შინაარსზე გადასვლა

თემურ ჩხაიძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემურ ჩხაიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თეიმურაზ ჩხაიძე
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1955 (1955-01-02) (69 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1973 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1975 დინამო თბ. 0 (0)
1975–1987 გურია 430 (64)
სამწვრთნელო კარიერა
1988–1993 გურია ლანჩხუთი (გ. უფ.)
1993–1994 გურია ლანჩხუთი
1994 დინამო თბილისი
1996–1999 ლოკომოტივი თბილისი
1999–2000 მერანი თბილისი
2000–2002 ლოკომოტივი თბილისი
2003–2004 მცხეთა
2005–2007 საქართველო 21
2007–2011 გაგრა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

თეიმურაზ (თემურ) ჩხაიძე (დ. 2 იანვარი, 1955, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. ლანჩხუთის „გურიას“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ფეხბურთის გულშემატკივრებთან გამორჩეულად თბილი დამოკიდებულების, ასევე, გუნდის მიმართ ერთგულებისა და თავდადების გამო, დროთა განმავლობაში იგი მშობლიური კლუბის ცოცხალ სიმბოლოდ და მისი ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა.[1]

თემურ ჩხაიძე ლანჩხუთში, 1955 წლის 2 იანვარს დაიბადა.[2] ფეხბურთის თამაში 6–7 წლის ასაკიდან დაიწყო. მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს იმედო დუნდუამ და დანტეს ჯეჯელავამ. 12 წლის ასაკიდან ვარჯიში თბილისის საფეხბურთო სკოლაში განაგრძო. 18 წლის ასაკში უკვე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო. ამონარიდი[1] თემურ ჩხაიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

ვიკიციტატა
„...პატარა ვიყავი, 11–12 წლის ალბათ, ტარდებოდა „ტყავის ბურთის“ ჩემპიონატი. იქიდან მოყოლებული დავიწყე და დავიწყე სერიოზულად თამაში. მოხდა ისე, რომ შემდეგ გადავედი თბილისის საფეხბურთო სკოლაში. ვოვა იოსელიანი იყო მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ლანჩხუთში ნახა ჩემი რამდენიმე თამაში და სწორედ მან წამიყვანა იქ. კარგი წლები იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ჭაბუკებში, რაც ნამდვილად დიდი მიღწევა იყო. მაშინ ყველა ქვეყანას თავისი ჩემპიონატი ჰქონდა, დაახლოებით 600-მდე გუნდი იყო და პირველობა არავის დავუთმეთ. სერიოზული გუნდი გვყავდა: ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ზურაბ ნემსაძე, ჩვენი გია კილაძე, ლევან მაყაშვილი, ზურაბ გაგუა, შელია, გრიგოლაშვილი... ბევრი კიდევ უნიჭიერესი ფეხბურთელი. 1973 წელს 18 წლის ასაკში მოვხვდი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში — იგივე „იუნიორებში“. ვითამაშე რამდენიმე ტურნირი, შესარჩევი და უკვე ტაშკენტის სერიოზულ ტურნირზე გავხდი ამ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. იქ ჩემპიონები გავხდით, — ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „იუნიორები“ დავამარცხეთ.“

1972 წლიდან თემურ ჩხაიძე თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ირიცხებოდა და თავის საფეხბურთო მომავალსაც, სწორედ ამ გუნდს უკავშირებდა. იმ პერიოდში თბილისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას საბჭოთა კავშირის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტი გავრილ კაჩალინი იკავებდა, რომელიც ცნობილი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელთა მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით. იგი ყოველმხრივ ხელს უწყობდა მათ გუნდში დამკვიდრებასა და იმ ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის სირთულეების დაძლევაში, რაც ფეხბურთელთა უმრავლესობის შემთხვევაში, როგორც წესი, გარდაუვლად თან ახლავს საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპს.

1973–1975 წლებში „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.[3] ქვეყნის უპირველესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, მიღებული ტრამვისა და გარკვეულ გარემოებათა გამო კლუბში დარჩენა ვერ მოხერხდა. ამონარიდი[1] ინტერვიუდან:

ვიკიციტატა
„...ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი, მითამაშია მოსამზადებელი თამაშებიც მთავარ გუნდთან ერთად. მაგ დროს მთავარი მწვრთნელი იყო გავრილ კაჩალინი, დღემდე ემოცია მიპყრობს, როცა მახსენდება, რომ მოვიდა და მადლობა გადამიხადა. რამდენიმე ღამე არ მეძინა, სულ ამაზე ვფიქრობდი. მერე მოხდა ისე, რომ მივიღე ტრავმა, ვერა და ვერ მოვირჩინე ბოლომდე. ამას დაემთხვა ისიც, რომ გუნდში მოვიდა მიხეილ იაკუშინი, ძალიან მძიმე ხასიათის კაცი და „დინამოდან“ გამომიშვეს. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს კარგა ხანს ვერ მოვერიე, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი 19 წლის ასაკში, ძალიან ჩავიკეტე. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, რომ ჩემსავით ნუ მოიქცევიან, იბრძოლონ და გაუძლონ გამოწვევებს, ხელის ჩაქნევა გამოსავალი არასდროს არ არის. რაღაც პერიოდის შემდეგ, წამოვედი ლანჩხუთში, სადაც ბუმბერაზ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში, ტრავმაც სრულად მოვირჩინე. მოხდა ისე, რომ გია (ჯიმი) იმნაძეს მივაკითხე თბილისში, „დინამოს“ ბაზაზე. იაკუშინი უკვე წასული იყო და დანიშნული იყო ნოდარ ახალკაცი, რომელმაც დამინახა, დამიძახა და მთხოვა, უფრო სწორად მომთხოვა „დინამოში“ დაბრუნება. მეც სიხარულით დავფრინავდი, დავიწყე გუნდთან ერთად ვარჯიში, ვიყავი საუკეთესო ფორმაში, ისაა ჩემპიონატი უნდა გახურდეს, რომ დამიძახა ახლკაცმა და მითხრა: „რა ვქნა, „გურიაში“ უნდა ითამაშოო“... ყველაფერი გასაგები იყო უკვე, სად წყდებოდა ფეხბურთელების ბედი. კიდევ ერთხელ გადამასხეს ცივი წყალი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება „გურიასთან“ ერთად სიტყვა მეთქვა.“

1975–1987 წლებში თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“.[4] წლების მანძილზე იყო გუნდის კაპიტანი და სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტითა და სიყვარულით კოლეგებსა და გულშემატკივრებს შორის. ითვლება კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[5] ამონარიდი[1] ინტერვიუდან:

ვიკიციტატა
„...უდიდესი მწვრთნელების ხელში გავიარე, უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე. თითოეული დღე იყო დღესასწაული. 1976 წლის სეზონის ბოლოს გია თავაძე წავიდა „დინამო“ თბილისში, კაპიტნის სამკლაური გადმომცეს და კარიერის ბოლომდე არ მომიხსნია. მაშინ 21 წლის ვიყავი. 32 წლის ასაკში დავასრულე კარიერა. რაც იმ წლებში ლანჩხუთის სტადიონზე და საერთოდ ფეხბურთის ირგვლივ ხდებოდა, ეს იყო სიგიჟე, ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა. როცა თამაშს წავაგებდით, გარეთ არ გამოვდიოდით, იმდენად გვრცხვენოდა გულშემატკივრის.“

მისი კაპიტნობის ბოლო წელს ლანჩხუთის „გურიამ“ პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.[3] ფეხბურთის სპეციალისტებისა და სტატისტიკოსების საყოველთაო შეფასებით, ეს იყო უმაგალითო მიღწევა პატარა რაიონული ცენტრის საფეხბურთო კლუბის მხრიდან, — შემთხვევა, რომლის მსგავსი არასოდეს დაფიქსირებულა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. ლანჩხუთელთა ამ ისტორიულ მიღწევაში, თემურ ჩხაიძემ, როგორც გუნდის კაპიტანმა — კლუბის მესვეურებთან, გუნდის ხელმძღვანელობასა და დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, — უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ქართული ფეხბურთის ისტორიკოსთა და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა მოსაზრებით, ლანჩხუთის „გურიამ“ აღნიშნული წარმატებით ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი ჩაწერა. ამონარიდი[1] ინტერვიუდან:

