გიორგი გახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი გახარია
გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი,
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი მღებრიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული19 მარტი, 1975 (1975-03-19) (44 წლის)

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბიოგრაფია

განათლება

1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994–2000 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 2 წლის გნამავლობაში, 2002-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში (ბიზნესის მართვის მაგისტრი). 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.

ბიზნესსაქმიანობა

2004 წლის მაისიდან 2008 წლის ნოემბერამდე იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი, რის შემდეგაც 2008 წლის ნოემბერიდან იყო Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის თებერვლამდე.

პოლიტიკური კარიერა

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის 27 ნოემბრამდე 2017 წლის 13 ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.[1] 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. იკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.[2]

შინაგან საქმეთა სამინისტრო

2017 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობაში მოხდა მთავრობის წევრების შეცვლა. ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტორსაც და გიორგი მღებრიშვილის ადგილას, 2017 წლის 13 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა გიორგი გახარია.

ქვეითი პატრული

დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ტურისტების და ტურისტული ზონების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი. ქვეითმა პატრულებმა გაიარეს 3 კვირიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი და ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. მათ გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.[3] [4] [5] [6]

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

2018 წლის 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი,[7] რომელსაც ევალება უზრუნველყოს დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.[8] დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ლონდა თოლორაია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო