მაია თომაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაია თომაძე
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1954
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი, 1994 (40 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ეროვნება ქართველი

მაია თომაძე (დ. 26 ივნისი, 1954, თბილისი — გ. 18 დეკემბერი, 1994) — ქართველი მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ თბილისში. მაია თომაძემ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს.

მას ადრეული ასაკიდანვე ეტყობოდა, აბსოლუტური სმენა და უნიკალური ხმის ტემბრი. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ პატარაობაში სიმღერას უშლიდნენ და ფუნდამენტურ მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ: 5 წლისა ვიოლინოზე მიაბარეს, 8 წლისა კი უკვე იგორ სტრავინსკის ისმენდა. მუსიკალური ტექნიკუმიც ვიოლინოს დიპლომით დაასრულა. კონსერვატორიაში კი უკვე ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1976 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (სოპრანო).

1980–1983 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. 1983 წლიდან კვლავ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1986 წლის ნოემბერში, ბარსელონაში, მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე, წარმატებით გაიარა სამივე ტური, პირველ ტურში, მისმა ნამღერმა ესპანურმა რომანსმა მარტო მაყურებლის კი არა, მუდამ თავშეკავებული ჟიურის მქუხარე ტაშიც კი დაიმსახურა ჟიურიში კი იყვნენ, ისეთები როგორებიც არიან: მონსერატ კაბალიე, ირინა არხიპოვა, ჯუზეპე დისტეფანო, რენტა კუპერი, მაგდა ალივიერო).

გამარჯვებულთა კონცერტზე შეასრულა ლეონორასა და აიდას არიები, მერე კი მსმენელის დაჟინებული თხოვნით დიმიტრი არაყიშვილის „ქალის ურმული“ და უკვდავი „სულიკო“.

მის აფიშას მიეწერა, ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პირველი პრემიისა და გრან პრის მფლობელი; წარმატებით ასრულებდა სოპრანოს ყველა წამყვან პარტიას ქართულ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთერის პარტია (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), იგი აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო როლად (1977 წელი, 1987 წელი), თამარი (ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), სილვანა (გია ყანჩელის „და არს მუსიკა“), იოლანტა (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“), დონა ანა (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“), აიდა, ელისაბედი (ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „დონ კარლოსი“), ფატა მორგანა (სერგეი პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული“).

მაია თომაძეს ჰქონდა იშვიათი სილამაზის რბილი ტემბრის ხმა. 1992 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან; „გედის სიმღერად“ იქცა მის მიერ შესრულებული ეთერის პარტია ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე (1994 წელი).

1987 წელს მაია თომაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 113;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]