
სტამბოლი (თურქ. İstanbul — ისტანბული) — თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქი სტამბოლი ამავე სახელწოდების მეტროპოლიის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია ისევე, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ, ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან, ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რაც ანატოლიიდან მიგრანტების ჩამოსვლით იყო განპირობებული, ხოლო ამან ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია. XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღესაც იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, გამოიწვია რთული სატრანსპორტო ქსელის წარმოშობა. ქალაქი ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις, თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია (რუს. Депортация чеченцев и ингушей) ასევე ცნობილია, როგორც აარდახი (ჩეჩ. Aardax), ოპერაცია ლენტილი (რუს. Чечевица) — საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-დან ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დეპორტაცია განხორციელდა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში და მიმდინარეობდა 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით. საერთო მონაცემებით გადაასახლეს 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში. გადასახლების პერიოდში და პირველ წელს დაიღუპა 100 000 ჩეჩენი და 23 000 ინგუში, ანუ ორივე ერიდან ყოველი მეოთხე ადამიანი. დეპორტაციაში უშუალოდ იყო ჩართული 100 000 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერთი ამდენი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მეზობელ რაიონებში. გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშელონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ. დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად სახელდება მასობრივი თანამშრომლობა ოკუპანტებთან, ანტისაბჭოთა მოქმედება და ბანდიტიზმი, თუმცა ინგუშებს ფიზიკურად არ შეეძლოთ თანამშრომლობა ოკუპანტებთან ოკუპაციის არ არსებობის გამო. ფაშისტებმა დაიკავეს მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და მალევე უკან გაბრუნდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მასშტაბი და რესპუბლიკაში ბანდიტიზმი ასევე არ აღემატებოდა მეზობელ რეგიონებში მსგავს მაჩვენებლებს. აღნიშნული მონაცემები გაყალბებულია ხელისუფლების ქმედებების გასამართლებლად. დეპორტაციის რეალური მიზეზები დღემდე არაა დადგენილი. ხალხთა დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა იყო არაკანონიერი, რომელიც არცერთ სამართლებრივ აქტში არაა გათვალისწინებული.
|

ელიზაბეტ დე ვალუა (ფრანგ. Élisabeth de Valois, ესპ. Isabel de Valois; დ. 2 აპრილი, 1545, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო — გ. 3 ოქტომბერი, 1568, არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელი — ვალუას დინასტიის ანჟულიმელთა განშტოების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. ესპანეთის კოლონიური იმპერიის დედოფალი 1559-1568 წლებში როგორც ფილიპე II-ის მესამე ცოლი. დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში და გაიზარდა თითქმის მისსავე ასაკის ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ფრანსუასთან და მის მომავალ ცოლთან, შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტთან ერთად, რომელთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მშვიდი და კეთილი ელიზაბეტი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე მედიჩს, მაგრამ დედოფალს ის მაინც გამორჩეულად უყვარდა. 1551 წლიდან იგეგმებოდა მისი დაქორწინება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, თუმცა სასიძოს ადრეული გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა. ამის შემდეგ იგი დანიშნეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთადერთ ვაჟზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე. თუმცა, 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ელიზაბეტი პირდაპირ მეფე ფილიპეს შერთეს ცოლად. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ელიზაბეტის მამა. მათი მარიონეტული ქორწინება ჯერ ნოტრ-დამში შედგა, სადაც ფილიპეს როლს ალბას ჰერცოგი ასრულებდა, ნამდვილი ქორწილი კი გვადალახარაში გაიმართა. ამრიგად 14 წლის ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა, როგორც ფილიპეს მესამე ცოლი. მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი ისტორია და ლეგენდა შეთხზეს მის ცხოვრებაზე. ამათგან ყველაზე საინტერესოა ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ფარული სიყვარულის ისტორია, რომელიც ოპერა „დონ კარლოსს“ დაედო საფუძვლად.

მამედ ემინ რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Rəsulzadə; სრულად მაჰამად ემინ ახუნდ ჰაჯი მოლა ალაქბერის ძე რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Axund Hacı Molla Ələkbər oğlu Rəsulzadə); დ. 31 იანვარი, 1884, ნოვხანი, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 6 მარტი, 1955, ანკარა, თურქეთი) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) ერთ-ერთი დამფუძნებელი და აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი. აზერბაიჯანის ისტორიაში გამოჩენილი და უდიდესი პიროვნება, აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელმძღვანელი. მისი ცნობილი ფრაზა „ერთხელ აწეული დროშა აღარასდროს ჩამოვარდება!“, მეოცე საუკუნეში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოძრაობის დევიზი გახდა. მამედ ემინ რასულზადე დაიბადა 1884 წლის 31 იანვარს, ბაქოს სიახლოვეს მდებარე სოფელ ნოვხანიში. მამამისი რელიგიური მოღვაწე იყო, რომელმაც თავისი შვილი განთქმული პედაგოგის — სულთან მაჯიდ განიზადეს ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ მეორე რუსულ-მუსლიმურ სკოლაში მიიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ, რასულზადემ განათლება ბაქოს ტექნიკურ სკოლაში, რუსულ ენაზე განაგრძო. ზუსტად ამ წლებს ემთხვევა რასულზადეს მოღვაწეობის პირველი წლები აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების მხრივ, სადაც პირველი რესპუბლიკური მართვის მეთოდი არა მხოლოდ მთელ თურქულ სამყაროში, არამედ მთელ ისლამურ სამყაროში რევოლუციური აღმოჩნდა. 1902 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში რასულზადემ „მუსლიმ ახალგაზრდათა ორგანიზაცია“ დააფუძნა. ეს XX საუკუნის პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც აზერბაიჯანში რუსეთის კოლონიურ მმართველობას ფარულად ებრძოდა. რასულზადემ თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა XX საუკუნის დასაწაყისში და ეროვნული მოძრაობის აქტიურობის წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი სახელწოდებით „მიუხამასი“ გაზეთ „შარგი-რუს“-ში გამოქვეყნდა.
|