დილარ ხაბულიანი დაიბადა 1952 წლის 24 ნოემბერს, ლენტეხის რაიონის სოფელ ცანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, პარალელურად, როგორც სპორტსმენი — მოჭიდავე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებასა და ჩემპიონატში. 1974–1977 წლებში იყო საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის ფიზკულტურის ინსტრუქტორი. (1977–1979) და (1981–1982) სპორტული გაერთიანება „ქარიშხალას“ მწვრთნელი. 1979–1981 წლებში იყო საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის მწვრთნელი. ჭიდაობის სკოლის დირექტორი (1982–1990).
სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 1980) და ორგზის მესამე (1975, 1978) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1975), ბელგრადის, დუბროვნიკისა და ვარშავის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1982-1986). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლაში (1983). ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (1977, რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ). 1990-2010 წლებში იყო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 15,88% (4263) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2]2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[3] პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით).