გორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „გორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გორი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
გორი
Gori, Georgia (panorama).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
კოორდინატები 41°58′37″ ჩ. გ. 44°06′09″ ა. გ. / 41.97694° ჩ. გ. 44.10250° ა. გ. / 41.97694; 44.10250
მერი ზურაბ ჯირკველიშვილი
პირველი ხსენება VII საუკუნე
ქალაქი 1950  წლიდან
ფართობი 16,85 კმ²
მეტრი 588
მოსახლეობა Decrease2.svg 48 143 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 2 857 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 370[1]
საფოსტო ინდექსი 1400[2]
ოფიციალური საიტი http://www.gori.gov.ge/
გორი (საქართველო)
Red pog.svg

გორი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ.

გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,6 °C, იანვარი -1 °C, აგვისტო 21,4 °C. ნალექები 600 მმ წელიწადში; მაქსიმალური მოდის მაისში (76 მმ), მინიმალური — თეფერვალში (34 მმ).[3]

წლიური ამინდი — გორი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 3.4 (38) 5.1 (41) 9.7 (49) 16.3 (61) 21.6 (71) 25.0 (77) 27.5 (82) 27.6 (82) 23.3 (74) 17.6 (64) 10.5 (51) 5.4 (42) 16.1 (61)
საშუალო დღიური °C (°F) -1.0 (30) 0.4 (33) 4.6 (40) 10.2 (50) 15.3 (60) 18.8 (66) 21.4 (71) 21.4 (71) 17.1 (63) 11.8 (53) 5.8 (42) 1.1 (34) 10.6 (51)
საშუალო დაბალი °C (°F) -5.4 (22) -4.2 (24) -0.5 (31) 4.1 (39) 9.1 (48) 12.6 (55) 15.4 (60) 15.3 (60) 11.0 (52) 6.0 (43) 1.1 (34) -3.1 (26) 5.1 (41)
ნალექი მმ (დუიმი) 36 (1.4) 34 (1.3) 36 (1.4) 53 (2.1) 76 (3) 72 (2.8) 54 (2.1) 49 (1.9) 44 (1.7) 55 (2.2) 52 (2) 42 (1.7) 603 (23.7)
წყარო: Climate: Gori. წაკითხვის თარიღი: 16 აპრილი, 2016.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორისციხე 1642 წელს, იტალიელი მისიონერის კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატი.

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამარხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.

ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. XIV საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1477 წელს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი მოულოდნელად თავს დაესხა გორს, უბრძოლველად აიღო, მაგრამ მალე დატოვა იგი. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს სპარსეთის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. XVIII საუკუნის 40-იან წლებში გორი უცხოელ დამპყრობელთაგან განთავისუფლდა.

გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII—XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII—XIX სს.), გიორგი (1744—1837), დავითი (XVIII—XIX სს.) და სხვა.

რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 2014 წელს მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.[4]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორი საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. გორის სიახლოვეს გადის საქართველოს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტომაგისტრალი: ს1, (რომელსაც თბილისიდან სენაკამდე ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60) და ს10. გარდა ამისა გორში არის რკინიგზის სადგური, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ავტოსადგური, საიდანაც შიდა ქართლის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, დედაქალაქ თბილისში და სეზონურად აჭარის კურორტებზე შეიძლება მოხვედრა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის დინამიკის დიაგრამა

გორის მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა: 1865 წელი — 5,1 ათასი, 1897 წელი — 10,5 ათასი, 1914 წელი — 25,7 ათასი, 1977 წელი — 54,1 ათასი, 1988 წელი — 61,2 ათასი. ამჟამად მოსახლეობა 48,1 ათასს შეადგენს (2014 წ.).

წელი 1865 1897 1914 1977 1989 2002 2005 2014
მოსახლეობა 5 100 10 500 25 700 54 100 68 924 49 522 46 680 48 143

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
ზვიად ავალიანის ფოტო

გორის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა შუაგულ ქალაქში მაღალ კლდოვან ბორცვზე აღმართული გორის ციხე, XIX საუკუნის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, დრამატული თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ი. სტალინის სახლ-მუზეუმი. გორის შემოგარენში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვარი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე და VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი.

2010 წლამდე, გორის ცენტრალურ მოედანზე 9 მეტრიან კვარცხლბეკზე 6 მეტრი სიმაღლის სტალინის ძეგლი იდგა, რომელიც გორის მცხოვრებლებმა (უფრო სწორედ ადგილობრივმა მმართველობამ) 1952 წელს, სტალინის სიცოცხლეშივე, აღმართა. 2010 წლის 25 ივნისს, დილის 2 საათზე, ხელისუფლებამ ძეგლი მოახსნევინა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. ძეგლი სტალინის მუზეუმში გადაიტანეს.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ქვეყანა წელი
1 ლუცკი უკრაინის დროშა უკრაინა
2 ინის ბრაუნაუ ავსტრიის დროშა ავსტრია

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ., გორის ისტორია, თბ., 1954;
  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965;
  • კაკაბაძე ვ., გვასალია ჯ., გაგოშიძე ი., მენაბდე ლ., ზაქარაია პ., ქსე, ტ. 3, გვ. 226, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გორი&oldid=3090617“-დან