გიორგი ოჩიაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგი ოჩიაური
სრული სახელი გიორგი ოჩიაური
დაიბადა 10 იანვარი, 1927
დაბადების ადგილი სოფ. ახიელი, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ
გარდაიცვალა 18 ოქტომბერი, 2017 (90 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მოქანდაკე, მხატვარი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

გიორგი (გოგი) ოჩიაური (დ. 10 იანვარი, 1927, ახიელი ან შუაფხო, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 2017) — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1980), პროფესორი (1982-იდან). საქართველოს 1-ელი (1990–1991) და მე-8 (2012–2015) მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. 1962–1978 წლებში იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული ოსტატობა, მეტყველი, გამომსახველობითი პლასტიკა, ფორმის კარგი გრძნობა, სახეთა ფსიქოლოგიური სიღრმე, პოეტური განწყობილება.

არის ავტორი ნამუშევრებისა: მელიტას პორტრეტი (1955, ტერაკოტა, თბილისის სამხატვრო გალერეა), მეუღლის პორტრეტი (1962; ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), თბილისის ქორწინების სახლის ფასადის ბარელიეფი „შენ ხარ ვენახი“ (ქვა, 1964), სკულპტურული კომპოზიცია „ზღვა“ (კურორტ ბიჭვინთის მთავარი შესასვლელის გაფორმება, ქვა, 1970), ვაჟა-ფშაველას მონუმენტი თბილისში (1953, ბრინჯაო), „სიცოცხლის ხე“ (ლითონი, 1977, ტექსელი, ნიდერლანდები), „აჯანყებული“ (ბრინჯაო, 1981, ლანჩხუთი), „მადლიერი დედა“ (გამარჯვების პარკის მემორიალი, ნაჭედი, სპილენძი, 1981, ახლანდ. ვაკის პარკი, თბილისი), მემორიალური კომპლექსი „რექვიემი“ (ბრინჯაო, 1981-1985, გამარჯვების პარკი, დღეს გორში); ალეგორიური ქანდაკებები: „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); გრაფიკა: ვაჟა-ფშაველას ლექსების „ახალგაზრდა პოეტებს“, „იას უთხარით ტურფასა“ (1961) ილუსტრაციები.

არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორია სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

გარდაიცვალა 2017 წლის 18 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში.[1] დარჩა მეუღლე და შვილები. მისი ძმა ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა მოქანდაკე გიორგი ოჩიაური. „რადიო თავისუფლება“. 18.10.2017