ვიკიციტატა
„— „გურიას“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა დღემდე ითვლება საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს და ამავდროულად წარმოუდგენელ მოვლენად. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
— ლეგენდარული ბეგი სიხარულიძის, ევგრაფი შევარდნაძის, იმედო დუნდუას, მთელი ლანჩხუთის დამსახურებით. საქმე იმაშია, რომ უმაღლესში გადასვლის შანსი სეზონის მიწურულს გაგვიჩნდა. ახლა რომ ამბობს ზოგიერთი, მილიონერები იყვნენო. „ზაპოროჟიასთან“ მატჩის წინ სასტუმროს და კვების ფული არ გვქონდა, ათასი მანეთი ჩემი იქაური მეგობრისგან ვისესხე, რომ მშივრები არ ვყოფილიყავით. რაც შეეხება კონკრეტულად „ლოკომოტივთან“ გადამწყვეტ მატჩს, შეგვიქმნეს ყველა ცუდი პირობა იმისთვის, რომ ეს მატჩი ვერ მოგვეგო. „გურიაზე“ თამაშიც კი აკვიგრძალეს, ავირჩიეთ ბათუმი. მთელი ლანჩხუთი ჩამოვიდა, მთელი საქართველო. რაღაც სასწაული ხდებოდა. თამაშის დღეს იყო სასწაული წვიმა, გამორიცხული იყო, იქ ტაქტიკური ან ტექნიკური თამაშით ფონს გასვლა, გოლის გატანა. ალალად გეუბნებით, ეს არ იყო საფეხბურთო მატჩი, ეს იყო ბრძოლა, ომი და მზად ვიყავით თავი შეგვეწირა. ვიომეთ და მოვიგეთ, სტანდარტის იმედად ვიყავით, დიდება უფალს, რომ ერთ-ერთი ასეთი სტანდარტი ფრიდონაშვილის საგოლე თავურით დაგვირგვინდა. ძნელია იმ განცდების გადმოცემა, ახლაც მიჭირს საუბარი. მოგებული მატჩის შემდეგ უბრალოდ სასწაული ხდებოდა, — ლანჩხუთამდე ისე ჩამოვედით, რომ მოსახლეობა ჩირაღდნებით გვინათებდა გზას.“

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო კარიერა 1993 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ დაიწყო. მანამდე, 1988–1993 წლებში მშობლიური კლუბის გუნდის უფროსად მუშაობდა. 1994 წელს წვრთნიდა თბილისის „დინამოს“,[6] ხოლო 1996–1999 და 2000–2002 წლებში თბილისის „ლოკომოტივს“. 1999–2000 წლებში თბილისის „მერანს“, 2003–2004 წლებში კი საფეხბურთო კლუბ „მცხეთას“ ედგა სათავეში. 2005–2007 წლებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რის შემდეგაც 2007–2011 „გაგრაში“ გააგრძელა სამწვრთნელო საქმიანობა.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგისა და მეორე ლიგის გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა განეცხადებინათ საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ აღნიშნული პირველობა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გაეგრძელებინათ ასპარეზობა. საკითხის კატეგორიულად დასმამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების ორად გაყოფა გამოიწვია. ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ერთი მხრივ, ყველა ქართული კლუბის ერთიანად ჩამოცილება საკავშირო პირველობიდან და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი სათანადო პირობების მომზადების გარეშე, მათი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩქარევად გადართვა ბუნებრივად გამოიწვევდა, როგორც საკუთრივ კლუბების, ასევე, მთლიანად ქართული ფეხბურთის დონის გარდაუვალ და მკვეთრ დაცემას. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო, არასასურველი პროცესების განვითარებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მათი თვალსაზრისით, ქართული კლუბებიდან რამდენიმე მათგანს მაინც უნდა შენარჩუნებოდა საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. უმრავლესობა კი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობოდა.

სხვა ქართული კლუბების მსგავსად, კრიტიკული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა ლანჩხუთის „გურიაც“, რომელსაც 1990 წელს მეორედ უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში, რისთვისაც კლუბი ბოლო წლებში ძალების სრული დაძაბვით იბრძოდა. ბუნებრივია, რომ ხანგრძლივი შრომისა და ძალისხმევის ფასად მიღწეული შედეგის დათმობა სპორტული თვალსაზრისით კლუბისთვის მეტად მძიმე უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრისათვის მოულოდნელად, სწორედ „გურიამ“ გააკეთა ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერი განცხადება.

