იზა ორჯონიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზა ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1938(1938-11-21)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 2010(2010-02-09)[1] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი, პოლიტიკოსი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი და რუსთაველის პრემია

იზა ორჯონიკიძე (დ. 21 ნოემბერი, 1938, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 2010, იქვე) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზა ორჯონიკიძე დაიბადა 1938 წლის 21 ნოემბერს თბილისში. სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სლავური განყოფილება. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა მოსკოვში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1967 წელს დაბრუნდა თბილისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებში: „ნაკადული“, „საბჭოთა საქართველო“, „მერანი“. 1982 წელს მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „მერანში“ რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ცოტა ხანში ქართული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ გადაიყვანეს. 1987–1989 წლებში მუშაობდა საპატრიარქოში.

1976–1982, 1989–1990 და 1991–2010 წლებში იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

პირველი ლექსები 1958 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული „ორი დღეკეთილი“ 1968 წელს გამოიცა. იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის ლექსების კრებულები: „ნათელი“ (1969), „ქვის სასთუმალი“ (1971), „ წვიმის მოსვლამდე“ (1974), „ავტოპორტრეტი“ (1977), „სასწაულია შეხვედრა ჩვენი“ (1981) „აქ, სამუდამოდ“ (1983), „დაბინდებამდე“ (1993), „ოდესღაც და სულ ახლახან“ (1999), „რომაული არდადეგები“ (2005), „წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა“ (2007). ასევე გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე გამოცემული რჩეული სამტომეული „ჩემი ოდისეა“, „სულის სახლში“ და „გამოძახილი“ (2008). ამავე წელს გამოიცა იზა ორჯონიკიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „თავწყარო“ (2008). იზა ორჯონიკიძის პოეზია თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე.

იზა ორჯონიკიძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მისი ძალისხმევით შეიქმნა მთარგმნელთა ჯგუფი, რომელიც სასულიერო სემინარიისა და აკადემიისათვის სახელმძღვანელოებს რუსულიდან თარგმნიდა. მას ეკუთვნის ახალბერძნული პოეზიის პირველი თარგმანიც. არის ასევე ანთოლოგიის ავტორი, რომელშიც თანამედროვე საბერძნეთისა და მსოფლიოში აღიარებული პოეტების საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა. იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის რუსი პოეტის, ანა ახმატოვას ლექსების თარგმანი-კრებული „50 ლექსი“ (2000) და მე-20 საუკუნის ბერძნული პოეზიის თარგმანთა ორი გამოცემა: „მახსოვს, მწყუროდა“ (1986) და კონსტანტინე კავაფისის ლექსების კრებული (2005).

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გალაკტიონის არქივის განახლებისათვის. ცალკე წიგნად გამოიცა ბოდლერის, გოეთეს, ბაირონისა და რუსი პოეტების გალაკტიონისეული თარგმანები. ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა მირზა გელოვანის, ლადო ასათიანის, ნიკო სამადაშვილის კრებულები.

1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, საბურთალოს მაჟორიტარი).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზა ორჯონიკიძე არის ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998) და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულით (1999). პოეტური კრებულისთვის „წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა“ და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის 2009 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.

გარდაიცვალა 2010 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]