თავდაპირველად ჭაბუა ამირეჯიბი მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტად, შემდეგ კი გროზნოს (ჩეჩნეთი) აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ მისი მშობლების (რეპრესირებული) და პოლიტემიგრანტი ნათესავების გამო. მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ხოლო ემიგრაციაშია ბიძამისი – პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, პოლიტიკურ დარგში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი იყო.

მწერლის სამხედრო კარიერა გაგრძელდა საინტენდანტო სამსახურში, რომელშიც გადასვლაში მას დაეხმარა შორეული ნათესავი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი.

იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და თეთრი ლობიo. მწერალი ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მშოვლებისა და ნათესავების პიროვნების გარკვევის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან გაათავუსფლეს. მწერალი თბილისში ბრუნდება და უნივერსიტეტის მეორე კურსზე ბრუნდება.

დაკავება და სასამართლო[რედაქტირება]

1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი. ორგანიზაციას, რომელშიც წევრობისთვის მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით.

სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, სადაც ფრანსუა ვიიონს იხსენებს.

თავისუფლება[რედაქტირება]

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა დაბრუნდა სხვადასხვა ბანაკში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი უმცროსი და ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაყვა ცოლად. ამ პერიოდის შესახებ ოტია პაჭკორია შექმნის ლიტერატურულ პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო“. მწერლის და როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიას უვლიდა.

ოჯახი[რედაქტირება]

ჭაბუა ამირეჯიბს ყავს ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში“.

უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს და იბეჭდება. მომდევნო ქალიშვილი,დედისა და ბაბუის მსგავსად იურისტი გახდ და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძდა, სადაც გმირულად დაიღუპება. ის აეფარა და გადაარჩინა ჟურნალისტი, რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ. მწერლის მეორე ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკეა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი - ქუცნა ამირეჯიბი – დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორია და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მწერლის მეოთხე ვაჟი - შალვას ამირეჯიბი – განათლებით ბიოლოგია და აფხაზეთის ომის ვეტერანია. ჰყავს ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

ბერად აღკვეცა[რედაქტირება]

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლისსახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.[3][4]

შემოქმედება[რედაქტირება]

პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.

პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" გამოაქვეყნა 1960 წელს ("მნათობი", № 1).

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა" (1962), "ძია შოთას ბადია" (1965), არაკების კრებული "თაფლის წვეთი" (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები[რედაქტირება]

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]