შალვა ნათელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შალვა ნათელაშვილი
ShalvaNatelashvili.jpg
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1958 (1958-02-17) (61 წლის)
დაბ. ადგილი ფასანაური, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია საქართველოს ლეიბორისტული პარტია
მამა ამბროსი ნათელაშვილი
დედა დარეჯან წიკლაური
მეუღლე/ები ბელა ალანია
შვილები დარეჯან ნათელაშვილი
ბექა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი (დ. 17 თებერვალი, 1958, ფასანაური) — ქართველი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 1995-2014 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში განაგრძო სწავლა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში, სადაც მუშაობდა 1992 წლამდე.

1992 და 1995 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად. ამ პერიოდში ის საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემქმნელთა ჯგუფში იყო. 1995 წელს მან ჩამოაყალიბა ლეიბორისტული პარტია, რომელიც თანდათან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. ნათელაშვილის მტკიცებით ედუარდ შევარდნაძემ და მისმა პროტეჟეებმა — მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ — მას პარლამენტში მოსვლის საშუალება არ მისცეს 1999 წელს არჩევნების გაყალბების გზით.

ლეიბორისტული პარტიის უდიდესი წარმატება დღემდე იყო 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გამარჯვება, სადაც ნათელაშვილის პარტიამ თბილისის საქალაქო საკრებულოში ადგილების უმრავლესობა მიიღო. თუმცა ნათელაშვილმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და კულისებსმიღმა მიღწეული გარიგებით საკრებულოს თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.

ხმათა 12.5%-ის მოპოვება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების კიდევ ერთი გამარჯვება გახდა, თუმცა ეს არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდა და, შესაბამისად, შედეგები გაუქმდა. პარტიამ ვერ შეძლო ადგილების მოპოვება ხელმეორედ გამართულ არჩევნებში. ამჟამად ლეიბორისტებს ერთი წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში დუშეთიდან, ერთმანდატიანი მაჟორიტარი თემურ დოლიშვილი.

2007 წლის სექტემბერში ნათელაშვილის პარტია კოალიციაში შევიდა ცხრა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად, რომელიც ანსტისამთავრობო დემონსტრაციებს ატარებდა. ამავე წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნათელაშვილს შპიონაჟისა და მთავრობის დამხობის მოწყობის მცდელობის ბრალდებები წაუყენეს. თუმცა გადადგომამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 10 ნოემბერს, რომ ნათელაშვილი დაპატიმრებული არ იქნებოდა და ის შეძლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანიის თავისუფლად ჩატარებას. მომდევნო დღესვე გენერალურმა პროკურორმა შეარბილა მისთვის წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ნათელაშვილი მხოლოდ დაკითხვისთვის იყო დაბარებული შპიონაჟის საქმეზე მოწმის სახით. ნათელაშვილი რამდენიმე დღეში გამოჩნდა ისევ და ღიად განაცხადა საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ, რითაც ასევე გამოეთიშა ოპოზიციურ კოალიციას, რომელმაც ერთობლივ კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.

მოგვიანებით ნათელაშვილმა განაცხადა კოალიციიდან გასვლის შესახებ: „მე ვერავის ვენდობი გარდა საკუთარი თავისა, როცა საქმე საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ეხება“. ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა მისი პარტიის ძლიერ სოციალისტურ მიმართულებებს და მხარს უჭერდა უფასო ჯანდაცვას, განათლებასა და სოციალ მომსახურებას. ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ნაციონალიზაციისკენ. თუმცა, ზოგადად, პარტია პრივატიზაციის წინააღმდეგი არ არის.

ნათელაშვილი ამომრჩევლებს შეჰპირდა უფასო გაზსა და ელექტროენერგიას სამი წლის განმავლობაში, მისი გამარჯვების შემთხვევაში. მისი თქმით, ამ საფასურს დაფარავდნენ მსხვლი გადამხდელები (ანუ, საწარმოები), თუმცა ამისთვის მათ საგადასახადო შეღავათები მიეცემოდათ. ის ასევე შეჰპირდა მოსახლეობას საბჭოთა კავშირის დაშლით დაკარგული საბანკო ანაბრების თანხების ანაზღაურებას. ნათელაშვილი ასევე მხარს უჭერს კონსტიტუციურ მონარქიას. ნათელაშვილმა მიიღო ხმათა 6,49%.დაახლოებით ისეთივე შედეგი მიიღეს ლეიბორისტებმა 2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო ხმათა 1,24% და ვერ მოიპოვა ვერცერთი მანდატი. შემდეგ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ნათელაშვილი გავიდა მეოთხე ადგილზე, მიიღო ხმათა 2,88%. 2014 წელს ნათელაშვილმა დატოვა პარტიის ლიდერის პოსტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]