ლევან კობიაშვილი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან კობიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 10 ივლისი, 1977 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი საქართველოს სსრ, სსრკ | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მარცხენა მცველი / ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1983–1992 | ავაზა | ||
1992–1993 | გორდა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–1994 | გორდა | 48 | (0) |
1995–1998 | დინამო | 36 | (3) |
1997 | → ალანია | 21 | (5) |
1998–2003 | ფრაიბურგი | 149 | (30) |
2003–2010 | შალკე 04 | 168 | (9) |
2010–2014 | ჰერტა | 101 | (7) |
სულ | 523 | (54) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1994 | საქართველო 17 წლ. | 2 | (0) |
1995 | საქართველო 21 წლ. | 1 | (0) |
1996–2011 | საქართველო | 100 | (12) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ლევან კობიაშვილი (დ. 10 ივლისი, 1977, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი. თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბებში: „ფრაიბურგში“, „შალკეში“ და „ჰერტაში“. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩი ითამაშა. კობიაშვილს საკლუბო მატჩების უმრავლესობა მარცხენა მცველის პოზიციაზე აქვს ჩატარებული. იშვიათად თამაშობდა მარცხენა ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა კობიაშვილი საქართველოს ნაკრებშიც. კობიაშვილის ძლიერი მხარედ მისი ამტანიანობა, კარგი პასი და ძლიერი მარცხენა ფეხი მიიჩნეოდა. 2015 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კობიაშვილი ექვსი წლის ასაკში შეიყვანეს მშობლებმა სპორტ-სკოლა „ავაზაში“, სადაც იგი თამაშობდა 1994 წლამდე. „ავაზაში“ კობიაშვილი შეამჩნია რევაზ ძოძუაშვილმა და ის „დინამოს“ მეორე გუნდში წაიყვანა, მაგრამ ძოძუაშვილიცა და კობიაშვილიც მალე გაუშვეს დინამოდან.[1] ძოძუაშვილმა კობიაშვილი თავის ახალ გუნდში მიიწვია და 1994 წელს კობიაშვილი ჩაირიცხა რუსთავის „გორდას“ რიგებში, სადაც დაიწყო კიდეც 17 წლის კობიაშვილის მისი პროფესიონალური კარიერა.
1995 წლის ზაფხულში „დინამოში“ სინჯებზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიწვიეს, მათ შორის აღმოჩნდა ლევან კობიაშვილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის, დავით ყიფიანის სურვილის შესაბამისად კობიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს.[1] კობიაშვილი „დინამოში“ წელიწადნახევარი გაჩერდა, შემდეგ კი ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გაანათხოვრეს. რუსეთში კობიაშვილს კარგი სეზონი ჰქონდა. სეზონის ბოლოს მან ტრავმა მიიღო და ამიტომ სულ 21 მატჩში ითამაშა, მაგრამ, მიუხედავად ამისა გოლების გატანა მოასწრო, მათ შორის უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წლის ბოლოს კობიაშვილი ლიგის საუკეთესო დებიუტანტად, ახალგაზრდა ფეხბურთელად და ლეგიონერად დაასახელეს.[1]
1998 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგში“ გააგრძელა კარიერა. „ფრაიბურგში“, რომელსაც ფოლკერ ფინკე წვრთნიდა, ქართველი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი კიკნაძე ირიცხებოდნენ. ფოლკერ ფინკე საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ნაკრების თამაშებს ესწრებოდა. სწორედ, ერთ-ერთი სანაკრებო თამაშის დროს დაინტერესდა იგი ლევან კობიაშვილით.[1]
კობიაშვილი დაეხმარა გერმანულ კლუბს ბუნდესლიგაში დაწინაურებაში. შემდეგ სეზონში კლუბმა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და 2001 წელს დიდ წარმატებასაც მიაღწია, სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო რაუნდზე გავიდა. მიუხედავად ამისა, შემდეგი სეზონი „ფრაიბურგმა“ ჩააგდო და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. 2003 წელს კლუბმა მეორე ბუნდესლიგა მოიგო და პირველს დაუბრუნდა. კობიაშვილი კი „შალკეში“ გადავიდა. „შალკე“ იმ დროს ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რომელიც ევროტურნირებშიც რეგულარულად მონაწილეობდა და იმ პერიოდში მიუნხენის „ბაიერნის“ შემდეგ გერმანიაში ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლებოდა. კობიაშვილი ახალ კლუბშიც შეუცვლელ ფიგურად იქცა.[1]
კობიაშვილის პირველი მწვრთნელი გელზენკირხენში იუპ ჰაინკესი იყო. „შალკეში“ კობიაშვილი ორჯერ, 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი და 2005 წელს გერმანიის თასის ფინალისტი. 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში „პსვ ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ კობიაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იმ წელს კობიაშვილი დაეხმარა გუნდს, მიეღწია უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე, სადაც მომავალ ჩემპიონ „სევილიასთან“ დამარცხდა. 2008 წელს კლუბმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა. „შალკეში“ გატარებული 6,5 წლის მანძილზე კობიაშვილი გუნდის რეკორდსემნთა შორის მოხვდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩატარებული მატჩების ოდენობითა და გატანილი გოლებით. 35 საერთაშორისო მატჩით ის „შალკეს“ ფეხბურთელთა შორის მესამეა.[2] ხოლო საერთაშორისო შეჯიბრებებზე გატანილი შვიდი გოლით კი საუკეთესოა კლაუს ფიშერთან, კევინ კურანისთან და ლინკოლნთან ერთად.[3]
