ირაკლი ღარიბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის ნოემბერში
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტი   გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი
მემკვიდრე გიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 20 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედი ბაჩანა ახალაია
მემკვიდრე ალექსანდრე ჭიკაიძე

დაბადებული 28 ივნისი, 1982 (1982-06-28) (35 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება
მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი
შვილები ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სორბონის უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებელი
ხელმოწერა Gharibashvili signature.svg

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში - Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

პოლიტიკურ კარიერამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სწორედ ამ პერიოდში „ქართუ ჯგუფში“ მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა განხორციელდა კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით.

შინაგან საქმეთა მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა[2]. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რითაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 ათასამდე მსჯავრდებულმა, გათავისუფლდა 200-მდე მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი და დაპატიმრებული.

ასეთი ფართომასშტაბიანი, უპრეცედენტო ამნისტიის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით იკლო დანაშაულის რიცხვმა და გაიზარდა დანაშულის გახსნის მაჩვენებელი.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. ამ რეფორმის ფარგლებში (2012 წლის ნოემბერი), სამინისტროს სამსახურების - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას, ადამიანის უფლებათა დაცვას. იზოლატორების საქმიანობა გახდა გამჭვირვალე. მათ სისტემატურ ზედამხედველობას უწევენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და უცხოელი უფლებადამცველები. 2012 წლის დეკემბერში დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უკანონო თვალთვალის დასრულება საქართველოში. 2013 წლის 5 სექტემბერს, უშუალოდ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საჯაროდ განადგურდა 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების 144 ფაილს შეიცავდა[3]. ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა.

პრემიერ-მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა[4].

2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც თვისებრივად შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები.

2013 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას[5].

მთავრობის ახალი პროგრამა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანი სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

მთავრობის პრიორიტეტებად დასახელდა: ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებისა და ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტიანი და ოპერატიული განხორციელებისთვის შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო[6].

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, უნდა შეიქმნას კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც ხელისუფლებას ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები დაეხმარებიან[7].

ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭო შექმნა[8].

ადამიანის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, რაც ყველა უმცირესობის უფლებების დაცვას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება ადამიანის უფლებების კონფერენციაზე 2013 წლის 4 დეკემბერს გააკეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია შვიდწლიანია და არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ციკლზე.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. მთავრობის პრიორიტეტებია ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

2012 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდგომაც საქართველო რეალური მოქმედებებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების ფაზაზე გადავა[9].

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ხელახლა დაკომპლექტდა პოლიტიკური საბჭო. პარტიის მიზანია, საქართველო იყოს სოციალურად ორიენტირებული, სამართლებრივი სახელმწიფო და გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი[10].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე — ნუნუკა თამაზაშვილი და სამი შვილი — ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ბაჩანა ახალაია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2012 –2013
შემდეგი:
ალექსანდრე ჭიკაიძე
წინამორბედი:
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2013 – 2015
შემდეგი:
გიორგი კვირიკაშვილი