გორის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გორის მუნიციპალიტეტი
SK-Gori-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Gori Municipality.svg Gori COA.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი გორი
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 44°06′00″ ა. გ. / 41.966694° ჩ. გ. 44.100000° ა. გ. / 41.966694; 44.100000
საკრებულოს
თავმჯდომარე
დავით რაზმაძე
ფართობი 2,320 კმ²
ცენტრის სიმაღლე 588 მეტრი
მოსახლეობა Decrease2.svg 77 549 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 33,33 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 96,9 %
ოსები 1,5 %
სომხები 0,6 %
აზერბაიჯანელები 0,6 %
რუსები 0,2 %[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (+995) 370
საფოსტო ინდექსი 1400–1499
ოფიციალური საიტი https://www.gori.gov.ge/

გორის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „გორის მუნიციპალიტეტი“[2] (ს/ნ. 218086087) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 15 დეკემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.

გორის თვითმმართველი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. შიდა ქართლის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ფართობიც 2327 კმ²-ია, რეგიონის ტერიტორიის 53 % უკავია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 1991-2006 წლებში მას ჰქონდა მიერთებული ყოფილი ცხინვალის რაიონი[3].2006 წლიდან ძველ საზღვრებში ეწოდა გორის მუნიციპალიტეტი. 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი გორი.[4]

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. გორის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია (ცხინვალის რეგიონი), აღმოსავლეთით — კასპის, დასავლეთით — ქარელის, სამხრეთით კი ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტში შედის 1 საქალაქო (გორი), 22 სასოფლო თემი (ატენი, ახალუბანი, ბერბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი, კარალეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, მღებრიანი, ნიქოზი, საყავრე, სკრა, ტინისხიდი, ტირძნისი, ტყვიავი, ქვახვრელი, შავშვები, შინდისი, ძევერა, ხიდისთავი) და 143 სოფელი.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტში 23 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:

  1. ქალაქი გორის ადმინისტრაციული ერთეულები: დევნილთა ჩასახლება, ვერხვების დასახლება, კვერნაქის დასახლება, კომბინატის დასახლების 1-ლი უბანი, კომბინატის დასახლების მე-2 უბანი, სადგური-ელექტროფიკაციის დასახლება, ცენტრალური დასახლების მე-2 უბანი, წმინდაწყლის (ვოლოგდის) მე-2 უბანი, წმინდაწყლის 1-ლი უბანი, ჭალა-წყაროსუბნის დასახლება, ცენტრალური დასახლების 1-ლი უბანი;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ბერბუკი — ბერბუკი, თორტიზა, რეხა, სვენეთი, ხელთუბანი;
  3. ადმინისტრაციული ერთეული კარალეთი — დიდი გარეჯვარი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება;
  4. ადმინისტრაციული ერთეული შავშვები — ნადარბაზევი, ნაწრეტი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი, ხურვალეთი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული მეჯვრისხევი — ზერტი, კვარხეთი, მეჯვრისხევი, ფაბრიკის დასახლება;
  6. ადმინისტრაციული ერთეული მერეთი — გუგუტიაანთ კარი, ზარდიაანთ კარი, კარბი, კოშკა, მერეთი, ქერე;
  7. ადმინისტრაციული ერთეული სკრა — ახალხიზა, დიდი გორიჯვარი, კოშკები, პატარა გორიჯვარი, რიეთი, სკრა;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ტირძნისი — ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი, ტირძნისი;
  9. ადმინისტრაციული ერთეული დიცი — არბო, დიცი, ქორდი;
  10. ადმინისტრაციული ერთეული ტინისხიდი — თედოწმინდა, ორთაშენი, ტინისხიდი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ვარიანი — არაშენდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ქვახვრელი — ველები, უფლისციხე, ქვახვრელი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული შინდისი — ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული, შინდისი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული ძევერა — სათემო, ქიწნისი, შერთული, ძევერა;
  15. ადმინისტრაციული ერთეული ზეღდულეთი — ახალშენი, ბერშუეთი, ზემო სობისი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალ, ქვემო სობისი;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ახალუბანი — აძვი, ახალუბანი, ახრისი, მუმლაანთ კარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიაანთკარი, ჯარიაშენი;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ატენი — ატენი, ბნავისი, ზემო ქსოვრისი, იკვნევი, ოლოზი, ღვარები, წედისი, ხანდისი;
  18. ადმინისტრაციული ერთეული ნიქოზი — ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი;
  19. ადმინისტრაციული ერთეული მღებრიანი — ბორცვანა, დიდი წერეთი, დიდი ჭვარები, მღებრიანი, ოქიანი, პატარა წერეთი, პატარა ჭვარები, პიტნარა, სახორცე, ტამი, ჭანჭახა;
  20. ადმინისტრაციული ერთეული ბოშური — ბიისი, ბობნევი, გაგლოაანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრევი, ქვემო ბოშური, ყველაანთ უბანი;
  21. ადმინისტრაციული ერთეული საყავრე — გულხანდისი, დიდთავი, ზემო ახალ, ლული, ნადარბაზი, საყავრე, ფელი, ფიცესი, წითელი წყარო;
  22. ადმინისტრაციული ერთეული ტყვიავი — მარანა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი;
  23. ადმინისტრაციული ერთეული ხიდისთავი — ხიდისთავი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები[5] 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მოსახლეობა Increase2.svg 149,759 Increase2.svg 151,4 Decrease2.svg 135,456 Decrease2.svg 125,692 Decrease2.svg 124,7 Decrease2.svg 123,8 Decrease2.svg 123,3