2010 წლის 1 იანვრიდან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტაში“ გადავიდა. მან ხელშეკრულება 2010 წლის ივნისამდე გააფორმა და იმავე წლის მაისში 3 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. 2011–2012 წლების სეზონის ბოლოს „ჰერტამ“ ითამაშა მეორე ბუნდესლიგაში გასავარდნი ფლეი-ოფი დიუსელდორფის „ფორტუნას“ წინააღმდეგ, რომელიც 4-3 დათმო. მატჩის დასრულების შემდგომ კობიაშვილმა სცემა მთავარ მსაჯს, ვოლფგანგ შტარკს, რის გამოც მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მოგვიანებით გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ 7,5 თვით შეუმცირა მას სასჯელი. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია, რაც გერმანულ პროფესიულ ფეხბურთში გამოუყენებიათ.[4] 2013 წლიდან კობიაშვილმა კვლავ განაგრძო „ჰერტას“ შემადგენლობაში ასპარეზობა.
2013–2014 წლების სეზონში ბუნდესლიგაში დაბრუნებული „ჰერტას“ რიგებში ლევან კობიაშვილმა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. მათ შორის იყო მატჩი დორტმუნდის „ბორუსიასთან“, სადაც ლევან კობიაშვილს რობერტ ლევანდოვსკის მეურვეობა დაევალა. ლევანი იმ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასევე, კობიაშვილი რამდენიმეჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.[1]
ბუნდესლიგაში კობიაშვილმა სულ 351 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. კობიაშვილი მეორე ადგილზეა არაგერმანელ ფეხბურთელთა შორის ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების ოდენობით. ის ჩამორჩება მხოლოდ კლაუდიო პისაროს. რეკორდის დამყარებაში კობიაშვილს 2012 წელს ბერლინის „ჰერტას“ ბუნდესლიგიდან გავარდნამ შეუშალა ხელი.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წელს დაიწყო. მისი დებიუტი ნორვეგიელებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ლევან კობიაშვილს ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. მათ შორის უკანასკნელი გოლი კობიაშვილმა გაიტანა 2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა სწორედ მისი გოლის წყალობით 1-0 მოიგო. ნაკრებში უკანასკნელი, მე-100 მატჩი კობიაშვილმა იმავე ტურნირზე 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩაატარა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.
შემდგომი კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილი „ჰერტას“ აკადემიაში მუშაობდა. 2015 წლის ოქტომბერში ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.[5] 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[6] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[7]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დინამო
- საქართველოს ჩემპიონი (4): 1995, 1996, 1997, 1998
- საქართველოს თასის მფლობელი (3): 1996, 1997, 1998
- საქართველოს სუპერთასი: 1996, 1997
- შალკე
- უეფას ინტერტოტოს თასის მფლობელი: 2003, 2004
- გერმანიის ლიგის თასის მფლობელი: 2006
- ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი (2): 2005, 2007
- გერმანიის თასის ფინალისტი: 2005
- პირადი
- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 2000, 2005
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი: 2024[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან კობიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან კობიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ლევან კობიაშვილი transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი eu-football.info-ზე (ინგლისური)
- ლევან კობიაშვილი RSSSF-ზე (ინგლისური)
- ლევან კობიაშვილი Kicker.de-ზე (გერმანული)
- ლევან კობიაშვილი fussballdaten.de-ზე (გერმანული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 DER PROFI ჟურნალი „ტაბულა“, 14 ივლისი, 2014
- ↑ ფეხბურთელები ჩატარებული საერთაშორისო მატჩების მიხედვით დაარქივებული 2011-05-20 საიტზე Wayback Machine. , Schalke04.de. (გერმანული)
- ↑ 20 საუკეთესო გოლეადორი ევროთასებზე დაარქივებული 2011-05-19 საიტზე Wayback Machine. , Schalke04.de.(გერმანული)
- ↑ გფფ-ს რეკორდული ჯარიმა კობიაშვილის წინააღმდეგ Spiegel online.(გერმანული)
- ↑ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. „ტაბულა“. 3.10.2015
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
|
|
|
- დაბადებული 10 ივლისი
- დაბადებული 1977
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- შალკე 04-ის ფეხბურთელები
- ფრაიბურგის ფეხბურთელები
- ბერლინის ჰერტას ფეხბურთელები
- რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები
- რუსთავის მეტალურგის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- საქართველოს წლის ფეხბურთელები
- „ქართული ოცნების“ წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები