ვახტანგ ბოჭორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოჭორიშვილი.
ვახტანგ ბოჭორიშვილი
დაბ. თარიღი 25 მარტი 1924(1924-03-25)
დაბ. ადგილი გიორგეთი
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი 2002(2002-09-11) (78 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ალმა-მატერი ხარკოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი

ვახტანგ ბოჭორიშვილი (დ. 25 მარტი, 1924, გიორგეთი, ლაგოდეხის რაიონი — გ. 11 სექტემბერი, 2002) — ქართველი ინფექციონისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

თავდაპირველად სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და სხვადასხვა თეატრში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. 1951 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობდა სამხედრო ექიმად, შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე. 1969 წლიდან თბილისში გადმოვიდა და სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. 1970–1973 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება. 1981–1989 წლებში იყო IV სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1990 წლიდან იყო ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას და მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]