ლეონიდ ლაკერბაია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ლეონიდ ლაკერბაია (დ. 1 იანვარი, 1947, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი 2011–2014 წლებში. სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა აითაირას („აღორძინება“) პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის წევრი (2002 წლიდან).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი. 1975-1985 წლებში მუშაობდა აფხაზეთის სრკ-ს ავტო-ქარხნებში. 1985-1991 წლებში იყო სწრაფ-გაყინვადი ექსპერიმენტული ქარხნის „გაგრა“-ს დირექტორი. 1991-1996 წლებში და 2000-2002 წლებში სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი.
ლეონიდ ლაკერბაია მუდმივად ცხოვრობს ქალაქ გუდაუთაში. იგი დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-1995 წლებში იყო ე. წ. ვიცე-პრემიერი, 1995-1996 წლებში კი ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი. 1998 წელს ლეონიდ ლაკერბაია, ზურაბ აჩბასთან და გენადი ალამიასთან ერთად, მონაწილეობას იღებდა სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის „აითაირას“ შექმნაში.
2002 წლიდან ლეონიდ ლაკერბაია არის სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „აითაირას“ („აღორძინება“) პოლიტიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, რომლის იდეოლოგიური ფუძემდებელი ალექსანდრე ანქვაბია. 2005 წლიდან ალექსანდრე ანქვაბის კაბინეტში იკავებდა ვიცე-პრემიერის ადგილს. 2011 წლის 27 სექტემბერს ლეონიდ ლაკერბაია, დე ფაქტო პრეზიდენტი - ალექსანდრე ანქვაბის ბრძანებით დაინიშნა ე. წ. პრემიერ-მინისტრად.
ვლადისლავ არძინბას მოღვაწეობის დროს იგი იყო ალტენატიულად მოაზროვნე პიროვნება, რომელიც იყო ჩართული აფხაზური ოპოზიის პირველ ტალღაში. ამ ჯგუფს ასევე განეკუთვნებოდნენ პოლიტიკოსები სტანისლავ ლაკობა, ალექსანდრე ანქვაბი, 2000 წელს მოკლული იურისტი ზურაბ აჩბა, ასევე 2004 წელს მოკლული - საზოგადო მოღვაწე გარი აიბა; ადამიანის უფლებათა დამცველი ნათელა აკაბა, მწერალი ალექსანდრე გოგუა, მხატვარი ნუგზარ ლოგუა, მოქანდაკე ამირან ადლეიბა, მეცნიერები ოლეგ დამენია, ირინა აგრბა, ვალერი ბიგუა, დალილა ფილია და სხვები. ეს ადამიანები გაერთიადნენ „ბიუროკრატიული კლანის წინააღმდეგ, რომლებსაც საკუთარ ხელში მოექციათ ყველა რესურსი და ადმინისტრაციული ბერკეტი“. ლაკერბაია არის დემოკრატიული ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
2011 წლის 17 ივლისიდან, როდესაც ალექსანდრე ანქვაბი დარეგისტრირდა ე. წ. პრეზიდენტის კანდიდატად, ლაკერბაია ხელმძღვანელობდა მის საარჩევნო შტაბს. 2014 წლის აპრილ-მაისში აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ოპოზიცია ითხოვდა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებს. 29 მაისს დე ფაქტო პარლამენტი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა (ქვორუმი შედგა) და გამოცხადდა უნდობლობა მთავრობის მეთაურისა და პრეზიდენტის მიმართ. ოპოზიციის ლიდერებმა, რომელთა რიგშიც იყო რაულ ჰაჯიმბა, ეროვნული გაერთიანების ფორუმის თავმჯდომარე და ქართულ-აფხაზური ომის ვეტერენთა სოციალური ორგანიზაციის „არუა“-ს თავმჯდომარე ვიტალი გაბნია ჩაატარეს ალექსანდრე ანქვაბთან მოლაპარაკებები, სადაც მან განაცხადა მზაობა მინისტრთა კაბინეტიტს დათხოვნის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც იერიში მიიტანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მოლაპარაკებები შეწყდა და ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ იგი არ მიიღებდა ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებებს.