1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, თემურ ჩხაიძემ თანამოაზრეებთან ერთად ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა.[7] ამონარიდი[5] ინტერვიუდან:

ვიკიციტატა
„— ლანჩხუთის „გურიამ“, 1990 წელს, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი სიტყვა თქვა. თქვენ მაშინ გუნდში თამაშობდით?
— მაშინ აღარ ვთამაშობდი, გუნდის უფროსი ვიყავი და 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დაფუძნებაში მივიღე მონაწილეობა. საკმაოდ დიდი ხნის ამბავზე ვლაპარაკობთ და იმ სიტუაციას გავიხსენებ. 1989 წელს, საკავშირო პირველ ლიგაში, მოსკოველ არმიელებთან ერთად, ჩვენც მოვიპოვეთ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება. თითქოს, ყველაზე მეტად, „გურია“ უნდა ჩაბღაუჭებოდა საკავშირო პირველობას, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, სწორედ „გურიამ“ გააკეთა ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერი განცხადება. მაშინდელი „გურიას“ შემადგენლობის წამყვანმა ფეხბურთელებმა: დავით უგრელიძემ, მერაბ თევზაძემ, გოჩა ტყებუჩავამ, ბესიკ ფრიდონაშვილმა, მამუკა აბუსერიძემ, ნუგზარ მიქაბერიძემ, მერაბ კაციტაძემ, ლევან ბარათაშვილმა, ზაზა ბაკურაძემ, თემურ კაბისაშვილმა და დავით ცომაიამ განაცხადეს, რომ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების იდეას უჭერდნენ მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთის თამაშს ანებებდნენ თავს. აღსანიშნავია, რომ „გურიას“ წინა თაობის ფეხბურთელები, გია გილიგაშვილი და მურმან აკოფიანი, ჩემთან ერთად ჭადრაკის სასახლეში იბრძოდნენ ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობისათვის.“

თემურ ჩხაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.[5] პარლამენტში საქმიანობისას თემურ ჩხაიძე იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის,[8] საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა[9] და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.[10]

  • აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 87 : ცნობარი, საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 47–48, 95–105. 167 გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ნანობს თუ არა ლეგენდარული ლანჩხუთელი ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე თბილისის „დინამოში“ ვერშემდგარ კარიერას და რა ახსენდება ყველაზე კარგად?. 1 ივნისი, 2020. წყარო: თორნიკე ჯიჯიეშვილი. გაზეთი „ჰო და არა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-09. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
  2. თემურ ჩხაიძე. 17 მაისი, 2015. წყარო: საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურია. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
  3. 3.0 3.1 Лишь несколько игроков доиграли в Гурии до того момента как команда вышла в высшую лигу. Среди таких игроков Теймураз Чхаидзе.. წყარო: zen.yandex.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-09. ციტატა: „Теймураз Чхаидзе — Уроженец Ланчхути, в 19 лет оказался в тбилисском Динамо. Однако за два сезона так и не смог пробиться в основу, из-за чего отправился в Гурию набираться опыта. Проведя два сезона в родном Ланчхути. вернулся в 1976 году в главную команду республики, но вновь безуспешно — в высшей лиге так и не удалось дебютировать. В 1977 Теймураз вновь вернулся в Гурию, на сей раз надолго. 11 сезонов отыграл Чхаидзе за команду, последним был сезон-87 — год дебюта Гурии в высшей лиге. На тот момент футболисту было уже 32 года, но своей цели он добился, отыграв год в сильнейшей лиге Союза игрок закончил карьеру. В 1993-1994 он вернулся в гурию уже в качестве главного тренера.“ ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.
  4. თემურ ჩხაიძისა და გიგლა იმნაძის გაცილება. 18 იანვარი, 2014. წყარო: Guruli1000. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 თემურ ჩხაიძე: „მთავარია პროფესიონალიზმი და ნება“. 11 ოქტომბერი, 2012. წყარო: worldsport.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-09. ციტატა: „საქართველოს ახალ პარლამენტში, ლანჩხუთის რაიონს მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე წარმოადგენს. შესაძლოა, მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რომ ბატონი თემური, ლანჩხუთის „გურიას“ ვეტერანი ფეხბურთელი, წლების მანძილზე გუნდის კაპიტანი და მოსახლეობის გამოკითხვით, გურიის რეგიონის საუკეთესო ფეხბურთელია.“ ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
  6. თემურ ჩხაიძე. დინამოშია: 1994. პოზიცია: მთავარი მწვრთნელი. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-09. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.
  7. თემურ ჩხაიძე: „მთავარია პროფესიონალიზმი და ნება“. 11 ოქტომბერი, 2012. წყარო: worldsport.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-09. ციტატა: „მაშინ აღარ ვთამაშობდი, გუნდის უფროსი ვიყავი და 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დაფუძნებაში მივიღე მონაწილეობა.“ ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
  8. წევრობის პერიოდი: 03-09-2013/18-11-2016
  9. წევრობის პერიოდი: 03-09-2013/18-09-2013
  10. წევრობის პერიოდი: 22-10-2012/18-11-2016