ნიკოლოზ რურუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ რურუა
ნიკოლოზ რურუა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2010 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური
ვანო მერაბიშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეგურამ ოდიშარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 დეკემბერი, 2008 – 30 ივნისი, 2010
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიგრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური
წინამორბედიგრიგოლ ვაშაძე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული17 მარტი, 1968
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
გარდაცვლილი4 დეკემბერი, 2018 (50 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებაშოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ნიკოლოზ (ნიკა) რურუა (დ. 17 მარტი, 1968, თბილისი, საქართველო — გ. 4 დეკემბერი, 2018, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2008 წლის 9 დეკემბრიდან2012 წლის 25 ოქტომბრამდე. საქართველოს პარლამენტის ორგზის (2004, 2008) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის მე-9 მუსიკალურ და 53-ე საშუალო სკოლაში, რომლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტზე. თეატრალურ ინსტიტუტში სტუდენტობის პარალელურად იღებდა მონაწილეობას ეროვნული მოძრაობის მიერ წამოწყებულ საპროტესტო საქმიანობაში საქართველოში კომუნისტური წყობილების შეცვლისა და საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც მოხალისე იღებდა მონაწილეობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

1997–2001 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სკოლაში. შეერთებულ შტატებში სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის (ACLU) პრაქტიკანტად. 2001 წელს მიენიჭა იურისპრუდენციის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (JD).

2001 წელს რურუა დაბრუნდა საქართველოში და მუშაობას დაიწყო ევროგაერთიანების პროგრამა GEPLAC-ში (სამართლებრივი ანალიზისა და იურიდიული რჩევის ქართულ-ევროპული ცენტრი), სადაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სამეწარმეო სამართლის ნორმების ევროპულ სამეწარმეო სამართლის ნორმებთან ჰარმონიზაციის პროექტს. ამის პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად აარსებს ყოველდღიურ გაზეთ 24 საათს სადაც მუშაობას იწყებს როგორც სამართლებრივი მიმომხილველი და ამავე გაზეთის ყოველკვირეული დამატება „სამართლის“ რედაქტორი. 2003 წელს გამოუშვა ესსეებისა და სტატიების კრებული „თავისუფლების კანონი“.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები ". 2008 წლის 7 აგვისტოდან 16 დეკემბრამდე — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

იყო ავტორი იდეისა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების თაობაზე, რისი რეალიზაციაც თანამოაზრეებთან ერთად შეძლო კიდეც 2006 წელს. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.

2008 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2010 წლის 30 ივნისიდან სამინისტროს სახელი შეეცვალა და დაერქვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ნიკოლოზ რურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღების ინიციატორი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად. რურუამ 26,92% (6273 ხმა) მიიღო, თუმცა 50% ბარიერი მთაწმინდის ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა, შესაბამისად არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც რურუა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა, რომელსაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს. რურუამ მეორე ტურში 32,42% (5449 ხმა) მიიღო და დამარცხდა.[წყარო არ არის მითითებული 1039 დღე]

პირადი ცხოვრება და ჰობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ რურუას ჰყავდა სამი შვილი, ელისაბედი, მარიამი და გიორგი. მისი ძმა, გიორგი რურუა ასევე პოლიტიკოსია. რურუა იყო ჯაზური მუსიკის კოლექციონერი და ქალაქ ბათუმის Black Sea Jazz Festival-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გატაცებული იყო სპორტით, კალათბურთითა და კრივით. გარდაიცვალა თბილისში, 2018 წლის 4 დეკემბერს[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]