არჩილ ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩილ ასათიანი
Archil asatiani.jpg
დაბ. თარიღი 28 აპრილი 1933(1933-04-28)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 29 აპრილი 2007(2007-04-29) (74 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

არჩილ ვლადიმერის ძე ასათიანი (დ. 28 აპრილი, 1933, თბილისი — გ. 29 აპრილი, 2007, იქვე) — ქართველი ფიზიოლოგი, პედაგოგი, პროფესორი (1973), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი (1985—1991), საქართველოს პარლამენტის წევრი (1999—2004).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ ასათიანმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1957 წლიდან განაგრძო სწავლა და მეცნიერული მუშაობა ამავე ინსტიტუტის ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრებისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ მოღვაწეობა დაიწყო ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად. 1972 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ა. ასათიანი 1973 წლიდან თსსი–ს ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორია, 1987 წლიდან – 2004 წლამდე ამავე კათედრის გამგეა. 1975 წლიდან – 1985 წლამდე იყო თსსი–ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, 19851991 წლებში კი თსსი–ის (ამჟამად უნივერსიტეტი) რექტორი.

არჩილ ასათიანი არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ა. ასათიანი შეისწავლიდა ნეიროფიზიოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის საკითხებს, კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორულ სარეგულაციო მექანიზმებს; თავის ტვინის ღეროს ბადებრივი სტრუქტურების როლს კუჭის სეკრეციული ფუნქციის მოქმედების განხორციელებაში; ჰიპოთალამუსის და ნუშისებრი კომპლექსის ბირთვების როლს კვებითი მოქმედების რეგულაციაში.გამოიკვლია სიმაძღრის ჩამოყალიბების ნეიროჰუმორული მექანიზმები და სხვ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტ ალექსანდრე ბაკურაძესთან თანაავტორობით შექმნა და გამოსცა მნიშვნელოვანი მონოგრაფია „კვებითი მოქმედების ნეიროჰუმორული მექანიზმები“. მის მიერ შექმნილია რამდენიმე სახელმძღვანელო ბიოფიზიკაში, პროფესორ ირინე კვაჭაძესთან თანარედაქტორობით შეადგინა და გამოსცა პირველი ქართული ფუნდამენტური სახელმძღვანელო ადამიანის ფიზიოლოგიაში.

არჩილ ასათიანი 19992004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

არჩილ ასათიანი გარდაიცვალა 2007 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ.I, თბ., 1997წ. გვ.223.
  • ტრადიციებით მომავლისკენ, თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის საიუბილეო კრებული,თბ., 2010.