დავით ბეჟუაშვილი
| დავით ბეჟუაშვილი | |
ჯიაიჯი ჰოლდინგის დამფუძნებელი | |
| დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 2016 წლიდან - დღემდე |
| დაბადებული | 19 იანვარი, 1969 მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| მეუღლე | თეა ჭეიშვილი (2001) |
| შვილები | 2 |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | მეგობრობის ორდენი (ყაზახეთი, დეკემბერი 2021) |
დავით ბეჟუაშვილი (დ. 19 იანვარი, 1969, მანგლისი) — ქართველი მეწარმე, ბიზნესმენი და ფილანტროპი. დავით ბეჟუაშვილმა 1994 წელს დააფუძნა საწარმო, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა ჯიაიჯი ჰოლდინგად. „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ მულტიინდუსტრიულ კომპანიას, რომლის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ენერგეტიკა (თბო და განახლებადი ენერგია), ლოგისტიკა და ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული წარმოება, ჯანდაცვა და სადაზღვევო სერვისები, ცემენტის წარმოება, უძრავი ქონება, დეველოპმენტი და განათლების სექტორი.[1]
დღეს GIG Holding წარმოდგენილია რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ჰოლდინგი აერთიანებს ასზე მეტ კომპანიას და ათიათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დავით ბეჟუაშვილი 1999–2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან.[2]
საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში ის მონაწილეობდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან, რეგიონულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 2002–2014 წლებში დავით ბეჟუაშვილი იყო საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სადაც ხელი შეუწყო სპორტის განვითარების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წახალისებას და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.[1]
2015 წელს ბეჟუაშვილმა დააარსა „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“, რომლის საქმიანობა ორიენტირებულია განათლების განვითარებაზე, ახალგაზრდობის შესაძლებლობების გაფართოებაზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.[1]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ბეჟუაშვილი დაიბადა და გაიზარდა დაბა მანგლისში, თეთრიწყაროს რაიონში, საქართველო. მან განათლება მიიღო მანგლისის №2 საშუალო სკოლაში.[1]
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1993 წელს დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი მაკროეკონომიკის სპეციალობით და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. იმავე წელს დაამთავრა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.[1]
1987–1989 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.[1]
კერძო სექტორში საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს, სწავლის პარალელურად, დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. მისი პირველი ბიზნესპროექტი უკავშირდებოდა ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას საკუთარ რაიონში. პარალელურად, დააფუძნა ქვის გადამამუშავებელი საწარმო და შექმნა შპს „იმედი“, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა 1993 წლამდე.[1]
1993 წელს ბეჟუაშვილმა ბიზნესსაქმიანობა გააგრძელა ყაზახეთისა და რუსეთში (ტომსკი). მან ააწყო ლოგისტიკური და კომერციული მიწოდების ჯაჭვები ქიმიურ, ნავთობგადამამუშავებელ და საავტომობილო ქარხნებისთვის. ამავდროულად, საქართველოში დააფუძნა შპს „ინტერპაკი“, ქიმიური სასუქებისა და საკვები პროდუქტების შესაფუთი პოლიპროპილენის ტომრების ერთადერთი მწარმოებელი ამიერკავკასიაში.[1]
1996 წელს ინვესტირებას ახორციელებს საქართველოში ცემენტის წარმოების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და გაზ-გამანაწილებელ სექტორებში.[1]
1998 წელს დააფუძნა სს „საქგაზი“ და გახდა მისი ხელმძღვანელი, ხოლო პარალელურად სს „საქტრანსგაზმრეწვის“ მმართველი.1999 წელს შეწყვიტა ბიზნესსაქმიანობა, საკუთარი წილები გადასცა სატრასტო მმართველობას და პარლამენტში კენჭი იყარა. 2016 წლიდან დაუბრუნდა ბიზნეს საქმიანობას და გახდა „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ამ პერიოდიდან დაიწყო კომპანიის გაფართოება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.[1]
საპარლამენტო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ბეჟუაშვილი 1999–2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩეული თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად (V–VIII მოწვევის პარლამენტი).[2]
მოღვაწეობის პერიოდში იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესში და ხელმძღვანელობდა გადასახადებისა და საგადასახადო შემოსავლების ქვეკომიტეტს.[2]
2000–2004 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში, ხოლო 2008–2012 წლებში საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფს ყაზახეთთან.[2]
2008–2016 წლებში იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU).[2]
ფილანტროპია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ბეჟუაშვილი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმიანობაში.[1]
2015 წელს დააფუძნა „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე და განვითარებული ღირებულებების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.[1]
ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში „წიგნის მუზეუმის“ შექმნა, ეროვნულ მუზეუმში „კავკასიის ბუნების“ მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გახსნა, სტუდენტური სტიპენდიების პროგრამები, ომით დაზარალებულთა დახმარების ინიციატივები და კულტურულ-ისტორიული პროექტები, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობა.[1]
2025 წელს მისი ინიციატივით განათლების ფონდმა დააარსა ლიდერობის აკადემია „საბადო“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ბეჟუაშვილი დაქორწინებულია და ჰყავს ორი ვაჟი – ირაკლი (დ. 2002) და ნიკა (დ. 2004). მისი მეუღლე, თეა ჭეიშვილი (დ. 1976), არის ევროპული სკოლის დამფუძნებელი — ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც სთავაზობს ეროვნულ პროგრამას, საერთაშორისო ბაკალავრიატის ოთხ ავტორიზებულ პროგრამას და ამერიკული უმაღლესი სკოლის ფარგლებში Advanced Placement (AP) კურსებს.[1]
ირაკლი ბეჟუაშვილი დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი (2024) და ამჟამად სწავლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე (2026). ნიკა ბეჟუაშვილი სწავლობს კოლუმბიის უნივერსიტეტში (2026).
მისი ძმა — გელა ბეჟუაშვილი, ქართველი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (№073), 2013 — მინიჭებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
- მეგობრობის ორდენი (№42246), 2021 — მინიჭებული ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||
| ||||||||
- წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალრები
- დაბადებული 19 იანვარი
- დაბადებული 1955
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ბეჟუაშვილები