როგორც დეპუტატთა ნაწილი საუბრობს, ლეონიდ ლაკერბაიამ თავად განაცხადა მზადყოფნა, რომ გადამდგარიყო აღნიშნული პოსტისგან და განმარტა, რომ არც ერთი პოზიცია არ ღირდა სისხლისღვრისთვის. თუმცა ე. წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრის გადაყენებაზე. მაისის ბოლოს, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა დაამტკიცა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ვალერი ბგანბა. პირველ ივნისს ე. წ. პრეზიდენტი ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა; 2 ივნისს ლაკერბაიამ ასევე განაცხადა პოსტის დატოვებაზე და უფლებამოსილებები სხვას გადასცა.
2014 წლის ივლისში, 24 აგვისტოს დაგეგმილი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მომზადების მიზნით, ლაკერბაია ხელმძღვანელობდა დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის, გენერალ-მაიორ ასლან ბჟანიას შტაბს, რომლის კანდიდატურასაც მხარდაჭერა გამოუცხადა ექსპრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა. ბჟანიას არჩევნებში დამარცხების და ანქვაბის მომხრეების თანამდებობებიდან გათავისუფლების შემდეგ, ლაკერბაიამ თავი დაანება პოლიტიკურ საქმიანობას, მას იშვიათად ხედავდნენ საზოგადოებაში, კავშირი გაწყვიტა საჯარო სამსახურებში მომუშავე მის კოლეგებთან და გარკვეული დროის განმავლობაში იზოლირებულ ცხოვრებას ეწეოდა.
მაისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, ლაკერბაიამ მოსკოვში რიგი კონსულტაციები გაიარა, ექსპრეზიდენტ ანქვაბთან, რუსული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლობასთან ერთად განიხილეს აფხაზეთში არსებული პოლიტიკური ვითარება და ისაუბრეს ხელისუფლების კრიზისის დასაძლევად მისაღებ ზომებთან დაკავშირებით.
პოლიტიკაში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს ლეონიდ ლაკერბაია კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკას, მიიღო მონაწილეობა ოპოზიციური ძალების ბლოკის ღონისძიებებში, წინადადებით გამოვიდა რათა მომხდარიყო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება 2014 წლის მაისის მოვლენებისა, რადგან მისი აზრით მაშინ ადგილი ჰქონდა „კონსტიტუციის დარღვევას“. ლაკერბაია გამოდიოდა არსებული რეჟიმის ზომიერი კრიტიკით და მოუწოდებდა მათ საკუთარი მოვალეობების მკაფიოდ შესრულებას, თუმცა მან თავი შეიკავა და დისტანცირება მოახდინა 2015 წლის 24 დეკემბრის ფორუმზე გაჟღერებული ინიციატივისგან, სადაც ნახსენები იყო დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დაშლა და პრეზიდენტ რაულ ჰაჯიმბას გადაყენება.
2016 წლის დეკემბერში ლაკერბაიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ოპოზიციური ძალების ბლოკთან და განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის „ერთიანი აფხაზეთი“-ს ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე სერგეი შამბას არ აქვს მორალური უფლება, რომ იყოს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 2017 წლის 12 მარტს მან კენჭი იყარა ეროვნული ასამბლეის დეპუტატად, თუმცა მას 12 ხმა დააკლდა.
ლეონიდ ლაკერბაია ჩართულია საკანონმდებლო პროცესში და საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონი“ არის შესაცვლელი, ასევე კანონის მე-19 მუხლი, რომელმაც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კამათი გამოიწვია, მართებული იქნება თუ გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მოიპოვებს.
2019 წლის 22 ნოემბერს ქ. სოხუმში ჩატარდა „აითაირას“ ყრილობა, სადაც ლეონიდ ლაკერბაიამ ისაუბრა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, რომელსაც ექნება ყველანაირი უფლება ჩაერთოს პოლიტიკის წარმოებაში და განაცხადა, რომ იგი ყველაფერს იღონებს რათა ახალგაზრდები ჩაერთონ პარტიულ საქმიანობაში. ლეონიდ ლაკერბაიამ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ კი საარჩევნო ცვლიბებზე და განაცხადა, რომ ისინი დაკავდებიან მათი განხორციელებით და ინიციატივების ბოლომდე მიყვანით[1].
