ფრიდონ თოდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრიდონ თოდუა
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1944
დაბადების ადგილი ზუგდიდი
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 2017 (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ფრიდონ თოდუა (დ. 9 იანვარი, 1944, ზუგდიდი, საქართველოს სსრ — გ. 7 ოქტომბერი, 2017) — ქართველი ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1944 წელს ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968-1991 წლებში მუშაობდა ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში რიგითი ექიმიდან წამყვანი განყოფილების ხელმძღვანელამდე.

1991 წელს თბილისში დააარსა კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც შემდგომში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და 2017 წლამდე იყო მისი უცვლელი დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). 1995-2017 წლებში იყო „საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის“ და „ტელემედიცინის ასოციაციის“ პრეზიდენტი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი.

1998-2017 წლებში — ჟურნალ „საქართველოს რადიოლოგიის მაცნე“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეზიდენტურის პროგრამდირექტორი სპეციალობაში „რადიოლოგია“, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის და ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრების გამგე. 2001 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგია. 2005 წელს არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პერზიდენტად და საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრად.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრია. ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი. არის რამდენიმე ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი. 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. 15 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

არის საბჭოთა კავშირის (1988) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი მეცნიერების დარგში. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. არის თბილისის საპატიო მოქალაქე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]