საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2008

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2008
საქართველოს დროშა
2004 ←
21 მაისი, 2008 (2008-05-21)
→ 2012

საქართველოს პარლამენტის 150 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 76 ადგილი
  პირველი პარტია მეორე პარტია
 
ლიდერი დავით ბაქრაძე ლევან გაჩეჩილაძე
პარტია ნაციონალური მოძრაობა ეროვნული საბჭო
ადგილები მანამდე 135
მიღებული ადგილები 119 17
მოსახლეობის ხმები 1 050 237 314 668
პროცენტულობა 59,18 % 17,73 %
ცვლილება 16

  მესამე პარტია მეოთხე პარტია
 
ლიდერი გიორგი თარგამაძე შალვა ნათელაშვილი
პარტია ქრისტიან-დემოკრატები ლეიბორისტული
ადგილები მანამდე 0
მიღებული ადგილები 6 6
მოსახლეობის ხმები 153 634 132 092
პროცენტულობა 8,66 % 7,44 %
ცვლილება 6

მმართველი პარტია არჩევნებამდე


ნაციონალური მოძრაობა

არჩეული პარტია


ნაციონალური მოძრაობა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2008)საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 21 მაისს. არჩევნებში გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და უარი თქვა საპარალამენტო მანდატებზე.

საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც უფლებამოსლილების ვადა 2008 წლის მარტში გადიოდა, შეიტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის შემოდგომაზე. ამან გამოიწვია ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება. 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე. ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა თავდაპირველად არ გაიზიარა, თუმცა შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2008 წლის 5 იანვარს დაინიშნა პლებისციტი ამ საკითხზე ამომრჩეველთა აზრის დასადგენად. პლებისციტი ჩატარდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. ამომრჩეველთა 68,9 %-მა მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე. პლებისციტის საფუძველზე არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 21 მაისს.[1]

წინასაარჩევნო გარემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია - 9 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, რომლის პირველი ნომერიც საარჩევნო სიაში იყო ლევან გაჩეჩილაძე. ეს უკანასკნელი იყო სააკაშვილის ძირითადი კონკურენტი 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

არჩევნებში მონაწილეობდნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია და საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომლებიც 2007 წლის სექტემბრიდან იყვნენ ოპოზიციური გაერთიანების წევრები, მაგრამ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტეს. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა იმავე წლის თებერვალში დაარსებული პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც შედგებოდა ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტებისგან.

2008 წლის აპრილში გამოვლინდა კრიზისი მმართველ პარტიაში. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ფავორიტები. ამ ფაქტის გამო ბურჯანაძემ არ იყარა კენჭი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას.[2]

ვიკიციტატა
„სერიოზული, ხანგრძლივი და არა მარტივი კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. მე ვცდილობდი, საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყვნენ ახალი ადამიანები, ახალი სახეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ნამდვილად გამოადგებოდნენ ქვეყანას - ნინო ბურჯანაძე“

მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში პირველი ადგილი დაიკავა დავით ბაქრაძემ, რომელიც იმ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სპეციალურად მივლენილი 500-ზე მეტი დამკვირვებელი.[3]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 29 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბათილად ცნო არჩევნების შედეგები 27 საარჩევნო უბანზე არსებითი დარღვევების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კიდევ 12 საარჩევნო უბნის შედეგები.[4] საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ მოითხოვა არჩევნების შედეგების გაუქმება ბათუმის საარჩევნო ოლქში, რაც არ დაკმაყოფილდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა 5 ივნისს. ამომრჩეველთა აქტიურობამ 53,9 % შეადგინა. შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად არჩევნების შემაჯამებელ ოქმს არ სჭირდება კენჭისყრა, ამიტომ მას მხოლოდ კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა მოაწერეს. კომისიის ექვსმა წევრმა ოქმს თან დაურთო საკუთარი მოსაზრება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოქმის შინაარსს.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 75 საარჩევნო ოლქიდან 71-ში მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. თბილისში, დიდუბისა და ვაკის საარჩევნო ოლქებში გაიმარჯვეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა, „ახალი მემარჯვენეების“ წევრებმა: დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ. ცაგერისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქებიდან დეპუტატის მანდატი მოიპოვეს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა. თავად პარტიამ 5 %-იანი საარჩევნო ზღვარი ვერ გადალახა.

ცხრილში წარმოდგენილია საარჩევნო სუბიექტების მიერ პროპორციული სისტემით ნაჩვენები შედეგები:

პარტიები და ბლოკები ხმების რაოდენობა % სულ მიღებული მანდატების რაოდენობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1 050 237 59,18 % 119
გაერთიანებული ოპოზიცია 314 668 17,73 % 17
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 153 634 8,66 % 6
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 132 092 7,44 % 6
საქართველოს რესპუბლიკური პარტია 67 037 3,78 % 2
მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველები 15 839 0,93 % 0
ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი 15 852 0,89 % 0
ქართული პოლიტიკა 8231 0,46 % 0
ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია 7880 0,44 % 0
საქართველოს სპორტსმენთა კავშირი 3308 0.19  % 0
სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია 3180 0,18 % 0
ჩვენი ქვეყანა 2101 0,12 % 0
სულ 1 850 407 100,0 % 150

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საერთაშორისო რეაქცია არჩევნების პროცესის შესახებ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, სლოვენიის წარმომადგენლებს. მათი შეფასებით არჩევნები თავისუფალი და კოკურენტული იყო.[5] არჩევნებს, ასევე, მიესალმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა.[6]

23 მაისს ლევან გაჩეჩილაძემ გაახმოვანა გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება მანდატებზე უარის თქმის თაობაზე [7] ბლოკის წევრები: პაატა დავითაია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი და ჯონდი ბაღათურია არ დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას. ბოიკოტზე უარი განაცხადა ასევე ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ.[8] საქართველოს ლეიბორისტული პარტია მსგავსად „გაერთიანებული ოპოზიციისა“ არ შევიდა პარლამენტში, თუმცა მის წევრებს ოფიციალურად უარი საპარლამენტო მანდატებზე არ უთქვამთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს ჩატარდება[მკვდარი ბმული]
  2. რკინის ლედი მიდის... ჯერჯერობით
  3. Wahlbeobachter unter verschärfter Beobachtung
  4. 39 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  5. პირველი საერთაშორისო რეაქცია საქართველოს არჩევნებზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  6. სოლანა მიესალმება არჩევნების ”მშვიდობიანად ჩატარებას. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  7. გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  8. ქრისტიან-დემოკრატები და მმართველი პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ[მკვდარი ბმული]