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი (გორის ვაკე და შუა მტკვრის ხეობის ძირი) აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, კენჭნარით, ქვიშნარითა და თიხნარით, სამხრეთის ნაწილი — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა — უმთავრესად პალეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით, თიხებით, კირქვებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით და ცარცული ასაკის ნალექებით: კირქვებით, მერგელებით, თიხებით, ავგიტიანი პორფირიტებით და მათი ტუფებით, ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და სხვ. კვერნაქის ქედი, აგრეთვე თრიალეთის ქედის მთისწინეთის ნაწილი აგებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებითა და მერგელებით. მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ოთხი მთავარი მორფოლოგიური ერთეული: 1. გორის ვაკე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლ. 39,7 % უჭირავს. მისი საშუალო სიმაღლეა 745 მ, დახრილია სამხრით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიკრორელიეფის მთავარი ელემენტებია ეროზიული ხეობები და მეოთხეული ტერასები, რომლებიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული მდ. ლიახვის გასწვრივ; 2. შუა მტკვრის ხეობა, რომლის ძირზე გაშლილია ვრცელი ტერასული ვაკეები. აქ აკუმულაციურ ფორმებთან ერთად გვხვდება რელიეფის დენუდაციური და მეწყრული ფორმები; 3. კვერნაქის ქედი. იგი ვაკის ზედაპირიდან 100-120 მ-ზეა, ხოლო მტკვრის ხეობის ძირიდან თითქმის 170-200 მ-მდე მაღლდება, უმაღლესი წერტილის აბსოლუტური სიმაღლე 879 მ აღწევს; 4. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული შტოქედებითა და მათ შორის ღრმად ჩაჭრილი ეროზიული (ნაწილობრივ ტექტონიკური) ხეობებით. შტოქედები ზოგან მტკვრის ნაპირს ებჯინება და ციცაბოდ ეშვება ხეობაში. თრიალეთის ჩრდ. კალთისათვის ნიშანდობლივია საფეხურებად განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის ვაკეზე და შუა მტკვრის ხეობაში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, საშუალმთიან ზონაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში. თრიალეთის ქედის თხემურ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების მინიმუმით ზამთარში. ვაკე ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10-10,9 °C, მთიან ზონაში 7,7 °C ფარგლებში მერყეობს. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე — 1,2 -1,7 °C, ხოლო მთიან ზონაში — 3,2 °C-მდე ეცემა, უფრო დაბალი ტემპერატურაა საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ვაკეზე აგვისტოს საშუალო ტემპემპერატურაა 22,5 °C, დაბალმთიან ზონაში 18,6 °C. ვაკეზე აბსოლუტური მაქსიმუმი 38-40 °C აღწევს, მთიან ზონაში 36 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 31 °C-მდეა, ვაკეზე ნალექები 585 მმ წელიწადში, დაბალმთიან ზონაში — 608 მმ. შედარებით მეტი ნალექი მოდის საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ნალექების მინიმუმი მოდის აგვისტოში (გორი 34 მმ), მაქსიმუმი — მაისში (სოფ. ორმოცი 84 მმ). გორის მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ჭარბობს დასავლეთის ქარი. მთიან სამხრეთ ნაწილში იცის მთა-ხეობათა ქარები.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე მტკვარი, რომელსაც აქ ერთვის მდინარე ლიახეი (მარცხ.) და ტანა (მარჯვ.). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: პატარა ლიახვი, მეჯუდა (ლიახვის მარცხენა შენაკადები) და თეძამი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი). ლიახვსა და მისი სისტემის მდინარეებს სათავე კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აქვთ, ხოლო ტანასა და თეძამს — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით, ლიახვი საზრდოობს აგრეთვე მყინვარული წყლით. მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. გორის მუნიციპალიტეტის მდინარეები გამოყენებულია სარწვავად და ენერგეტიკის მიზნით. გაყვანილია სარწვავი სისტემები: ტირიფონის. დოეს-გრაკალის, სკრა-ქარელის, სალთვისისა და სხვა არხები. ტირიფონის სარწყავ არხზე აგებულია ტირიფონჰესი.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაკეზე გავრცელებულია ალუვიური (ძველი ალუვიური), მდელოს კარბონატული და ალუვიური ყავისფერი კარბონატული, ნიადაგები. თრიალეთის ქედის კალთაზე (ქვემოთ), მთისწინეთში და კვერნაქის ქედზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია. საშუალმთიან ზონაში განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. აქა-იქ (კეერნაქზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე) გვხვდება სხეადასხვა ტიპის მცირე სისქის სუსტად განვითარებული ნიადაგები, რომლებიც ზოგან ძლიერადაა ჩამორეცხილი. ალუვიური ნიადაგები, ასევვ ტყის ყავისფერი ნიადაგები მაღალნაყოფიერია და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის (ბაღები, ვენახები, მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული).

