ელგუჯა მეძმარიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეძმარიაშვილი.
ელგუჯა მეძმარიაშვილი
Elguja Medzmarishvili.jpg
გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1946 (1946-08-17) (74 წლის)
ბათუმი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ცნობილია როგორც პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი საქართველოს საბრძოლო დამსახურების მედალი მედალი „შრომითი მამაცობისათვის“
სამეცნიერო ხარისხი სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
სამეცნიერო წოდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; პროფესორი

ელგუჯა ვიქტორის ძე მეძმარიაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1946, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013).[1]

ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია, რომელიც 1999 წლის 23 ივლისს გავიდა ორბიტაზე[2] და მისი გაშლის და გამოცდების შემდეგ, 28 ივლისს გადავიდა დამოუკიდებელ ორბიტაზე.[3]

მან საქართველოში ჩამოაყალიბა და განავითარა კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების სამეცნიერო, აკადემიური და პრაქტიკული მიმართულებები. არის უმაღლესი სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს — ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელგუჯა მეძმარიაშვილი დაიბადა 1946 წლის 17 აგვისტოს. 1964 წელს, ოქროს მედალზე, დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა. 1969 წელს, წარჩინების დიპლომით, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი,[5] ხოლო 1972 წელს ასპირანტურა — სივრცითი კონსტრუქციების განხრით.

1973 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იყო უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე (1985-1995 წლებში), შემდეგ, მის მიერ დაარსებული სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე (1995-2004 წლებში). ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.[6]

1979 წელს ელგუჯა მეძმარიაშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, სადაც ფლობდა გენერალური კონსტრუქტორისა და გენერალური დირექტორის თანამდებობას 2005 წლამდე.[5] ინსტიტუტში შეიქმნა მრავალი კოსმოსური და მიწისზედა სამხედრო-საინჟინრო კომპლექსები და კონსტრუქციები.

1978-1989 წლებში სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებისა და სპეციალური დავალებების შესრულებისათვის, ელგუჯა მეძმარიაშვილი, როგორც მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომეტა“-ს (ЦНПО „Комета“) თბილისის ქვედანაყოფის უფროსი და სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის მთავარი კონსტრუქტორი, თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, საინჟინრო ჯარებთან, გენერალური შტაბის და სამხედრო-საინჟინრო აკადემიების კათედრებთან, კოროლიოვის სახელობის სარაკეტო-კოსმოსურ გაერთიანება „ენერგია“-სთან, ხრუნიჩევის სახელობის რაკეტმშენებელ ქარხანასთან, მოსკოვის მექანიკის პრობლემების და საავიაციო ინსტიტუტებთან, ასევე დნეპროპეტროვსკის, სიკტივკარის, დუბნის, ნახაბინოს, პოდლიპკის, ხარკოვის და სხვა ქალაქების სპეციალურ სამეცნიერო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან.

1995 წლიდან, როგორც სამუშაოთა მეცნიერ-ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე, ასრულებს გერმანული კომპანიის „Daimler-Benz Aerospace“ — “Dornier-Satellitensysteme”–ს,[7] იტალიური კომპანიის „Alenia Aerospazio“-ს, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის (LLB, Technische Universitat Munchen) და ევროპული კოსმოსური სააგენტოს („ESA“) შეკვეთებს.[7]

როდესაც ისტორიაში პირველ ქართულ კოსმოსურ

ობიექტს ვქმნიდი საქართველოს პრესტიჟზე ვფიქრობდი. როდესაც სამამულო სამხედრო-საინჟინრო დარგის განვითარებისათვის ვმოღვაწეობ, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვემსახურები.

ელგუჯა მეძმარიაშვილი[8]

1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი,[2] რომელიც წარმატებული გაშლისა და გამოცდების შემდეგ, 28 ივლისს ჩამოსცილდა ორბიტალურ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.[3] ელგუჯა მეძმარიაშვილი არის პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.[9]

1999-2002 წლებში ელგუჯა მეძმარიაშვილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში.[10] 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “, სადაც ეკავა ჯერ სამხედრო მრეწველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, შემდგომ კი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის და საპარლამენტო თემატური უმრავლესობის ლიდერის პოსტები.

2000 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, სადაც ეკავა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა.

2006 წელს, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის რეორგანიზაციის შედეგად, მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სადაც ელგუჯა მეძმარიაშვილი დღემდე იკავებს გენერალური კონსტრუქტორის და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს.

მას გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები და გამოგონებები.

ელგუჯა მეძმარიაშვილმა შექმნა ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია და ტრანსფორმირებადი გასაშლელი სამხედრო და სამოქალაქო, კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსები, რომლებსაც ანალოგი არ გააჩნია.[11] ჩამოაყალიბა სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ბაზა სამხედრო-საინჟინრო დარგის განვითარებისა საქართველოში.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ჯილდოები და პრემიები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, გვ. 249-250, თბ., 2017 წელი. ISBN 978-9941-0-9879-6
  • Medzmariashvili Elguja, V. – Who’s Who in Science and Engineering, 2006-2007; 2008-2009. MARQUIS WHO’S WHO PUBLICATION. USA.
  • Medzmariashvili Elguja, V. – Who’s Who in the World, 2008- 2009. MARQUIS WHO’S WHO PUBLICATION. USA.
  • Medzmariashvili Elguja, V. – IBC Foremosr Engineers of the World – 2008; Cambridge, England.
  • ვინ ვინ არის საქართველოში — Who’s Who in Georgia. „ბიოგრაფიული ცნობარი“. თბილისი. 2010 წ.
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 წელი.
  • გენერლები საქართველოდან. ლევან დოლიძე. საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მაცნე. თბილისი, 2003.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეძმარიაშვილი ელგუჯა. „ბიბლიოვიკი“. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  2. 2.0 2.1 კოსმოსური ექსპერიმენტები საქართველოში. sputnik-georgia.com (13 აპრილი, 2016). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2018.
  3. 3.0 3.1 ქართული რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანის 17 წლისთავი შესრულდა. ghn.ge (23 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2018.
  4. ელგუჯა მეძმარიაშვილს 70 წელი შეუსრულდა. „ინტერპრესნიუსი“ (17 აგვისტო, 2016).
  5. 5.0 5.1 ელგუჯა მეძმარიაშვილი. „ბიოგრაფიული ლექსიკონი“. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  6. ელგუჯა ვიქტორის ძე მეძმარიაშვილი. სამთო ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  7. 7.0 7.1 ელგუჯა მეძმარიშვილის Curriculum Vitae. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  8. ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის — „რეფლექტორის“ გენერალური კონსტრუქტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  9. ელგუჯა მეძმარიაშვილი - 70. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (17 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2018.
  10. ელგუჯა მეძმარიაშვილი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  11. Патент Российской Федерации — УСТРОЙСТВО ДЛЯ УДЕРЖАНИЯ И ОСВОБОЖДЕНИЯ ТРАНСФОРМИРУЕМОЙ КОНСТРУКЦИИ, УСТАНАВЛИВАЕМОЙ НА КОСМИЧЕСКОМ ОБЪЕКТЕ, ru-patent.info, წაკითხვის თარიღი 26 ივლისი, 2018}}
  12. საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  13. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  14. ჩვენი ქალაქი - საპატიო ბათუმელები. ბათუმის მერია. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2020.
  15. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება 1996 წელი
  16. Указ Президиума Верховного Совета СССР от 20 августа 1986 года
  17. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის № 615 ბრძანებულება; საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ივლისის № 896 განკარგულება; საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 მაისის № 674 განკარგულება.