პანტელეიმონ გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პანტელეიმონ ივანეს ძე გიორგაძე (დ. 17 აგვისტო, 1925, სოფ. გორმაღალი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – გ. 3 მარტი, 2009, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი და პოლიტიკოსი, საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1971).

II მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე. დაამთავრა ალმა-ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი (1948), სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო აკადემია (1956), სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია (1969).

1969–73 წლებში მუშაობდა ამიერკავკკასიის სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ — აღმოსავლეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ. 1973–76 წლებში მსახურობდა მონღოლეთში. 1976–79 წლებში იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, 1979–82 წლებში — ამიერკავკკასიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე. 1982–85 წლებში სამხედრო მრჩევლად მუშაობდა კუბაში, 1985–87 წლებში — კვლავ მონღოლეთში. 1987–90 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს მდივანი, 1991–92 წლებში — საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი, 1992–93 წლებში – სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში. 1993 წლიდან იყო საქართველოს ერთიანი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კომუნისტურ პარტიათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოთა ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. გამოდიოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ; მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო კავშირს. მისი შვილი, იგორ გიორგაძე, საქართველოს უშიშროების მინისტრი (1993–1995), საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულია ტერორიზმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]