2020 წლის 7 თებერვალს ე. წ. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრია მოძრაობა „აითაირას“ პოლიტიკურ პარტიად, ხოლო მისი თავმჯდომარე ლეონიდ ლაკერბაია გახდა[2].
ლეონიდ ლაკერბაია 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბის წევრი გახლდათ. ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ,რომელიც მოსკოვიდან აფხაზეთში ბრუნდებოდა, მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს სოჭის საავადმყოფოში, იგი აქტიურ კამპანიას ეწეოდა და სწორედ ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა ბჟანიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ და განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. ასევე ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, რომ თუ ასლან ბჟანია ვერ შეძლებდა მონაწილეობის მიღებას მარტის არჩევნებში, „აიათაირა“ დააყენებდა არჩევნების გადადების საკითხს დღის წესრიგში.
იგი აქტიურად იყო ჩართული წინა საარჩევნო პერიოდში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში სტუმრობისას, აითაირას თავმჯდომარემ ლეონიდ ლაკერბაიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ ასლან ბჟანიას გუნდში არის ერთიანობა და განაცხადა რომ ადგურ არძინბას საარჩევნო გუნდი არის ფარსი და რაულ ჰაჯიმბას პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. არჩევნები 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა და ასლან ბჟანიას გამარჯვებით დასრულდა. 2019 წლის 18 თებერვალს ჩატარდა აგრარული საკითხების კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატმა ალმას ჯოპუამ მიმართა ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარ პროკურორს, რათა მას გამოეკვლია „აფსნი-ოილის“ საკითხი, რომელთანაც ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმეს ალექსანდრე ანქვაბმა და ლეონიდ ლაკერბაიამ და რომლის ფუძემდებელი ოფშორულად კვიპროსში არის დარეგისტრირებული. ალმას ჯოპუამ განაცხადა რომ, ეს იყო კორუფციული ქსელი მოფიქრებული თავად პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ და გენერალურმა პროკურორმა ეს საკითხი თავად უნდა გამოიძიოს. ასევე დეპუტატმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ანქვაბის ახლო მეგობარი ლეონიდ ლაკერბაია ხელს აწერს მეტად საეჭვო და აფხაზეთისთვის არამომგებიან ხელშეკრულებებს. ამ განცხადების შემდეგ გენპროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რაზეც ალექსანდრე ანქვაბს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ლეონიდ ლაკერბაიამ რამდენიმე გვერდიანი პასუხი მიუძღვნა. ამისდა მიუხედავად ე. წ. აფხაზურ პარლამენტში შეიქმნა თორმეტკაციანი კომისია, ასტამურ თარბას თავმჯდომარეობით, რომელიც გამოძიებებს ატარებდა მადნების არასწორად გამოყენების და კორუფციული სქემების გამოკვლევის თაობაზე. როგორც თავად ლაკერბაია ამბობს 1992-1993 წლების შემდეგ გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში აღმოაჩინეს „შავი ოქრო“. მან განცხადა, რომ სწორედ ნავთობთან არის დაკავშირებული პარლამენტის დეპუტატის ანატოლი კაკუბავას მკვლელობა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის „აფხაზტოპის“ ხელმძღვანელი იყო. იგი ასევე აცხადებს, რომ არძინბას პერიოდში იგი ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა, რადგან „ქართულ-აფხაზური ომის პერიოდში ჩვენ ვერ ვიმუშავებდით ამ პროექტზე და ნავთობსადენებით სწორედ რომ ქართული ძალები შემოვიდოდნენ აფხაზეთში“. ლაკერბაიამ განაცხადა, რომ 2003-2004 წლებში რაულ ჰაჯიმბა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლუკოილთან, მაგრამ არძინბამ იგი უკან გამოიხმო, სხვა გავრცელებული ცნობებით ლუკოილმა არ გარისკა საქმის დაჭერა დე ფაქტო მთავრობასთან და არ ისურვა საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა. ლეონიდ ლაკერბაია აცხადებს, რომ ალმას ჯოპუა მიზანმიმართულად ავრცელებს ჭორებს და ცრუ ინფორმაციას, რათა წინასაარჩევნო კომპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს მას[3].
