თამაზ ნადარეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამაზ ნადარეიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1993 – მარტი, 2004
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკო ლეკიშვილი
ვაჟა ლორთქიფანიძე
გიორგი არსენიშვილი
ავთანდილ ჯორბენაძე
ზურაბ ჟვანია
მემკვიდრეთემურ მჟავია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ნოემბერი, 1992 – ივლისი, 1993
პრეზიდენტიზვიად გამსახურდია
ედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრითენგიზ სიგუა
მემკვიდრეჟიული შარტავა

დაბადებული19 ივლისი, 1954
გაგრა, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი31 აგვისტო, 2004 (50 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნებაქართველი

თამაზ ნადარეიშვილი (დ. 19 ივლისი, 1954, გაგრა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 31 აგვისტო, 2004, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი, სხვადასხვა წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და უზანაესი საბჭოს თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაზ ნადარეიშვილი დაიბადა ქალაქ გაგრაში, 1954 წლის 19 ივლისს, გაგრის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ნადარეიშვილისა და რუსული ენის პედაგოგის, ალექსანდრა შენგელაიას ოჯახში. 7 წლის თამაზს მამა ავიაკატასტროფაში დაეღუპა და ის უმცროს ძმასთან, მერაბთან ერთად ობლად დარჩენილი, დედამ და ბებიამ — მერი შარვაშიძემ აღზარდეს.

მერი შარვაშიძე სამხედრო მოსამსახურის — კონსტანტინე ლაკერბაიას ქვრივი იყო. კონსტანტინე ლაკერბაიამ 1918 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამის მიზეზი კი გახდა შემდეგი ფაქტი: შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიაში შემოსული წითლების გემის მეზღვაურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს, ბოლშევიკებმა ტყვედ აიყვანეს მისი თანამებრძოლი, ნათესავი და უახლოესი მეგობარი, რომელიც, მის თვალწინ, გემის გახურებულ საცეცხლურში ჩააგდეს. ამ შემზარავი ფაქტით შეძრწუნებულმა კონსტანტინე ლაკერბაიამ თავი მოიკლა. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში მერი შარვაშიძე, მისი მცირეწლოვანი ვაჟი — გიორგი ლაკერბაია, დედა — ტერეზია ჩიჩუა, და — ვერა შარვაშიძე და მისი ოჯახის დანარჩენი წევრები თავდაპირველად თურქეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, შემდგომ — საფრანგეთში. მაგრამ, ივანე შარვაშიძის ქალიშვილებმა დიდხანს ვერ გაძლეს უცხოეთში და, როცა ირწმუნეს, რომ სამშობლოში მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ოჯახებითურთ ორივე დაბრუნდა საქართველოში, განსხვავებით მათი ბიძაშვილისგან — მერი პროკოფის ასული შარვაშიძისგან, რომელმაც მთელი სიცოცხლე საფრანგეთში, ემიგრაციაში გაატარა და იქვე, პარიზში გარდაიცვალა. ადრე დაქვრივებულ მერი შარვაშიძეს, რომელიც მომხიბვლელი გარეგნობის, ზნე-ჩვეულებისა და შინაგანი კულტურის წყალობით უამრავ მამაკაცს ჩაუვარდა გულში, მაგრამ, ის ცოლად გაჰყვა გაგრის მკვიდრს, თავადაზნაურთა თვალსაჩინო წარმომადგენელს, ვარლამ შენგელაიას, რომელიც გაგრის მშენებლობისა და კეთილმოწყობის ინიციატორის, ქველმოქმედებით ცნობილი პიროვნების, ანდრია შენგელაიას ერთადერთი ვაჟი იყო. მეფის არმიის კავალერისტ ვარლამ შენგელაიასა და მერი ივანეს ასულ შარვაშიძეს შეეძინათ ქალიშვილი — ალექსანდრა შენგელაია (თამაზ ნადარეიშვილის დედა).

ალექსანდრა შენგელაიამ თავისი ცხოვრება გაგრის მკვიდრს, კარგად ცნობილ პიროვნებას, ვლადიმერ ნადარეიშვილს დაუკავშირა, მაგრამ, მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა – ადრე დაქვრივებული ობლად დარჩენილი შვილების აღზრდას სწორედ დედის, მერი შარვაშიძის დახმარებით შეუდგა. ალექსანდრა შენგელაიამ წლების განმავლობაში იმუშავა გაგრის პირველ საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და შეძლებულ დიდგვაროვანთა შთამომავალი, პედაგოგის მოკრძალებული ხელფასით ზრდიდა ობლებს, წინაპართაგან შემორჩენილ რელიკვიებს კი, როგორც ყველაზე ძვირფას განძს, სათუთად ინახავდა. ეს იყო ოქროსა და ვერცხლის ნივთები — საგვარეულო მემკვიდრეობა, აგრეთვე, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის დედის — დედოფალ მარია ფიოდოროვნას ნაჩუქარი ბროლისა და ვერცხლის ნივთები სამეფო გვირგვინის გამოსახულებით და ასე შემდეგ. მერი შარვაშიძის მიერ შემონახული, მრავალ ქარტეხილგამოვლილი ყველა ეს განძი, გაგრის აღებისას, 1992 წლის ოქტომბერში, პირწმინდად დაიტაცეს სეპარატისტთა „ბოევიკებმა“. წარსულთან კავშირის სიმბოლოდ კი ალექსანდრა შენგელაიასა და მის შვილებს მერი შარვაშიძის ალბომიღა შემორჩათ, რომელიც აფხაზმა ნათესავებმა გადაარჩინეს დაწვას და გაგრის დაცემის შემდეგ გამოუგზავნეს ნადარეიშვილების ოჯახს“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგრის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1971-1975 წლებში იყო თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი, შემდეგ ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1981 წელს დაამთავრა.

1974-1979 წლებში იყო გაგრის უშიშროების კომიტეტის სამთავრობო კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი. 1979-1990 წლებში იყო კომუნისტური პარტია გაგრის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, II მდივანი.

საბჭოთა კავშირის „პერესტროკის“ პერიოდში ჩაერთო საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. აფხაზეთის ომის (1992-93) შემდეგ გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. იყო 1999 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (სოხუმის მაჟორიტარი) და 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1991 წელს — აფხაზეთის ა. რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1992 წლის იანვარში — აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1992 წლის ოქტომბერში — საქართველოს პარლამენტის წევრად, 1992 წლის ნოემბერში დაინიშნა აფხაზეთის არ მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის ნოემბერში თამაზ ნადარეიშვილი სახელმწიფო მეთაურის მრჩევლად დაინიშნა, ერთ თვეში კი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი გახდა. 1995 წლის თებერვლიდან მან დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი, რადგან ის აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დევნილობაში. ამ პერიოდიდან თამაზ ნადარეიშვილი გახდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი“. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი.

აფხაზეთის კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის მაისს, როცა გაგრის სტადიონზე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილ ქართველობას სეპარატისტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რათა შეურაცხყოფით დაეკნინებინათ იქ მყოფთა ეროვნული ღირსება, ქართველებმა თანადგომა სთხოვეს მაშინ გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანს, საკმაოდ ახალგაზრდა თამაზ ნადარეიშვილს, რომელსაც უკვე მოხვეჭილი ჰქონდა სახელი, როგორც ექსტრემისტულად განწყობილი აფხაზი თანამდებობის პირებისადმი დაუმორჩილებელ კაცს. მიუხედავად იმისა, რომ ნადარეიშვილმა მცდელობა არ დააკლო, სამწუხაროდ ეთნიკური შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

საბოლოო დაპირისპირება სეპარატისტებსა და თამაზ ნადარეიშვილს შორის მაშინ გამოიკვეთა, როცა ვლადისლავ არძინბამ, უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილეს, შეახსენა აფხაზური წარმომავლობა, ერთი შეხედვით გული გადაუშალა და მაცდური დაპირებების სანაცვლოდ საქართველოს ღალატი შესთავაზა და თუმცა რათქმაუნდა ნადარეიშვილი არ აპირებდა არძინბას თამაშში ჩართვას.

1992 წლის დეკემბერსა და 1993 წლის იანვარში, საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყანაში დაძაბული ვითარება შეიქმნა. რკინიგზებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად, არძინბასთან წინასწარ შეთანხმებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა შინაგანი ჯარის სამასკაციანი შემადგენლობა. წინასწარ მომზადებული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთში საქართველოს ჯარი შევიდა აფხაზების წინააღმდეგ საომრად. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში.

1993 წლის ივლისის პირველი რიცხვებიდან ქართული მხარე გმირულად იგერიებდა მტრის შემოტევას, რამაც აიძულა რუსეთი, თითქოს და აფხაზეთში მშვიდობის სანაცვლოდ, სისტემატური მოლაპარაკებები ეწარმოებინა საომარი მოქმედებების შეწყვეტის, განიარაღებისა და აფხაზეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანის მოთხოვნით, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო თამაზ ნადარეიშვილი. აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს მთავრობაში ბევრი ფიქრობდა, რომ ნადარეიშვილი უარყოფით როლს ასრულებდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და თუ ის აღარ იქნებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მეთაური, მოლაპარაკებით გახდებოდა შესაძლებელი ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა.

16 ივლისს, გულის მორიგი შეტევის გამო, თამაზ ნადარეიშვილი თბილისში 2-3 დღით, აუცილებელ პროცედურებზე იყო ჩამოსული, 18 ივლისს კი ტელეეკრანიდან შეიტყო, რომ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გათავისუფლებულია აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობიდან, მის ადგილზე კი დანიშნულია — ჟიული შარტავა. ამ ცვლილების მიუხედავად, ნადარეიშვილი ცდილობდა ხელი შეეშალა რუსული გეგმისთვის და იმავე დღეს, თბილისიდან სატელეფონო საუბრისას, სთხოვა სოხუმში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს და თვითონ ჟიული შარტავასაც, რომ არ ერწმუნათ სეპარატისტთა და რუსთა დაპირებების და ხელი არ მოეწერათ განიარაღების შეთანხმებისთვის. თუმცა მას ეს მოსაზრება მაშინ პანიკად ჩაუთვალეს და არ გაითვალისწინეს.

გარდაიცვალა გულის შეტევით 2004 წლის 31 აგვისტოს, 50 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დაარსდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

1992-1993
შემდეგი:
ჟიული შარტავა
წინამორბედი:
დაარსდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უზანაესი საბჭოს თავმჯდომარე

1993-2004
შემდეგი:
თემურ მჟავია