გიორგი ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე (დ. 18 დეკემბერი, 1889, ხონი, — გ. 13 ივლისი, 1937) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

დამთავრა ყაზანის სამხედრო სასწავლებელი (1911). მსახურობდა კავკასიის მე-6 მსროლელთა პოლკში პოდპორუჩიკის, შემდეგ პორუჩიკის წოდებით. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1915 წელს დაიჭრა. მიაღწია ბატალიონის მეთაურობას, კაპიტნის წოდებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში, 1921 წლიდან — წითელ არმიაში. იყო 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიონის შტაბის უფროსის მოადგილე, ცალკეული არმიის შტაბის მეკავშირე საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო სქმეთა სახალხო კომისარიატთან (1921-1922 წლებში), კავკასიის ცალკეული არმიის შტაბის ადიუტანტი, 1-ლი ქართული მსროლელი პოლკის უფროსის მოადგილე. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში დასავლეთ საქართველოში. იმავე წელს ქუთათელაძემ დაამთავრა წითელი არმიის კომინტერნის სახელობის უმაღლესის ტაქტიკური სკოლა.

1930 წლიდან ქუთათელაძე იყო კავკასიის წითელი არმიის მეთაურის თანაშემწე, 1933 წლიდან — კომდივი, მე-9 მსროლელთა კორპუსის მეთაური ქალაქ კრასნოდარში, 1935 წლიდან — წითელი არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის თანაშემწე მატერიალური უზრუნველყოფის დარგში, 1936 წლიდან — დივიზიის კომისარი წითელი არმიის ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქში. 1928-1936 წლებში იყო საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 1930 წლიდან — საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი. 1937 წლის რეპრესიების დროს „ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის წმ. ვლადიმირის IV (ხმლებით და ბაფთით, 1915), წმ. სტანისლავის III (ხმლებით და ბაფთით, 1916), წმ. ანას III (ხმლებით და ბაფთით, 1916) ხარისხის ორდენებით, ასევე წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის და საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]