2019 წლის 14 ივნისს დასრულდა წელიწადზე მეტად გაწელილი სასამართლო პროცესი[4], რომელიც ეხებოდა „ადამიანის სინდისისა და ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის საკითხს“. სასამართლომ განაცხადა, რომ ლეონიდ ლაკერბაიას მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება და ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო იღებს ვალდებულებას 10-11 კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოიღებენ წინადადებას, სადაც ექს-პრემიერი 2013 წელს აცხადებს, მზადყოფნას დატოვოს მისი პოსტი. ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, რომ მას არავითარი განცახდება და დაპირება არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრის პოტის დატოვების თაობაზე, ხოლო ანქვაბის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები შეწყდა, მას შემდეგ რაც იერიში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. სახელმძღვანელოს ავტორები ოლეგ ბგაჟბა და სტანისლავ ლაკობა (უშიშროების საბჭოს მდივანი) დაადანაშაულა ფაქტების გაყალბებაში და მისი რეპუტაციის შელახვაში.
ლეონიდ ლაკერბაია და საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის 31 ივლისს ვენაში ჩატარდა მეთხუთმეტე ქართულ-აფხაზური შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის მოგვარების ხერხების ძიებას. აფხაზური მხრიდან ამ შეხვედრაში მონაწიოლებას იღებდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, ე. წ. ცეესკოს თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა, უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი სოკრატ ჯინჯოლია, ქართულ მხარეს ამ მოლაპარაკებების რაუნდში წარმოადგენდნენ გიორგი ხაინდრავა (საქართველოს სახელმწიფო მინისტრი), გიორგი ვოლსკი (მინისტრის მოადგილე) და პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ამ პროექტის კოორდინაციას ახდენდა ქართული მხრიდან (შლაინინგის პროცესი).
2012 წელს მან განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეამციროს ხალხის ის ნაკადი, რომელიც ენგურს მიღმა ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიდიან. მან განაცხადა, რომ აფხაზური მხარე დააფინანსებს ჯანდაცვის პროექტებს რუსეთში, მაგრამ არ დაუშვებს რომ მათმა მოქალაქეებმა უფასო მომსახურების გამო, აიღონ ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
2013 წლებში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია იყო ჩართული წითელი ჯვრის შემოთავაზებულ პროექტში და მონაწილეობდა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაში ქართულ ოჯაბეში. როგორც ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, იგი ვერ ხედავდა პირდაპირი დიალოგის წარმოების აზრს, მაგრამ მზადყოფნა განაცხადა ეთანამშრომლა ქართულ მხარესთან და წითელ ჯვართან, სანამ მათი საერთო მიზანი, ცხედრების ამოცნობა და მათი ოჯახებში დაბრუნება არ იქნობოდა მიღწეული.
2020 წლის 28 თებერვალს, ასლან ბჟანიამ და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლეონიდ ლაკერბაიამ, ისაუბრეს ხელშეკრულებაზე რომელიც ეხება საომარი მოქმედებების დაწყებებზე უარის თქმას და ქართულ-აფხაზური მხრიდან მასზე ხელის მოწერას, რაც იქნება პირველი ნაბიჯი მათ შორის დიალოგის წარმოებისა, მაგრამ ასევე აცხადებენ რომ „აფხაზეთის სუვერენიტეტის საკითხი“ განხილვას არ დაექვემდებარება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ლეონიდ ლაკერბაია დაინიშნა // Information Agency 'PirWeli' დაარქივებული 2022-04-08 საიტზე Wayback Machine.
- Лакоба С. «Абхазия после двух империй XIX—XXI вв.» // 21st Century COE Program Slavic Eurasian Studies — No. 5. Sapporo, 2004
- ЛЕОНИД ЛАКЕРБАЯ О ВОПРОСАХ НЕФТЕДОБЫЧИ В АБХАЗИИ (ЧАСТЬ II)
- როგორ სპობდა ნაბიჯ ნაბიჯ, „ვარდების“ ხელისუფლება ქართულ-აფხაზური არაფორმალური შეხვედრების პროცესს
- ЛЕОНИД ЛАКЕРБАЯ: «МЫ НЕ ДОЛЖНЫ ДАВАТЬ НИЧЕМ НЕ ПОДКРЕПЛЕННЫЕ ОБЕЩАНИЯ»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|