შინაარსზე გადასვლა

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე აკაკი ასათიანი
ისტორია
დაფუძნდა 1990
პოზიციები
იდეოლოგია ტრადიციონალიზმი კონსერვატიზმი მონარქიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენეობა

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირიმემარჯვენე-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. პარტია აკაკი ასათიანის ინიციატივით დაარსდა 1990 წელს. პარტიის მიზანია, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება.

1942 წელს ბერლინში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. ორგანიზაციის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და კონსტიტუციური მონარქიის დამყარება. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. ორგანიზაციის წევრები იყვნენ: ზურაბ ავალიშვილი, დავით ვაჩნაძე, შალვა ამირეჯიბი, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ გაბაშვილი, სვიმონ ციციშვილი, შალვა მაღლაკელიძე, ალექსანდრე ასათიანი და ა.შ.[1] 1990 წლის გაზაფხულზე ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა კოალიცია „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, სადაც გაერთიანდა: ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია და ჰელსინკის კავშირი. მონარქისტების ლიდერმა თემურ ჟორჟოლიანმა 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და დატოვა ბლოკი „მრგვალი მაგიდა“. თემურ ჟორჟოლიანის გადაწყვეტილებას არ მიესალმა აკაკი ასათიანი, რომელმაც დატოვა კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია და საკუთარ მომხრეებთან ერთად დააფუძნა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. ტრადიციონალისტები დარჩნენ ზვიად გამსახურდიასთან და 28 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვეს. „მრგვალი მაგიდის“ ლიდერი ზვიად გამსახურდია გახდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ტრადიციონალისტების ხელმძღვანელი აკაკი ასათიანი გამსახურდიას პირველ მოადგილედ აირჩიეს. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს პრეზიდენტად, ხოლო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა აკაკი ასათიანმა. 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ტრადიციონალისტებმა 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა და პარლამენტში 7 კაცი შეიყვანეს. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციონალისტთა კავშირი გაერთიანდა ასლან აბაშიძის საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინება-ში. 1999-2004 წლების პარლამენტში ფუნქციონირებდა ფრაქცია „ტრადიციონალისტი“, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ასათიანი. 2003 წლის სექტემბერში ტრადიციონალისტთა კავშირი გაერთიანდა საარჩევნო ბლოკში „ბურჯანაძე-დემოკრატები“.[2] ვარდების რევოლუციის შემდეგ ტრადიციონალისტები და ეროვნულ-დემოკრატები გაერთიანდნენ და 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.[3] ეროვნულ-დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების ბლოკმა ბარიერი ვერ გადალახა.