ნატო ჩხეიძე დაიბადა 1960 წლის 1 ივნისს, ქართველი მწერლის ოთარ ჩხეიძის ოჯახში. მისი მშობლიური სოფელი არის ყელქცეული (გორის მუნიციპალიტეტი).[3]1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1977–1978 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოთეკის ტექნიკოსი, 1984–1986 წლებში — თბილისის პოლიკლინიკის ანატომიის ლაბორატორიის ორდინატორი. 1986–1994 წლებში იყო თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. 1994–1999 წლებში იკავებდა ასისტენტის თანამდებობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“. 2004 წელს იყო ტელეკომპანია „იბერიას“ რედაქტორი, 2004–2016 წლებში — შპს „ომეგას“ განყოფილების ხელმძღვანელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2019 წლის 11 მარტიდან — პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ხოლო 2018 წლის 19 ოქტომბრიდან — პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 2018 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და მოღვაწეობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[4]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ №16 საარჩევნო ოლქის (ხაშურისა და ქარელი მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[5] მან ხმების 29,9% (17536) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[6] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[7]