მიხეილ ნანეიშვილი
მიხეილ ნანეიშვილი | |
---|---|
მიხო | |
დაბ. თარიღი | 12 ივლისი, 1934 |
დაბ. ადგილი | თბილისი, სსრკ |
გარდ. თარიღი | 8 იანვარი, 2018 (83 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო სფერო | ფილოსოფია, პოლიტიკა |
მიხეილ ნანეიშვილი (დ. 12 ივლისი, 1934, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ— გ. 8 იანვარი, 2018) — ქართველი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში. მამა – ალექსანდრე ყარამანის ძე ნანეიშვილი, იურისტი, დედა – აგრაფინა მიხეილის ასული კალანდაძე – ექიმი, მეან-გინეკოლოგი. ალექსანდრე ნანეიშვილი 1930 წელს დააპატიმრეს და დასავლეთ ციმბირში გადაასახლეს. 1933 წლიდან თავისუფალ გადასახლებაშია ქ. იაროსლავში, სადაც მეუღლე აგრაფინა კალანდაძე ორჯერ ახერხებს მის მონახულებას. 1937 წელს ალექსანდრე ნანეიშვილს ათავისუფლებენ და იგი ბრუნდება თბილისში, სადაც ხელახლა აპატიმრებენ და დახვრეტას უსჯიან. 1938 წლის 27 აგვისტოს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.
მიხეილ ნანეიშვილი 1953 წელს, ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, ემზადება რა პიანისტის კარიერისთვის, სწავლას აგრძელებს თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს განხრით პროფესორ ანასტასია ვირსალაძის კლასში. 1955 წელს თავს ანებებს მუსიკას და აბარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის მეორე კურსიდან გარიცხულია ანტისაბჭოთა განწყობის ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით აგრძელებს სწავლას და 1961 წელს ამთავრებს უნივერსიტეტს.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლის დასრულების შემდეგ მიხეილ ნანეიშვილი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ქართული ფილოსოფიის განყოფილებაში. მისი ფიქრის და ანალიზის საგანია კულტურის ფილოსოფია, კულტურნაციონალიზმის („ნაციონალიზმის, იმანენტურად კულტურულის, ჭეშმარიტი იდეის“ ცხადმყოფის) და თავისუფლების ფილოსოფიური პრობლემატიკის ფუძისეული საკითხები. მ. ნანეიშვილის ძირეული კულტურფილოსოფემით ერი არის „კულტურის ერთადერთი ნამდვილი სუბიექტი“, ნაციონალიზმი – ერის, როგორც ასეთის, სიყვარული „კონსტიტუციური მის შვილ ერისაგანთათვის (ერი, კულტურის სუბიექტი, – პერსონიფიცირებული კულტურის ეროსი...)“.
1990 წელს დააარსა „საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია“ [1] და გახდა მისი თავმჯდომარე. პარტია მსოფლმხედველობრივად დაეფუძნა ნაციონალიზმის იდეას, რომლის „იდეოლოგიური სახე“, მ. ნანეიშვილის განმარტებით, არის კიდეც ლიბერალიზმი: „ერის ფუნქცია კულტურულ-ისტორიული შემოქმედებაა. ყოველგვარი შემოქმედების უპირველესი პირობა, არსება და მიზანი თავისუფლებაა. ამგვარად ლიბერალიზმი, როგორც თავისუფლების იდეოლოგია, ნაციონალიზმიდან გამომდინარეობს. სხვაგვარად: ჭეშმარიტი ნაციონალიზმის იდეოლოგიური სახე – ლიბერალიზმია“. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ლიბერალ–დემოკრატიული ეროვნული პარტია“. 1992-1993 წლებში იყო ფრაქცია „ლიბერალების“ თავმჯდომარე, 1992-1995 წლებში – საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.[2]. ნანეიშვილი გამოდიოდა იმდროინდელი ე.წ. რეფორმისტული ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით[3]. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ (ასეთი იყო „ვარდების რევოლუციის“ მისეული შეფასება), როცა სახელისუფლებო-პოლიტიკურ და მის მხარდამჭერ საზოგადოებრივ წრეებში „განახლებული ენერგიით იწყეს საუბარი“ საქართველოს ფედერალიზაციაზე, მ. ნანეიშვილი აყალიბებს არაპარტიულ, საზოგადოებრივ გაერთიანებას – „უნიტარული საქართველო“ ერთადერთი მიზნით – „არ დაუშვას საქართველოს ფედერალიზაცია, ყველა შემთხვევაში, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მომშლელი“. ფედერალიზმის სამართლებრივ-პოლიტიკურ ანალიზს იძლევა წერილში (2005) – „საქართველოს ფედერალიზაცია: ეროვნული თვითმკვლელობა?“, სადაც, ამასთან, ხელისუფლების ინიციატივას ააშკარავებს, როგორც „მართლაც არნახულ და არსმენილ საქმეს – ერის კონსტიტუციურ თვითმკვლელობას“.
ნაშრომი „პოლიტიკაზე – პოლიტიკის გაღმიდან“ (2008) პოლიტიკურ-ფილოსოფიური, მეტად ღირებული დებულებების ფონზე წარმოაჩენს „უისტორიო პერიოდის“ „შემოქმედი“ ხელისუფლების, ზნეობრივად (და მაშასადამე, პოლიტიკურადაც) აბსოლუტურად შეურაცხადის, საქმიანობას, მის უშვერ კარიკატურულ „ანტიპოლიტიკურ პოლიტიკას“.
ნანეიშვილის ფილოსოფიური განსჯის უმთავრესი საგანი იყო თავისუფლების პრობლემა, რომელსაც უძღვნა თავისი ცხოვრების წიგნი – „თავისუფლება“ და თავისუფლება: სიტყვა და ცნება (2012) – თავისუფლების ძირითადი, ანთროპოლოგიური ასპექტის ფუნდამენტური ნაკვლევი. ავტორის არსებითი იდეა, მის მიერ ფორმულირებული ერთ-ერთი „მუხლედით“, ასე გადმოიცემა: „თუკი ადამიანი მართლაა ღმრთის „ხატი და მსგავსი“, ეს – მხოლოდ და სწორედ როგორც თავის-უფალი: თავისი ზეციერი უფლის „ხატი და მსგავსი“ – თავის ქვეყნიერი უფალი; და როგორც ასეთი – თავის-მაცხოვარიც“.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილოსოფიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „თავისუფლება“ და თავისუფლება: სიტყვა და ცნება (2012)
- ილია ჭავჭავაძის სააზროვნო საგნის რაობისთვის;
- აკაკი წერეთელი ანუ კულტურნაციონალიზმი, როგორც პოეზიის დედა იდეა (2015);
- ნიკოლოზ ბარათაშვილი (2016);
- ალექსანდრე ყაზბეგი ანუ „კალამი, ნაწები სისხლის გუბეში“ (2017);
- გალაკტიონ ტაბიძე (დაუსრულებელი)
და სხვ.
პოლიტიკურ-ფილოსოფიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არასაიმედო იმედი;
- ქართველი ინტელიგენცია, რას წარმოადგენს იგი დღეს (1995)
- რა გვჭირს და რა გვჭირდება(1993);
- ერთი ძალად „საჭირბოროტო“ საკითხის გამო (2001) და სხვ.
- საქართველოს ფედერალიზაცია: ეროვნული თვითმკვლელობა?;
- პოლიტიკაზე – პოლიტიკის გაღმიდან (2008)
მიხეილ ნანეიშვილის მრავალრიცხოვანი სტატიები და ინტერვიუები აღბეჭდილია ქართველი ერის, ეროვნული „ცხოვრება-კულტურის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემატიკის სიღრმისეული, ჯეროვან-ორიგინალური გააზრებით.
გარდაიცვალა 2018 წელის 8 იანვარს, 83 წლის ასაკში.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ნანეიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ ნანეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- მიხეილ ნანეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მიხეილ ნანეიშვილი. საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
- ↑ ნანეიშვილი მიხეილ. საქართველოს V მოწვევის პარლამენტი (1999 - 2004 წწ.)
- ↑ პარლამენტარ მიხეილ ნანეიშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც სათავეში დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი უდგას, მემარცხენე-ექსტრემისტული ორგანიზაციაა. რადიო „თავისუფლება“. მაისი 19, 2002.
- ↑ გიორგი კვირიკაშვილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. InterPressNews. 9 იანვარი, 2018.
|