1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1984 წელს მიენიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — დოქტორის ხარისხი.
1991 წლიდან არის გეოქიმიის და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის ბუნებრივი წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომისიის წევრი. 1993-1999 წლებში იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის წევრი. 1995 წლიდან არის იუნესკოს ოკეანოგრაფიის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. 1994 წელს აირჩიეს საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად; 1995 წელს — საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
არის 61 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, ავტორი. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად აღიარებულია „საქართველოს გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძვლები“.
1995-1999 წლებში იყო პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2017-2020 წლებში პარლამენტის „ქართული ოცნება - მწვანეთა ფრაქციის“ თავმჯდომარე. პარლამენტში ლობირებდა გარემოსდაცვით კანონმდებლობას.