თემურ კოხოძე
თემურ კოხოძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1959 ბაღდათი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
ორგანიზაცია | თეგეტა მოტორსი — დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე |
მეუღლე(ები) | დიახ |
შვილ(ებ)ი | 3 |
თემურ კოხოძე (დ. 2 მარტი, 1959, ბაღდათი) — ქართველი ბიზნესმენი, „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემურ კოხოძე ფლობს ინჟინრის დიპლომს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომექანიკური ფაკულტეტი, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ინჟინრის სპეციალობით.
კოხოძეს ავტოინდუსტრიაში საქმიანობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. 1988-1990 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია „სოვტრანსავტოში“ და იკავებდა SOVAVTO ფოთის ფილიალის ექსპლუატაციის უფროსის თანამდებობას, შემდეგ კი დირექტორის მოადგილის პოზიციას.
1995 წელს დააარსა შპს „იკარუსი“, რომელიც საქართველოში ავტობუსების ნაწილების პირველი ოფიციალური შემომტანი გახდა. 1996 წელს კომპანიამ „ავტოექსპორტის“ სახელით დაიწყო პოზიციონირება, სადაც თემურ კოხოძე დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა. ამავე პერიოდში კოხოძემ ისტორიული ხელშეკრულება დადო იაპონური ავტოინდუსტრიის ბრენდთან „ბრიჯსტოუნთან“.
2001 წლიდან კომპანია ბაზარზე უკვე „თეგეტა მოტორსის“ სახელით ოპერირებს და თემურ კოხოძე გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.
2007 წელს თემურ კოხოძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, რის გამოც მან „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის პოზიცია დატოვა. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბაღდათის მაჟორიტარი). 2012 წლის ბოლოს თემურ დეპუტატის მანდატი დატოვა და კვლავ აქტიურად ჩაერთო „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტში.
2012 წლის შემდეგ თემურ კოხოძე პოლიტიკურ საქმიანობაში აღარ მონაწილეობს. „თეგეტა მოტორსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ის 2019 წლიდან დღემდე იკავებს. „თეგეტა“ დღეს უკვე ჰოლდინგური კომპანიაა და სრულიად საავტომობილო ეკოსისტემას აერთიანებს. დღეს „თეგეტა“ უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს.
„თეგეტას“ გარდა, თემურ კოხოძე ასევე არის ბალნეოლოგიურ კურორტ „საირმის“ დამფუძნებელი. საირმე იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სამკურნალო წყლებით გამოირჩევა.
2019 წელს კი თემურ კოხოძემ დააფუძნა „ბაღდათის განვითარების ფონდი“, რომელიც რეგიონში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ორგანიზაცია ბაღდათში არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, ისე საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თემურ კოხოძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თემურ კოხოძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თეგეტას სიჩქარით forbes.ge