მცენარეული საფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტის მცენარეულობა მრავალფეროვანია. ვაკეზე ძირითადად კულტურული მცენარეულობაა, მაგრამ შერჩენილია ბუნებრივი მცენარეულობაც. მდინარეთა გასწერივ გვხვდება ჭალის ტყეები. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობაა: მთისწინეთსა და კალთების ქვემო ნაწილში განვითარებულია მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანები, უფრო ზემოთ — მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ტყის ზოლის ზემო ნაწილში წიფლნარი ცვლის. არის წიწვიანებიც (ფიჭვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). თრიალეთის ქედის თხემურ ნაწილში სუბალპური მდელოებია. მთისწინეთში, კვერნაქის ქედზე და ვაკეზე ფართოდაა გაერცელებული ჯაგეკლიანი მუხქნარი და ველის ბალახმცენარეულობა.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება გარეული ღორი, შველი, ირემი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა, მგელი, ტურა, მელა, მურა დათვი, ტყის კატა, ფოცხვერი, ფართოდ არიან გავრცელებული ციყვი, თაგვისებრი მღრღნელები, კურდღელი, ზღარბი, თხუნელა და სხვა; ფრინველებიდან აღსანიშნავია როჭო, გნოლი, კაკაბი, მიმინო, ქორი, შევარდენი, სვავი, ყორანი, ბეღურა, მწვერჩიტა და სხვა; ქვეწარმავლებიდან — კუ, ნაირგვარი ხვლიკები და გველები; ამფიბიებიდან — ბაყაყი, გომბეშო, ვასაკა, ტრიტონი, თევზებიდან — ციმორი, მურწა, წვერა, ხრამული, ტობი და სხვა.

ძირითადი ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტში განვითარებულია ოთხი სახის ლანდშაფტი: 1. ზომიერად მშრალი ჰავის სუბტროპიკული ვაკეების ჯაგეკლიანი სტეპი ალუვიურ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე, 2. ზომიერად მშრალი ჰავიანი ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთის ბუჩქოვან-სტეპიანი და მეჩხერტყიანი ლანდშაფტი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე, 3. ზომიერ ნოტიო ჰაერანი შერეულფოთლოვანი და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის ლანდშაფტი ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. ბუჩქოვან-მდელოიანი სუბალპები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში რამდენიმე სამრეწველო დაწესებულება ფუნქციონირებდა: ღვინის ქარხანა, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი, ყველ-კარაქის ქარხანა და სხვა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, მოჰყავთ ასევე მარცვლეული კულტურები და ყურძენი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, ევროპის ავტომაგისტრალი E60 და სხვა საავტომობილო გზები.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.

დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატენის სიონის ტაძარი (VII ს.) და კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი უფლისციხე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — გორის მუნიციპალიტეტი
  3. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  5. Georgia division