ალექსანდრე ანქვაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ანქვაბი
აფხ. Алықьсандр Золотинска-иҧа Анқәаб
ალექსანდრე ანქვაბი აფხ. Алықьсандр Золотинска-иҧа Анқәаб
სეპარატისტული აფხაზეთის „პრეზიდენტი“
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აგვისტო 2011 – 1 ივნისი 2014

დაბადებული26 დეკემბერი, 1952
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნებააფხაზი
პოლიტიკური პარტიააითაირა
პროფესიაიურისტი

ალექსანდრე ზოლოტინსკის ძე ანქვაბი (აფხ. Алықьсандр Золотинска-иҧа Анқәаб, ქართ. ტრანს. ალჷქსანდრ ზოლოტინსკა-იფა ანქჿაბ; დ. 26 დეკემბერი, 1952, სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ) — სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი 2011 წლის 26 აგვისტოდან 2014 წლის 1 ივნისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს დაამთავრა როსტოვის იურიდიული ინსტიტუტი, სკკპ–ს ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.

აქვს იურიდიული განათლება და მრავალწლიანი კომკავშირული მუშაობის გამოცდილება.

1975–დან 1981 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ–ის იუსტიციის სამინისტროში, კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, კომკავშირის გუდაუთის რაიონის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუდაუთის რაიონის რაიონული განყოფილების უფროსად.

1981–დან 1983 წლამდე მუშაობდა თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრული კომიტეტის აპარატში ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო და ეკონომიკური ანალიზის სექტორის გამგედ, ადმინისტრაციული ორგანოების მმართველის მოადგილედ.

1984–დან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ აპარატს მინისტრის მოადგილის რანგში.

1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992–1993 წლებში, ვლადისლავ არძინბას მთავრობაში იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

1994–2000 წლებში ცხოვორბდა მოსკოვში, ეწეოდა ბიზნესს. სოხუმში დაბრუნებულმა დააარსა პირველი ოპოზიციური მოძრაობა „აითაირა“. 2004 წელს აპირებდა ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლო კანდიდატურის წამოყენება, რადგან ვერ აკმაყოფილებდა პრეზიდენტობის კანდიდატობის პირობებებს (სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში).

ანქვაბმა გადაწყვიტა, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაეჭირა სერგეი ბაგაფშისთვის, რამაც ამ უკანასკნელს დამატებითი ხმები მოუტანა.

2009 წელს არჩეულ იქნა რიგით მე-3 ვიცე-პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2010 წლის 12 თებერვლიდან.

სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ (29 მაისი, 2011) კენჭი იყარა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე. 26 აგვისტოს „არჩევნების“ პირველსავე ტურში მოიპოვა გამარჯვება ხმების 54,86%-ით (სულ 58657 ხმა). 2014 წლის 1 ივნისს ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა ოპოზიციისა და პარლამენტის მოთხოვნის შემდეგ.

ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდი გამოირჩეოდა დაძაბულობებით. ოპოზიციური „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“, რომლის ლიდერსაც რაულ ხაჯიმბა წარმოადგენდა, მწვავედ აკრიტიკებდა ანქვაბისა და მისი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ხაჯიმბა ანქვაბს ერთპიროვნულ მართვას, დახურული ტიპის საბჭოთა მმართველობის დამკვიდრებასა და კორუფციაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი კორუმპირებული ელიტის ჯიბეებში მიდიოდა. რაც შეეხება „საგარეო პოლიტიკას“, ხაჯიმბა ანქვაბს საქართველოსთან ურთიერთობას უწუნებდა და „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ საქართველოსთვის საზღვრის სრული ჩაკეტვისკენაც კი მოუწოდებდა.

2005, 2007, 2010 და 2012 წლებში, ალექსანდრე ანქვაბმა საერთო ჯამში ექვსი თავდასხმა გადაიტანა. 2010 წლის სექტემბერში გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში მდებარე მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული თავდასხმა მართვადი ნაღმების, ტყვიამფქვევებისა და ნაღმრტყორცნების გამოყენებით, 2012 წლის 22 თებერვალს გუდაუთის რაიონში მოხდა. თავდასხმას დე ფაქტო პრეზიდენტის ორი პირადი მცველი შეეწირა.

შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ხელისუფლების ოპოზიციასთან დაპირისპირებამ, პიკს 2014 წლის მაისის ბოლოს მიაღწია. 27 მაისს ანქვაბს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც შენობაში მომიტინგეები შეიჭრნენ, რომლებიც მას „ავტორიტარულ მმართველობაში“, რუსული ფინანსური დახმარების არასწორ ხარჯვაში და კორუფციისა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების უუნარობაში ადანაშაულებდა. სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 2014წლის 31 მაისს რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს „არ შეუძლია“ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება და ამიტომ 24 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ინიშნება. იმავე რეზოლუციით სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ „პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მოვალეობები“ პარლამენტის სპიკერს ვალერი ბგანბას დააკისრა.

