ნუგზარ საჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ საჯაია
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1941
დაბადების ადგილი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 2002 (60 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ნუგზარ საჯაია (დ. 25 დეკემბერი, 1941, სოფ. ჯვარი, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ, — გ. 25 თებერვალი, 2002, თბილისი, საქართველო) — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 1996–2002 წლებში.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ქ. თბილისის 71-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 1970-1979 წლებში — კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, მცხეთის რაიკომის მეორე მდივანი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი, კომპარტიის ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1979-1989 წლებში — კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭის დეპუტატი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. იყო მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1993 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე; 1993 წელს — საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996 წელს — პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მინიჭებული ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]