თენგიზ აბულაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თენგიზ აბულაძე

თენგიზ აბულაძე
თენგიზ აბულაძე
დაბადების თარიღი 31 იანვარი 1924
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოღვაწეობა რეჟისორი, სცენარისტი, თეატრალური პედაგოგი
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი 1994
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
ეროვნება ქართველი
ჯილდოები სსრკ-ს სახალხო არტისტი (1980)
ლენინის პრემია (1988)

თენგიზ ევგენის ძე აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი ― გ. 6 მარტი, 1994, თბილისი), ქართველი კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). 1980 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება .

ბიოგრაფია[რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება]

1943-1946 სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი "დიმიტრი არაყიშვილი".

შემოქმედება[რედაქტირება]

თენგიზ აბულაძეს შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რ. ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955; ბოლო ფილმისთვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი "ოქროს შტო" კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1956).

კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე"

აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები" (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია "ვერცხლის ნეადა" პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1965); ფილმში დიდი ოსტატობითაა გამოკვეთილი პერსონაჟთა ცხოვრებისეული ხასიათები.

ფილმი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ნ. დუმბაძის მიხედვით, 1962; პირველი ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1964) ჟანრით ტრაგიკომედიაა, სადაც ხალასი და ჯანმრთელი იუმორი შეზავებულია დრამატულ მოვლენებთან. ხაზგასმულია ადამიანის ადგილი, როლი, მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ფილმში მკვეთრად გამოჩნდა რეჟისორის მხატვრულ-პლასტიკური აზროვნება, მოვლენათა ღრმა და, ამასთან, ლაკონური გადმოცემის უნარი, სახეთა დამაჯერებლობა.

1967 წელს აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი "ვედრება" ( ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით; მთავარი პრემია "გრან-პრი" სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974), სადაც გადმოცემულია სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლა ღრმა ფილოსოფიურ ჭრილში, დასმულია სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემები. ფილმისთვის დამახასიათებელია მაღალი გამომსახველობითი კულტურა. რეჟისორმა მკვეთრი პლასტიკური ხერხებით გამოკვეთა და აჩვენა მოვლენებისადმი მისეული მიდგომა, ადამიანებისადმი კეთილი დამოკიდებულება, დახვეწილი რეჟისორული გააზრება და მხატვრული ხედვა.

1976 შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის მოთხრობების მიხედვით; მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977); ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს "დავითი" იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე, 1979; რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).

კადრი ფილმიდან "მონანიება"

ტრილოგიის ბოლო ფილმია "მონანიება" (1984; კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპრეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი"; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგფისტთა ეროვნული ასოციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). ფილმმა ერთხელ კიდევ წარმოაჩინა აბულაძის მსოფლმხედველობა, მისი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე, რეჟისორის დახვეწილი მხატვრული აზროვნება, მოვლენების ზუსტად და მხატვრულ სახეებში გადმოცემის უნარი (ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 ლენინური პრემია მიანიჭა).

სხვა ფილმები: "სვანური ჩანახატები" (1965), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "მუზეუმი ღია ცის ქვეშ" ("დაღესტანი", ტელეფილმი, 1972).

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში. იგი საკუთარი სტილისა და ხელნაწერის, მაღალი რანგის ხელოვანია, რომელსაც მყარი მხატვრული პრინციპები, მაღალი ზნეობრიობა საშუალებას აძლევს მოვლენები, ფაქტები, საგნები ასახოს ეპოქის შესაფერის მხატვრულ დონეზე. აბულაძე 1974-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იგი კინოსტუდია "ქართული ფილმის" პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია, 1976-იდან კი - საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებითთ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მგალობლიშვილი მ., ქსე, ტ. 1, გვ. 44, თბ., 1975
  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ.35-37, თბ., 1997
  • Зоркая Н., Тенгиз Абуладзе, წგნ.: Молодые режисёры советского кино, Л.- М., 1962