ალექსანდრე ანქვაბმა 2014 წლის 1 ივნისს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

2017 წლის მარტიდან ანქვაბი აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების (საკანონმდებლო ორგანო) მეექვსე მოწვევის დეპუტატია, რომლის ფარგლებშიც ორი კომიტეტის — სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის და ასევე, ბიუჯეტის, საკრედიტო ორგანიზაციათა, საგადასახადო და საფინანსო საქმეთა კომიტეტის წევრია.

ანქვაბზე განხორციელებული ტერაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან დღემდე ალექსანდრე ანქვაბზე ხუთი ტერაქტი განხორციელდა.

  • პირველად, 2005 წლის თებერვალში მის ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს;
  • ანალოგიურ ვითარებაში განხორციელებულ მეორე თავდასხმას გადაურჩა ის 2005 წლის აპრილშიც. მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან. ჯიპში დათვალეს 17 ნატყვიარი. თავად ანქვაბი არ დაზარალებულა, ჭრილობა მიიღო დაცვის მანქანის მძღოლმა;
  • მესამე შემთხვევას 2007 წლის ივნისში ჰქონდა ადგილი, როცა აფხაზურმა ინტელიგენციამ განაცხადა, რომ აფეთქებული დისტანციური მართვის ნაღმის „ფუგასის“ სამიზნე ანქვაბი იყო;
  • მეოთხე თავდასხმა კი ყოფილ პრემიერზე იმავე წლის ივლისში განხორციელდა, როცა მის მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს და შედეგად მან მცირე დაზიანება მიიღო ზურგის არეში;
  • 2010 წლის 22 სექტემბერს დილის 04:00 საათზე აფხაზეთში სეპარატისტული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა განხორციელდა. გუდაუთის რაიონში ალექსანდრ ანქვაბის ნათესავების სახლს, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ბოლო წლებია ცხოვრობს, РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ანქვაბი ყუმბარის ნამსხვრევებისგან ხელსა და ფეხში დაიჭრა. როგორც თავად ანქვაბმა განაცხადა, უცნობების მიერ ყუმბარმტყორცნიდან ნასროლი ჭურვი იმ ოთახში შევარდა (სხვა ვერსიით, სახლის სახურავს მოხვდა), სადაც ეძინა. სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს კი აუცილებელი სამედიცინო დახმარება სახლის პირობებში ჩაუტარდა, მან უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თქმით, ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა გამიზნული. "ამჟამად ალექსანდრ ანქვაბის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიჭირს იმის თქმა, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან, მაგრამ ერთში ეჭვი არ მეპარება - ეს რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის კეთდება", - განაცხადა მან. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფას ეხება.[1][2][3][4][5][6][7]
  • 2012 წლის 22 თებერვალს, ალექსანდრე ანქვაბზე მეექვსე თავდასხმა განხორციელდა. 08:30 საათზე, გუდაუთა-სოხუმის გზაზე მიმავალ მის ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა, დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ორი გარდაიცვალა.[8][9]

ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმიდან, დღემდე არც ერთი არ არის გახსნილი.

საპრეზიდენტო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანქვაბის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში, გალის რაიონის სკოლებიდან იმ კადრების გათავისუფლება დაიწყეს, რომლებმაც მას მხარს არ დაუჭირეს. კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს გალის მეორე სკოლისა და ფიჩორის სკოლის ქართველი დირექტორები. პირველ შემთხვევაში ქართველი დირექტორი ეროვნებით აფხაზით იქნა ჩანაცვლებული.[10]

2014 წლის მაისში ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და სახალხო მღელვარების შედეგად ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. ალექსანდრ ანქვაბი დაჭრეს_ 23-09-2010
  2. სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტზე თავდასხმა განხორციელდა_სივილ ჯორჯია, თბილისი, 23 სექტემბერი, 2010
  3. _სივილ ჯორჯია, თბილისი, 9 ივლისი, 2007
  4. ანქვაბი უარყოფს ხმებს მასზე თავდასხმაში თბილისის მონაწილეობის თაობაზე _სივილ ჯორჯია, თბილისი, 16 ივლისი, 2007
  5. ნაღმის სამიზნე ანქვაბი იყო - აფხაზეთის ინტელიგენცია_სივილ ჯორჯია, თბილისი, 28 ივნისი, 2007
  6. ანქვაბზე მორიგი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა_სივილ ჯორჯია, თბილისი, 2 აპრილი, 2005
  7. მთავრობაში არსებული დაპირისპირების ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სიკვდილს გადაურჩა_სივილ ჯორჯია, თბილისი, 1 მარტი, 2005
  8. აფხაზეთის ლიდერი მორიგ თავდასხმას გადაურჩა. „სივილ ჯორჯია“, თბილისი / 22 თებერვალი, 2012.
  9. გალის რაიონში ალექსანდრე ანქვაბზე თავდამსხმელების ძებნის ოპერაცია გრძელდება. presage.tv, 23.02.2012.
  10. ანქვაბი განათლების სფეროში საკადრო წმენდას აგრძელებს // Information Agency 'PirWeli'