ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
| ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | |
|---|---|
|
| |
| ხელმძღვანელობა | |
| ლიდერი | გოჩა ჯოჯუა |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | თებერვალი, 2008 |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია | ქრისტიან-დემოკრატია |
| პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
| საერთაშორისო კავშირები | |
| საერთაშორისო აკრედიტაცია | IDU-ს სრული წევრი [1] |
| წარმომადგენლობითობა | |
| პარლამენტი |
0 / 150 |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა — მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია დააფუძნეს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა 2008 წლის თებერვალში. პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა პირველივე არჩევნებში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისინი გავიდნენ მესამე ადგილზე, მიიღეს ხმათა 8,66 % და 6 მანდატი პარლამენტში.
პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში. ამ არჩევნებში პარტია უკვე მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 11,9 %-ით. პარტიის შედეგები უკეთესი იყო რეგიონებში, ვიდრე თბილისში. 2010 წლის საკრებულოში პარტია სამი მანდატით იყო წარმოდგენილი — ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია და კახა ბროკიშვილი, რომელმაც ინგა გრიგოლია შეცვალა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა.[2]
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია, მართალია, გავიდა მესამე ადგილზე, მაგრამ მიიღო ხმათა 2,04% და დარჩა პარლამენტს მიღმა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, მიიღო ხმათა 1,06% და გავიდა მეხუთე ადგილზე. ამის შემდეგ, 2014 წლის მარტში გიორგი თარგამაძე წავიდა პოლიტიკიდან.[3] 2014 წლის გაზაფხულზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“. 2014 წლის 6 მაისს გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარედ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე. ქრისტიან-დემოკრატთა ნაწილმა გააპროტესტა ყრილობის გადაწყვეტილება. პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ 6 მაისს მოწვეულ ყრილობას (სადაც ბურჯანაძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს) არ ესწრებოდა „ქდმ“-ს დელეგატების უდიდესი უმრავლესობა, ვისაც პარტიის ახალი თავმჯდომარის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ქდმ-ს რაიონული ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ყრილობას არ ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც ყველა ნორმის მიხედვით დელეგატებად უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა ჯოჯუამ პარტიის წევრებთან ერთად დაიწყო სამართლებრივი დავა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ. 2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 მაისს გამართული ყრილობის გადაწყვეტილება არალეგიტიმურად მიიჩნია. [4] 2017 წლის 8 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარედ არჩევა ბათილად გამოაცხადა. 2017 წლის 17 სექტემბერს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს გოჩა ჯოჯუა.[5]
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 2008 | საპარლამენტო | 8.66% | 6 მანდატი |
| 2010 | ადგილობრივი | 11.9% | მეორე ადგილი |
| 2012 | საპარლამენტო | 2.04% | ვერ გადალახა ბარიერი |
| 2013 | საპრეზიდენტო | 1.06% | მეხუთე ადგილი |
| 2018 | საპრეზიდენტო | 0.12% | მეთხუთმეტე ადგილი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქ.დ.მ. IDU -ს სრული წევრი გახდა
- ↑ „თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს“. პუბლიკა. 20 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს
- ↑ ნინო ბურჯანაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეობა არალეგიტიმურად ცნო
- ↑ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობამ თავმჯდომარედ გოჩა ჯოჯუა აირჩია