2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციური შესწორება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2012 წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნული შესწორების თანახმად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სასარგებლოდ[1]. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,537,249 ამომრჩეველს ექნება.
არჩევნებში კენჭს 23 კანდიდატი იყრის.[2] არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქნდა მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
წინასაარჩევნო კვლევები ჩაატარა ამერიკულმა ორგანიზაციამ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2013 წლის ივნისსა და სექტემბერში. ივნისის კვლევის მიხედვით ლიდერობდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 29%-ით. მეორე ადგილს იკავებდა დავით ბაქრაძე (ენმ) 10%-ით.[3]NDI-მ მეორე კვლევა ჩაატარა 2013 წლის სექტემბერში. შედეგები ასეთი იყო: (1) გიორგი მარგველაშვილი 39%, (2) დავით ბაქრაძე 19% (3) ნინო ბურჯანაძე 7%.[4]
სექტემბერში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა Greenberg Quinlan Rosner-მა. კვლევის მიხედვით გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი შეადგენდა 43%-ს, დავით ბაქრაძის - 22%-ს, ხოლო ნინო ბურჯანაძის 8%-ს[5] იმავე ორგანიზაციის ოქტომბრის კვლევით მარგველაშვილის რეიტინგი შეადგენდა 48%-ს, ხოლო ბაქრაძისა 23%-ს.[6]
არჩევნები დადებითად შეაფასეს როგორც მონაწილე სუბიექტემბმა, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა[7]. ენმ-ის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამარჯვება მიულოცეს გიორგი მარგველაშვილს.