როინ მეტრეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როინ მეტრეველი
R Metreveli.jpg
როინ მეტრეველი
დაბ. თარიღი 7 დეკემბერი, 1939 (1939-12-07) (78 წლის)
აბასთუმანი, ადიგენის რაიონი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქუთაისის IV საშუალო სკოლა
ალმა-მატერი თბილისის უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი, პოლიტიკოსი
დამსაქმებელი თსუ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
პარტია სკკპ
მშობლები მამა: ვიქტორ მეტრეველი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი
საქართველოს ღირსების ორდენი

როინ მეტრეველი (დ. 7 დეკემბერი, 1939, დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991),[1] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა.[2] მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როინ მეტრეველი დაიბადა 1939 წლის 7 დეკემბერს ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში. 1957 წელს დაამთავრა ქუთაისის IV საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1962 წელს.[3] სტუდენტობის პერიოდში გამოაქვეყნა 10-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევა, მათ შორის მონოგრაფია „ექვთიმე თაყაიშვილი“ (შ. ბადრიძესთან თანაავტორობით). 1965 წელს მეტრეველმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სახელმწიფოებრივი რეფორმები XII ს-ის პირველი მეოთხედის საქართველოში“. იმავე წლიდან იგი ლექციებს კითხულობს თსუ-ში, 1969 წელს საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად აირჩიეს.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ პერიოდში სამეცნიერო — პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად რ. მეტრეველი აქტიურ საზოგადოებრივ — პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1960−1972 წლებში იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ — პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო — პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე, ბიუროს წევრობის კანდიდატი.

ქართული ენციკლოპედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს რ. მეტრეველი დაინიშნა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი — აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ.

სწორედ მათ სახელებს უკავშირდება 1975-1987 წლებში ქსე-ის თორმეტტომეულის გამოცემა.

1974 წელს მეტრეველმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შიდაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში“. 1986—1989 წლებში იგი იყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1988 წლის 1 ნოემბრიდან რ. მეტრეველი ასრულებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს — მდივნის მოვალეობას. ამავე პერიოდში იგი შეჰყავთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში.

1990 წლიდან რედაქტორობს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 14 ოქტომბერს მეტრეველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ-მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი საბჭო მართავს.

1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ რ. მეტრეველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ რ. მეტრეველი არის პირველი არჩეული რექტორი. 1997 წელს იგი დიდმა საბჭომ მეორედ ახალი ვადით აირჩია რექტორად.

ამ პერიოდში უნივერსიტეტში აღდგა სამედიცინო ფაკულტეტი. 1994 წლის 25 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია“, რომლის მიხედვით უნივერსიტეტი სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა). შეიქმნა ათამდე სამეცნიერო — კვლევითი ლაბორატორია და სამეცნიერო ცენტრი. ჩამოყალიბდა ახალი კათედრები, გაიზარდა საგარეო კავშირები უცხოეთის უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო ცენტრებთან.

1998 წელს რ. მეტრეველის ხელმძღვანელობით ფართოდ აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისთავი[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1992 წელს მისი ხელმძღვანელობით თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან დაარსდა ქართული დიპლომატიის სამეცნიერო — კვლევითი ლაბორატორია, რომელიც 1996 წლიდან ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრად გადაკეთდა. მისი რედაქტორობით 1994 წლიდან სისტემატურად გამოიცემა ცენტრის წელიწდეული — „ქართული დიპლომატია“.

1997-1998 წლებში მეტრეველის რედაქტორობითა და თანაავტორობით ცენტრმა მოამზადა და გამოსცა „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი“ ორ ტომად და „ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები“ ორ ტომად, რომელშიც თანმიმდევრულადაა გადმოცემული საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობათა ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.

საქართველოს ისტორიის კათედრამ და ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, რ. მეტრეველის ხელმძღვანელობით, გამოსცა „ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი„. ეს არის პერსონალური ენციკლოპედიის გამოცემის პირველი ცდა საქართველოში. საქართველოს ისტორიის კათედრის თანამშრომლებმა გამოსცეს კრებულები: „საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები“ (რედაქტორი რ. მეტრეველი) და „საქართველოს მეფეები„ (რედაქტორები: მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი).

სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, რ. მეტრეველი ინტენსიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: კითხულობს ლექციებს საქართველოს ისტორიაში, ზრდის ასპირანტებს, მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1994 წლის ზაფხულში რ. მეტრეველის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყო წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, 1995 წლის 5 სექტემბერს, ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ აკურთხა.

1993 წელს რ. მეტრეველი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1996 წლიდან იგი რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. 1994 წლიდან არის ევრაზიის უნივერსიტეტის ანსაბლეის გენერალური კომიტეტის წევრი. მისი ძალისხმევით თბილისის უნივერსიტეტი 1999 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში გაერთიანდა. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიას. 1996 წლიდან არის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, 1997 წლიდან-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.

სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ. მეტრეველის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სხვადასხვა დროს აღნიშნულია სახელმწიფო ჯილდოებითა და პრემიებით, მათ შორის შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, ღირსების ორდენებით, ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედლით, საქართველოს საპატრიარქოს ოქროს ჯვრით და სხვა; მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში, ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიები, მინიჭებული აქვს აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.[4]

რ. მეტრეველი არის ქალაქების — თბილისისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ქუთაისის და გიუმრის (სომხეთის) უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი, კალიფორნიის (სან-ფრანცისკო) მეცნიერებისა და ხელოვნებისა და რუსეთის უმაღლესი განათლების აკადემიების წევრი.

რ. მეტრეველი სისტემატურად მონაწილეობს ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სხვა სახის სამეცნიერო შეკრებებში.

რ. მეტრეველი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის მონოგრაფიებისა: „შიდაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში“ (1973), „დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V—XII სს.), გლახაკები“ (1976), „ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი“ (1975), „შოთა მესხია“ (1976), „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“ (1982), „დავით IV აღმაშენებელი“ (1986), „მეფე თამარი“ (1991), „ივანე ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი“ (1996), ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში" (1999). თანაავტორია საშუალო სკოლის V, VII და X კლასების საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებისა. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია.[5][6]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმინდა მეფე თამარი“ — თბილისი, ს.ს. „საქპრესა“, 2011. - 248 გვ.. - ISBN 978-9941-425-51-6
  • „საქართველოს მეფეები და პატრიარქები“ — თბილისი, არტანუჯი, 2010. - 180 გვ.. - ISBN 978-9941-421-21-1
  • „საისტორიო ნარკვევები“ — თბილისი, არტანუჯი, 2009. - 526 გვ.. - ISBN 978-99940-55-88-3
  • „პატრიარქი ერის სულიერი მამა“ — თბილისი, არტანუჯი, 2008. - 92 გვ.. - ISBN 978-99940-59-96-6
  • „კავკასიური ცივილიზაცია მსოფლიო გლობალიზაციური პროცესების კონტექსტში“ — თბილისი, არტანუჯი, 2007. - 86 გვ.. - ISBN 978-99940-59-60-7
  • „მშვიდობით XX, გამარჯობა XXI“ — თბილისი, თბილ. „უნ-ტის გამ-ბა“, 2001. - 439 გვ.. - ISBN 99928-33-96-3
  • „ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში“ — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999. - 128გვ. . - ISBN 99928-31-35-9
  • „დავით IV აღმაშენებელი“ — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 363 გვ.
  • „საქართველოს ისტორია“ — თბილისი, განათლება, 1979. - 351 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეტრეველი როინ. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2018.
  2. როინ მეტრეველი. „არტანუჯი“. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2018.
  3. როინ მეტრეველი – ბიოგრაფია. „ბურუსი“ (25 მარტი, 2010). წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2018.
  4. როინ მეტრეველი. ბიოგრაფიული ლექსიკონი.
  5. როინ მეტრეველი. ქართული უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2018.
  6. როინ მეტრეველი. თბილისის უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2018.