ირაკლი ბათიაშვილი (პოლიტიკოსი)
ირაკლი ბათიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ივლისი, 1961 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ირაკლი ბათიაშვილი (დ. 8 ივლისი, 1961, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბათიაშვილი ირაკლი დაიბადა 1961 წლის 8 ივლისს თბილისში. დაამთავრა თბილისის #1 საშუალო სკოლა. 1978-1983 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1986 წლიდან ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. 1983-1990 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი.
ირაკლი ბათიაშვილი 1992 წლის 2 მაისიდან 1993 წლის 11 ოქტომბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი. მან ეს თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. 1994-1995 წლებში იყო კონფლიქტების ანალიზისა და პროგნოზირების კვლევითი ცენტრის უფროსი, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2002-2003 წლებში — პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წელს დაამთავრა საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი განათლების ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრი. 2003 წელს გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2004-2006 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2004 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2007 წლის 23 აგვისტოს ირაკლი ბათიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,315 მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წელს, ციხეში ყოფნის პერიოდში, არჩეულ იქნა „ქართული აკადემიის“ საპატიო წევრად. 2008 წლის 11 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის #14 განკარგულების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილი გათავისუფლებულ იქნა. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2010 წლიდან სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრია.
გამოცემული აქვს ფილოსოფიური ნაშრომები:
- „ვირუსები“,
- „ცხოველების ფერმა“,
- „თანამედროვე დემოკრატიების კრიზისი და ახალი ათვლის წერტილი“,
- „მანკიერი წრე“,
- „ბრძოლა კავკასიისთვის“,
- „ექსისტეცი და დეპერსონალიზაცია“,
- „დანაღმული ველი“ (2009 წ.),
- „შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“ (2010 წ.),
- „სამყაროთა შეჯახება და საქართველოს ბედი“ (2011 წ.).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 125, ISBN 978-9941-0-5532-4.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირაკლი ბათიაშვილი (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი ბათიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|