გივი გიგინეიშვილი
გივი გიგინეიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 ივლისი, 1935 |
გარდ. თარიღი | 16 ივლისი, 2007 (72 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ნათესავ(ებ)ი | ბესარიონ ყავრიშვილი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
გივი გიგინეიშვილი (დ. 15 ივლისი, 1935 — გ. 16 ივლისი, 2007) — ქართველი გეოგრაფი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მოღვაწეობდა ჰიდროლოგიაში. გეოგრაფიის მეცნიერების დოქტორი (1979).
1988-1996 წლებში წლებში იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1996-2007 წლებში — პრეზიდენტი. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2000 წლიდან). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მომზადდა და დამტკიცდა 20-ზე მეტი კანონი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში.
1953 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1958 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1957 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1980-1995 წლებში ხელმძღვანელობდა ჰიდროლოგიის განყოფილებას, სადაც ეკავა მთავარი მეცნიერ თანამშრომლის პოზიცია. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიგინეიშვილის შრომები ძირითადად შეეხება კარსტის ჰიდროლოგიის აქტუალურ საკითხებს, მთის ჰიდროლოგიას, კავკასიისა და საქართველოს წყლის ბალანსისა და წყლის რესურსების შესწავლას, გარემოს დაცვის პრობლემებს. იგი 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორია. მისი შრომების გარკვეული ნაწილი გამოყენებითი მნიშვნელობისაა. მისმა გამოკვლევებმა აღიარება ჰპოვეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (მაგალითად, კუბის წყლის რესურსების შეფასებისა და წყლის ბალანსის გაანგარიშებისთვის ფართოდ გამოიყენება გივი გიგინეიშვილის მეთოდიკური სისტემა).
დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (1984), აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (1962) საპატიო სიგელებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო პრემიით (1981), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემიით (1993) და ღირსების ორდენით (2000). აღსანიშნავია, რომ გივი გიგინეიშვილის ბიძა იყო საქართველოში ჰიდროლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი ბესარიონ ყავრიშვილი. გივი გიგინეიშვილი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ივლისს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს რესპუბლიკა — გახსენება: გივი გიგინეიშვილი[მკვდარი ბმული] სსიპ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 380, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი გიგინეიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი გიგინეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- დაბადებული 15 ივლისი
- დაბადებული 1935
- გარდაცვლილი 16 ივლისი
- გარდაცვლილი 2007
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ქართველი გეოგრაფები
- ქართველი საზოგადო მოღვაწეები
- ქართველი პოლიტიკოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორები