მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (მგს)

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (მგს)
ლიდერი გოგი თოფაძე
თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
დაფუძნდა აპრილი, 1999
იდეოლოგია მემარჯვენე-ცენტრისტული
ფერები         
შტაბ-ბინა ნაფარეულის ქ. #1, 0179
თბილისი
http://www.industrials.ge/

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - პოლიტიკური პარტია საქართველოში. პარტია დაფუძნდა 1999 წელს. პარტია ეწინააღმდეგება მსოფლიოს საფინანსო-საბაზრო ძალების ქვეყნის ეკონომიკაში ჩარევას და მხარს უჭერს კერძო ეროვნულ წარმოებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია დაარსდა 1999 წლის აპრილში [1], როგორც იმ დროისთვის არსებული მმართველი ძალის მოწინააღმდეგე ძალა, ბიზნესმენების მიერ. პარტიის მთავარ მიზანს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩერებული წარმოების აღდგენა წარმოადგენდა. პარტიის დამაარსებლების აზრით, სწორედ წარმოების აღდგენით მოხდებოდა უმუშევრობის დაძლევა და ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდა. ამისათვის კი მათ საჭიროდ მიაჩნდათ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება.

მოძრაობის პირველი ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩა გოგი თოფაძე, თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ტყემალაძე, პოლიტიკური მდივნის თანამდებობა კი თამაზ ბეჟანიშვილმა დაიკავა. გიორგი(გოგი) თოფაძე პარტიის თავმჯდომარე 2005 წლამდე იყო. 2005 წლიდან იგი გახდა პარტიის ლიდერი, თავმჯდომარის თანამდებობა კი ზურაბ ტყემალაძემ დაიკავა. 2010 წლის 14 აპრილს გაიმართა პარტიის V. ყრილობის მიერ პარტიის ლიდერად აირჩა გიორგი (გოგი) თოფაძე, პარტიის თავმჯდომარედ – ზურაბ ტყემალაძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ბეჟანიშვილი.

პირველად პარტიამ 1999 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გადალახა 7 % იანი ბარიერი. მგს–მ ქვეყნის მასშტაბით 151685 ხმა დააგროვა. პროპორციული სიით პარლამენტში 14 დეპუტატი გავიდა. ლანჩხუთის რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ მენაბდე გახდა. საკანომდებლო ორგანოში პარტიიდან სულ 15 დეპუტატი შევიდა. „მრეწველების“ გარდა პარლამენტში ორი სახელისუფლებო ძალა იყო წარმოდგენილი : ედუარდ შევარდნაძის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და აჭარის რეგიონის ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინება“. ამრიგად, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმოადგენდა ერთადერთ ოპოზიციურ ძალას მაშინდელ პარლამენტში. პარტიამ საკანონმმდებლო ორგანოში შესვლისთანავე შექმნა ფრაქცია „მრეწველები“ რომლის თავმჯდომარე გოგი თოფაძე გახდა.

წარმატებული აღმოჩნდა 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. „მრეწველებმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონის საკრებულოში 512 დეპუტატი გაიყვანა.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ კვლავ მიიღო მონაწილეობა. პარტიამ შესძლო პარლამენტში მანდატების მოპოვება. ამ პერიოდში ქვეყყანაში სიტოაცია უკიდურესად დაიძაბა და მოხდა "ვარდების რევოლუცია". დაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები რომელიც 2004 წელს 28 მარტს ჩატარდა. ამ არჩევნებში "მრეწველები" და "ახალი მემარჯვენეები" ერთიანი ბლოკით გამოდიოდნენ: "მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები". ბლოკმა მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა და საკანონმდებლო ორგანოში 23 დეპუტატით შევიდა: 15 პარტიული სიით და 8 მაჟორიტარული წესით. ბლოკმა საერთო ჯამში ამომრჩეველთა ხმების 7.56% მიიღო.

ზურაბ ტყემალაძე – პარტიის თავმჯდომარე

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 59965 ხმა დააგროვა და სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში 28 მანდატი დააგროვა - 4 მაჟორიტარული წესით და 24 პროპორციული სიით.[2]

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო მონაწილეობა თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. პარტიის არსებობის ისტორიაში 2008 წლის არჩევნებში „მრეწველებმა“ მიიღეს ყველაზე ცოტა ხმების ოდენობა, სულ – 16 440 ხმა 0.93%. ამ არჩევნების დროს ისინი საარჩევნო ბლოკში იყვნენ გაერთიანებულები „ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა“ და პოლიტიკურ პარტია „ერთობასთან“ ერთად.

2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით 71304 ხმა მოაგროვა, რამაც ჯამში 4,19% შეადგინა. სულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიამ 42 დეპუტატი გაიყვანა სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში. აქედან 25 მაჟორიტარული წესით, ხოლო 17 პროპორციული სიით. პარტიამ თბილისის მასშტაბით 27791 ხმა მოაგროვა (6,23%). 2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებზე გარდა საკრებულოს წევრებისა, თბილისის მოქალაქეებს უნდა აერჩიათ დედაქალაქის მერი. პარტიამ მერის თანამდებობაზე წარადგინა მრეწველების ლიდერი. თბილისის მერის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ 23401 ხმა დააგროვა (5,19%).

2012 წლის 11 აპრილს გამოცხადდა[3], რომ მრეწველთა პარტია შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციას „ქართული ოცნება". ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" 200 კანდიდატისგან შემდგარ საარჩევნო სიაში[4] 19 მრეწველი იყო წარმოდგენილი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შედეგად, მგს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში 5 დეპუტატითაა წარმოდგენილი: გიორგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, დემურ ბაშელეიშვილი და ზაზა ჭილაძე.

პარტიის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგი თოფაძე – პარტიის ლიდერი

მოძრაობის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, რომელიც მოიწვევა მინიმუმ ოთხ წელიწადში ერთხელ. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას ხელმძღვანელობს მოძრაობის სათათბირო. სათათბირო მოიწვევა წელიწადში ერთხელ მოძრაობის მთავარი კომიტეტის მიერ. მოძრაობის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს მთავარი კომიტეტი (მოძრაობის გამგეობა), რომელიც არჩევა ოთხი წლის ვადით მოძრაობის ყრილობის მიერ. იგი უზრუნველყოფს ყრილობისა და სათათბიროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. მთავარი კომიტეტის სხდომები ტარდება მინუმუმ თვეში ერთხელ.

მოძრაობის უმაღლესს თანამდებობის პირს წარმოადგენს ლიდერი. მოძრაობის ლიდერი იმავდროულად არის მთავარი კომიტეტის და სათათბიროს წევრი. ლიდერი შეუზღუდავად წარმოადგენს პარტიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. პარტიის ლიდერთან ერთად წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირია მოძრაობის თავმჯდომარე. ასევე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ან პოლიტიკური მდივანი –თავმჯდომარის ან ლიდერის დავალებით. პარტიის საქმიანობას და სტრუქტურის მმართვას ახორციელებენ თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივნები (პოლიტიკური მდივანი და ორგანიზაციული მდივანი). მოძრაობის სტრუქტურასა და მუშაობის წესს ადგენს პარტიის თავმჯდომარე, ლიდერთან და მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით. ლიდერს, თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა, ხოლო პოლიტიკურ და საორგანიზაციო მდივნებს ამავე ვადით ირჩევს სათათბირო.

საფინანსო საქმიანობას აკონტროლებს სარევიზიო კომისია. კომისია შედგება 3 წევრისგან და ისინი აირჩევიან 4 წლის ვადით ყრილობაზე.

სიმბოლიკა და დევიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლოგო.jpg

მრეწველების სიმბოლოკაა ოქროს საწმისი, რომელზედაც მუქ შინდისფერ ფონზე თეთრი ასოებით გამოსახულია მოძრაობის სახელწოდება და აბრევიატურა „მგს“.[5] პარტიის დევიზია „გადავარჩინოთ მრეწველობა - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!“

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
1999 საპარლამენტო 7,8% მოიპოვა მანდატები
2004 საპარლამენტო 7,6% (ბლოკმა) მოიპოვა მანდატები
2006 თვითმმართველობის საქართველო: 4,0%
თბილისი: 6,1%
მოიპოვა მანდატები
2008 საპარლამენტო 0,93% (ბლოკმა) ვერ გადალახა ბარიერი
2010 თვითმმართველობის საქართველო: 2,5%
თბილისი: 6,2%
მოიპოვა მანდატები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რ ე ე ს ტ რ ი (.pdf). საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 2011-03-16.
  2. ინფორმაცია 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. "ცესკო". წაკითხვის თარიღი: 2013-03-03.
  3. მრეწველთა პარტია ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა. "სივილ ჯორჯია". წაკითხვის თარიღი: 2013-03-02.
  4. ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" საარჩევნო სია. "ქართული ოცნება". წაკითხვის თარიღი: 2013-02-24.
  5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება– მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წესდება,მეორე ნაწილი, მუხლი 1.4,მიღების ვადა 2010–04–14, რეგისტრაციის თარიღი 2010–05–07