მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი (გოკა) კონსტანტინეს ძე გაბაშვილი (დ. 9 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
1991-1994 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში — გერმანისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1997 წელს მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. 1998 წელს მუშაობდა გერმანიაში, ბონის გერმანიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში. 1998-2002 წლებში მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“, 2000-2002 წლებში უძღვებოდა საავტორო ტელეპროექტს „აზრი“, იყო პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ გენერალური მდივანი. 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. მე-8 მოწვევის პარლამენტში იყო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.